Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი მზად არის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დასაწყებად


ოთხშაბათს ბრიუსელში მიიღეს გადაწყვეტილება, რომელსაც მოუთმენლად მოელოდნენ საქართველოს მეზობლად, თურქეთში: ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ თურქეთს მზად მიიჩნევს

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დასაწყებად. მართალია, მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანების არანაირ გარანტიას არ იძლევა და თვით მოლაპარაკების დასაწყებადაც კი ყველა პირობა არ არის შესრულებული (იგულისხმებმა ევროკავშირის ლიდერების თანხმობა), მაგრამ დღევანდელ გადაწყვეტილებას მაინც მიიჩნევენ თურქეთის საგულისხმო პოლიტიკურ გამარჯვებად.

ევროკომისიამ გადაწყვეტილება, როგორც ბრიუსელიდან ჩვენი კორესპონდენტი აჰტო ლობიაკასი იუწყება, ცხარე დებატების შემდეგ მიიღო. ცხარე დებატებზე მოგვიანებით, რაც შეეხება გადაწყვეტილებას - ის ევროკომისიის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ აუწყა ევროპარლამენტს: [რომანო პროდის ხმა] “პასუხი, რომელსაც დღეს კომისია იძლევა, დადებითია. დადებითი პასუხი ითვალისწინებს თურქეთის მიერ პოლიტიკური მოთხოვნების შესრულებას და ნიშნავს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას. მაგრამ ეს დადებითი პასუხი დაკავშირებულია პირობებთან - ლაპარაკია რეკომენდაციების სერიაზე, თურქეთში ვითარების გასაკონტროლებლად და შესამოწმებლად.”

პროდი და ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, გიუნტერ ფერჰოიგენი ირწმუნებიან, რომ თურქეთის შესახებ ანგარიში, რომელიც მათ 6 ოქტომბერს წარმოადგინეს, სამართლიანად და ზუსტად ასახავს პოლიტიკურ სიტუაციას ამ ქვეყანაში. ისევ პროდის მოვუსმინოთ: [რომანო პროდის ხმა] “ანგარიშის შესადგენად შესწავლილია წამების, ქალთა უფლებების, პროფკავშირის უფლებების, რელიგიური თავისუფლების, სამოქალაქო და სამხედრო სექტორებს შორის ურთიერთობის საკითხები. ამ სფეროებში თურქეთმა ბევრს მიაღწია, მაგრამ გასაკეთებელიც ბევრი რჩება. ანგარიში ასახავს ჩვენს პოზიტიურ და იმავდროულად ფრთხილ დამოკიდებულებას”.

17 დეკემბერს ევროკავშირის სამიტზე გამოჩნდება, იზიარებენ თუ არა ამ დამოკიდებულებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ემხრობიან თუ არა ისინიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე თურქეთთან მოლაპარაკების დაწყებას. მაგრამ მათი მხარდაჭერა ფორმალობად არის მიჩნეული. მთავარი პოლიტიკური დისკუსია, ცხარე დებატები, წეღან რომ ვახსენეთ, ევროკომისიაში გაიმართა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, თურქეთის მიღებისადმი სკეპტიკურად განწყობილმა ზოგმა კომისარმა ისიც კი თქვა, “ევროკავშირში თურქეთის მიღება, ამ, ჩვენთვის ცნობილი სახით ევროკავშირის დასასრულს ნიშნავსო”..

ასეა თუ ისე, მოლაპარაკება თურქეთის ევროკავშირში მიღებაზე წარმატებითაც რომ დაგვირგვინდეს, ეს 2015 წლამდე არ მოხდება. მანამდე კი ევროკომისია თვალს ადევნებს თურქეთში რეფორმების პროცესს და დემოკრატიზაციის გზიდან თურქეთის გადახვევის შემთხვევაში, მაშინვე შეწყვეტს გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებას.

თუმცა, ეს ყველაფერი მომავალს ეხება. დღეს კი ვიცით, რომ ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირთან თურქეთის დაახლოებას ნიშნავს.

რას ნიშნავს ეს დაახლოება საქართველოსთვის, რომელიც, ცნობილია, რომ ასევე მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ... ამ შეკითხვით მივმართეთ პოლიტოლოგს, დამოუკიდებელ ექსპერტს არჩილ გეგეშიძეს... [არჩილ გეგეშიძის ხმა: იხ. აუდიო ვერსია]
XS
SM
MD
LG