Accessibility links

logo-print

“ბანდიტები” თბილისში


4 ოქტომბერს კინოთეატრ “რუსთაველში” გაიხსნა თბილისის მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის პროგრამის შესახებ ამას წინათ უკვე გიამბეთ.

დღეს შემოგთავაზებთ ინტერვიუს გერმანიაში მოღვაწე ჩვენს თანამემამულესთან, ზაზა რუსაძესთან. ზაზას ფილმის, “ბანდიტების”, “ქართული პრემიერა” 6 სექტემბერს გაიმართება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში.

“ბანდიტების” შესახებ რადიო “თავისუფლებამ” ზაზა რუსაძის ფილმის საერთაშორისო პრემიერამდე გიამბოთ. გაგახსენებთ, რომ “ბანდიტები” პირველად ზაფხულის დასაწყისში ტელეკომპანია “არტეს” ეთერში უჩვენეს. თუმცა ბერლინში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველ კინორეჟისორს ყველაზე სერიოზული გამოცდის ჩაბარება, ალბათ, თბილისში მოუწევს... და არა იმიტომ, რომ ქართველი მაყურებელი განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა... უბრალოდ, თემა, რომელიც ზაზამ თავისი დოკუმენტური ფილმისთვის აირჩია, საქართველოში თითქმის ყველა თაობას ერთნაირად აღელვებს – ესაა ეგრეთ წოდებული “თვითმფრინავის საქმე”, რომელსაც სპექტაკლიც მიუძღვნეს უკვე, წიგნებიც, ლექსებიც... თუმცა ზაზა რუსაძესთან საუბარში დავრწმუნდით, რომ ახალგაზრდა კინორეჟისორი მაინცდამაინც არაა კმაყოფილი ამ თემაზე შექმნილი მხატვრული ნაწარმოებებით:

[ზაზა რუსაძის ხმა] “ვღელავ, იმიტომ რომ თემა სერიოზულია... ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ ყოველთვის, როცა ამ თემას ეხებიან, ხდება სპეკულაცია და მითოლოგიზაცია ამ თემის...”

ზაზა რუსაძის თქმით, თბილისის მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამისთვის სპეციალურად შეიქმნა “ბანდიტების” ქართული ვარიანტი, რომელიც, არსებითად, ჯერ კიდევ შარშან იყო მზად და თავისუფლად შეიძლებოდა სურათის ჩვენება თბილისის მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალზე, საპარლამენტო არჩევნების წინ, ე.ი. ნოემბრის რევოლუციამდე ერთი თვით ადრე:

[ზაზა რუსაძის ხმა] “მე ვიყავი წინააღმდეგი ფილმის ჩვენების ამ არეულობის, რევოლუციის დროს, იმიტომ რომ მაშინ იქნებოდა ეს ფილმი შევარდნაძეზე... მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის იმპულსი ამ ფილმის გადაღების – პირველ რიგში, მაინტერესებდა ეს თემა.”

ჩვენთან საუბარში ზაზა რუსაძე შედარებით “უხერხული” კითხვებისთვისაც მზად აღმოჩნდა – შეუთანხმდა თუ არა ფილმის რეჟისორი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ისტორიის მსხვერპლთა ნათესავებს, “თვითმფრინავის ბიჭებად” ცნობილი ახალგაზრდების მშობლებს?

[ზაზა რუსაძის ხმა] “ნათესავებს რაც შეეხება – ნათელა მაჭავარიანს, გეგას დედას, ნანახი აქვს ეს ფილმი... ნუ, მოსწონს? ყოველ შემთხვევაში, მეთანხმება, რომ ეს ის ფორმაა, რომლითაც შეიძლება საუბარი ამ თემაზე, რომელიც გამორიცხავს ამ სპეკულაციებს. – სხვა ნათესავებს რაც შეეხება, რასაკვირველია, შეიძლება იყოს გაღიზიანება, რადგან აქცენტი არ გამიკეთებია ყველა გამტაცებელზე, – რადგან ეს არის ფილმის ფორმა, ფილმს სჭირდება დრამატურგია, ამიტომაც აქცენტი გაკეთდა მთლიანად გეგა კობახიძისა და თინა ფეტვიაშვილის ქორწილზე, რომელიც ირღვევა ამ გატაცების ფაქტით.”

ზაზა რუსაძეს ჩვენ ფესტივალის გახსნამდე, ბათუმში მივლინების დროს შევხვდით. რადიო “თავისუფლება” აჭარის დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებას ეცნობოდა, ზაზა გერმანიიდან თბილისში მოემართებოდა. თუმცა, როგორც თავად გვითხრა, “ბანდიტებზე” მუშაობის დროს მას ბათუმშიც მოუხდა მასალის შეგროვება:

[ზაზა რუსაძის ხმა] “ეს იყო თბილისი-ბათუმის რეისი, ამიტომ მე ბათუმში ვიპოვე მგზავრები, რომლებიც ამ რეისით მიფრინავდნენ... ზოგი ზემო აჭარაში ცხოვრობს. მათაც ექნებათ საშუალება გამოთქვან თავიანთი აზრი... ჩვენ დაგვავიწყდა ყველას, რომ ამაზეც უნდა იყოს საუბარი, რომ თვითმფრინავში ისხდნენ ადამიანები, რომელთაც სიკვდილისთვის თვალებში უნდა შეეხედათ.”

საუბრის დასასრულს ზაზას ფილმის სათაურის შესახებ ვკითხეთ... რატომ “ბანდიტები”?... ირონიაა ეს (გაგახსენებთ, რომ საბჭოთა მართლმსაჯულებამ სწორედ “ბანდიტებად” მონათლა “თვითმფრინავის ბიჭები”) თუ მეტაფორა, მხატვრული სახე?

[ზაზა რუსაძის ხმა] “ბანდიტები” ჩემთვის მრავლისმომცველი სიტყვაა. “ბანდიტს” უწოდებენ ხოლმე ბავშვს, რომელმაც შეიძლება რაღაც გატეხოს და შინაარსობრივად დანაშაულსაც გულისხმობს.”

ამ “ბავშვებმა”, მართლაც, “გატეხეს”, შეარყიეს საბჭოთა სისტემა 80-იანი წლების დასაწყისში... ფილმი, რომლის პრემიერა 6 ოქტომბერს კინომსახიობის თეატრში გაიმართება, საბჭოთა სისტემის, უფრო სწორად, ქართული-საბჭოთა სისტემის ნგრევის ერთ-ერთ პირველ საფეხურს გამოხატავს... და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის მითი... ეს ფაქტია, რომელსაც გააზრება სჭირდება და არა, უბრალოდ, ემოციები.
XS
SM
MD
LG