Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს რკინიგზაში რეფორმები მტკივნეულად მიმდინარეობს


საქართველოს რკინიგზა, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად ათობით მილიონი ლარის გადასახადი შეაქვს, მომგებიან სახელმწიფო კომპანიადაა მიჩნეული.

მიუხედავად ამისა, რკინიგზის სისტემა რეფორმირებას საჭიროებს, რადგან მასში არსებული კორუფცია და საწარმოო დანაკარგები ხელს უშლის რკინიგზის განვითარების პროცესს. ერთ-ერთი ასეთი ხელშემშლელი ფაქტორის მოწმე საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობაა - ისინი, ვინც საქართველოს რკინიგზის მომსახურებით სარგებლობდნენ. ლაპარაკია სამგზავრო ბილეთებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ კორუფციულ სისტემაზე. როგორ მიმდინარეობს მასთან ბრძოლა?

[ისმის ხმაური]

ასეთი უჩვეულო სიჩუმეა ახლა თბილისის სარკინიგზო სადგურის სალაროებთან. არადა, აქ ორიოდე თვის წინ ხმაურთან ერთად უზარმაზარი რიგები იყო. თბილისელების უმრავლესობა ქალაქგარეთ გასვლას ცდილობდა და მატარებლის ბილეთის მოპოვება წამების ფასად უწევდა. როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ონოფრიშვილი ამბობს, ამაში დამნაშავე კორუმპირებული მოლარეები იყვნენ:

[დავით ონოფრიშვილის ხმა] ” 12 სალაროში მუშაობდა 46 მოლარე. წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება განაწილდეს მათი სამუშაო დრო. ეს იმისთვის კეთდებოდა, ყველას პატარა მოეციცქნა და ეს იყო წახალისებული. ისინი თვითონ წერენ გაზეთში, თუ როგორ აძლევდნენ ქრთამს სამსახურში დასარჩენად. მე ასეთ ხალხს სამსახურში არ გავაჩერებ...”

დავით ონოფრიშვილმა, მართლაც, გაათავისუფლა 27 მოლარე, მაგრამ არა კორუფციული ბრალდებით, არამედ ხელშეკრულების ვადის ამოწურვისა თუ ასაკის გამო. ასეთი მიზეზით გათავისუფლებულმა მოლარეებმა 5 ოქტომბერს საქართველოს რკინიგზის ოფისის შესასვლელში საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი სამსახურის დაკარგვაში ბრალს სდებდა რკინიგზის სადგურის ყოფილ დირექტორს, ამჟამად კი საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ გივი მაისაშვილს:

[აქციის მონაწილის ხმა] ”ის იყო ჩვენი ვაგზლის უფროსი და, თუ მე კორუმპირებული ვიყავი, რატომ მფარავდა ჩემი უფროსი, რატომ არ გამათავისუფლა? ესე იგი ისიც ჩემსავით კორუმპირებული ყოფილა. გივი მაისაშვილი არის ეთერ მაისაშვილის ძმა და ჟვანიას მთელი კლანი კურირებს რკინიგზას. ვისაც უნდა, გაათავისუფლებენ...”

გათავისუფლებულ მოლარეთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გივი მაისაშვილს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ:

[აქციის მონაწილის ხმა] ”გამათავისუფლეს იმიტომ, რომ 50 წელს ვარ გადაცილებული. მე, პირიქით, ცუდი უნდა ვთქვა გივიზე, მაგრამ რაც არ არის, იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, - უპატიოსნესი ადამიანია...”

თავად გივი მაისაშვილსაც თავი უდანაშაულოდ მიაჩნია. თუმცა დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ გამოძიების დასრულებამდე მაისაშვილს მაინც მოუწევს თანამდებობიდან დროებით გადადგომა. მაისაშვილმა ჯერ კიდევ გასულ წელს აკაკი ჩხაიძის გადაწყვეტილებით დატოვა თბილისის ვაგზლის დირექტორის თანამდებობა,
თუმცა შემდეგ, სასამართლოს ძალით, შეძლო სამსახურში დაბრუნება. მასა და თბილისის სარკინიგზო სადგურში კორუფციასთან დაკავშირებულ კონფლიქტში გარკვევა გამოძიებას მოუწევს.

როგორც ჩანს, ეს არ იქნება უკანასკნელი საქმე, რომელიც რკინიგზის სისტემაში დაწყებულ რეფორმას მოჰყვება. ახლა იქ რკინიგზის ელექტრომომარაგების კორუფციული სისტემის შეცვლა აქვთ გადაწყვეტილი. გააუმჯობესებს თუ არა ესა და სხვა ცვლილებები საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვების ხარისხს, ეს ახლო მომავალში გახდება ნათელი.

[ისმის მატარებლის საყვირის ხმა]
XS
SM
MD
LG