Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩეჩნეთში


ჩეჩნეთს ზოგჯერ ევროპის ყველაზე “შავ-ბნელ კუთხედ” მოიხსენიებენ - გაუთავებელი ძალადობის, ჰუმანიტარული კრიზისის, ჟურნალისტების მუშაობის უკიდურესი შეზღუდვის გამო.

მაგრამ სამშაბათს ჩეჩნეთის დედაქალაქში - გროზნოში - საზეიმო ვითარება სუფევდა: გაიმართა რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია.

ახალი პრეზიდენტია ალუ ალხანოვი, ყოფილი მილიციელი და შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში 29 აგვისტოს გაიმარჯვა.

გამარჯვებულს ულოცავენ ხოლმე, მაგრამ ამ გამარჯვებულს, ძნელი წარმოსადგენია, საქმე მისალოცად ჰქონდეს. ჩეჩნეთის წინა ოთხი პრეზიდენტიდან სამს - ბუნებრივი სიკვდილი არ დასცალდა, მათ შორის არც ბოლო პრეზიდენტს ახმად კადიროვს, რომელიც (მსმენელს ალბათ ახსოვს) წელს, 9 მაისს ააფეთქეს. ახმად კადიროვი მოსკოვის ფავორიტი იყო, მისი დაუფარავი მხარდაჭერით სარგებლობდა და იგივე ითქმის ახალ პრეზიდენტზე - ალუ ალხანოვზე. ამდენად, რა გასაკვირია, რომ გროზნოში ფრთხილობენ. ეს კი ინაუგურაციის დღეს უშიშროების მკაცრი ზომებით გამოიხატა: ცერემონიის ადგილმდებარეობა და დრო ბოლო მომენტამდე გასაიდუმლოებული იყო, უსაფრთხოებაზე ზრუნავდა ასობით პოლიციელი და ჯარისკაცი.

აი, ასეთ პირობებში გაიმართა 47 წლის ალუ ალხანოვის ინაუგურაცია. პრეზიდენტის ფიცი მან ორ ენაზე - რუსულად და ჩეჩნურად დადო, პირობა მისცა თანამემამულეებს, რომ მისი გუნდის ყოველი ნაბიჯი მიმართული იქნება ჩეჩენი ხალხის კონსოლიდაციისაკენ, საუკეთესო ტრადიციებისა და ეკონომიკის აღორძინებისაკენ. [ალხანოვის ხმა]

მაგრამ შეძლებს ალხანოვი ჩეჩნების კონსოლიდაციას და ეკონომიკის აღორძინებას?

მეამბოხეები მისი მოკვლით იმუქრებიან. რაც შეეხება მოსახლეობას, რიგით ჩეჩნებს - რა ავტორიტეტი აქვს მათში ალხანოვს? ამ შეკითხვით მივმართეთ ჩვენი რადიოს ჩრდილოკავკასიური სამსახურის თანამშრომელს, რუსლან შამაიევს.

[შამაიევის ხმა] “შესაძლოა, კონკრეტულად ალხანოვის წინააღმდეგ ხალხს განსაკუთრებული პრეტენზიები არ ჰქონდეს, იმდენად რამდენადაც ყველაფერი, ჩეჩნეთში რაც ხდება, რუსეთიდან, კრემლიდან მომდინარეობს. მეორე მხრივ, ჩეჩნეთში იყო და არის ნეგატიური მოვლენები - ხალხის გატაცება, მკვლელობები, სროლები. ალხანოვის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ამ მხრივ უკეთესობისაკენ არაფერი შეცვლილა, მაგრამ ალხანოვი მაინც პრეზიდენტად აირჩიეს. ხალხი მაინც სხვა რამითაა შეშფოთებული - შეშფოთებულია, რა მეთოდებით ჩააყენეს ახლანოვი რესპუბლიკის სათავეში. ეს იყო არჩევნების აშკარა ფალსიფიკაცია, ხალხის აზრის აშკარა უგულებელყოფა. მაგრამ არის რაღაც იმედი, რომ ალხანოვი რაღაცას გააკეთებს - მაინც ახალგაზრდა კაცია, სულ უამბიციო ხომ არ იქნება? ხომ ხედავს თავისი ხალხის ტანჯვას? რამენაირი გავლენა უნდა მოახდინოს ამ სიტუაციაზე. “

[მარიამ ჭიაურელის შეკითხვა]: “მაინც ვინ არის ალხანოვი - მოსკოვის მარიონეტი, თუ არ უნდა გამოვრიცხოთ არც მისი დამოუკიდებელი ნაბიჯები? მას, მაგალითად, ნათქვამი აქვს, რომ მზადაა, ნებისმიერ ძალასთან გამართოს მოლაპარაკება, თუ ამას ჩეჩნეთში მშვიდობა მოჰყვება. არადა ვიცით, რომ მოსკოვი კატეგორიულ უარს ამბობს მეამბოხეებთან მოლაპარაკებაზე...”

[შამაიევის ხმა]: “კი, ალხანოვმა თქვა ასეთ რამ. მაგრამ დაამატა, რომ საამისოდ საჭიროა, ასლან მასხადოვმა უარი თქვას თავის არჩევანზე... ანუ ლაპარაკია მიუღებელ მოთხოვნაზე. რაც შეეხება მხარდაჭერას რუსეთის მხრივ - ეს მხარდაჭერა აშკარაა. აბა, ვინ აირჩევდა ალხანოვს, რომ არა მოსკოვი? რასაკვირველია, ის მოსკოვის კაცია... ისიც უნდა ითქვას, რომ ალხანოვი დიდი ხანია, ებრძვის ყველას, ვინ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას ემხრობა. იყო პოლიციელი, ებრძოდა მასხადოვის, დუდაევის მომხრეებს”...

ალუ ალხანოვისადმი მოსკოვის მხარდაჭერა ინაუგურაციის დღესაც დადასტურდა - ჩეჩნეთის ახალ პრეზიდენტს მილოცვა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაუგზავნა.
XS
SM
MD
LG