Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისელები საგზაო მოძრაობის წესებს არ ცნობენ


“არღვევენ თუ არა ქვეითად მოსიარულენი საგზაო მოძრაობის წესებს?” - თუ ამ კითხვას ყოფილ ინსპექტორს ანდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს დაუსვამთ,

დიდი ალბათობით, დაახლოებით შემდეგი შინაარსის პასუხს მოისმენთ: თბილისი სავსეა პოტენციური თვითმკვლელებით, რომლებიც არაფრად დაგიდევენ არც საკუთარ და არც თანამოქალაქეთა სიცოცხლეს.
პატრულ-ინსპექტორთა განმარტებით, ამ თავზეხელაღებულ ადამიანებს საავტომობილო გზების გადასაკვეთად არც შუქნიშნები სჭირდებათ და არც მიწისქვეშა გადასასვლელები. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ დედაქალაქში ყველა შუქნიშანი ერთნაირად გამართულად როდი მუშაობს, ისევე როგორც არც ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში ჩაისვლება.


[ისმის ავტომობილების ხმაური]

რუსთაველის გამზირი. პიკის საათი. მიუხედავად იმისა, რომ გზის სავალი ნაწილი ავტოტრანსპორტის ნაკადს ვერ აუდის, არაერთი მოქალაქე, როგორც მარჯვე სამთომოთხილამურე, მქროლავ ავტომობილებს შორის მიიკვლევს გზას და ქუჩის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობს. დედაქალაქელთა ყოველდღიურობა სავსეა ამგვარი სურათებით. ფეხით მოსიარულენი რისკავენ: ზოგს უმართლებს, ზოგს არა. საბედნიეროდ დღეს ერთ-ერთ მათგანს გაუმართლა:

[მამაკაცის ხმა] “დღესა, აი, აქ ბიჭი გადადიოდა და დაეჯახა მანქანა. კი გადარჩა, მაგრამ ფეხით მოსიარულის ბრალი იყო. მიწისქვეშა გადასასვლელი აქვეა, ის კი ზემოდან გადადიოდა. კია, რომ ცოცხალი გადარჩა… მსხვერპლიც ბევრი ყოფილა… რვა წელია აქ ვმოძრაობ და აქ არის ძალიან ხშირი.”(სტილი დაცულია)

ეს მამაკაცი პროფესიონალი მძღოლია. მან კარგად იცის, თუ რა საფრთხეში იგდებენ ქვეითად მოსიარულენი თავს, როცა გზის სავალ ნაწილს აკრძალულ ადგილას კვეთენ. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევათა უმეტესი ნაწილი სწორედ უდისციპლინო მოქალაქეების სინდისზეა, საპატრულო პოლიციაშიც ადასტურებენ:

[საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ხმა] “წლის განმავლობაში 2000-მდე საგზაო შემთხვევაა და აქედან თითქმის ნახევარი ფეხით მოსიარულის ან მსხვერპლით, ან დაშავებით სრულდება. უფრო მეტად ფეხით მოსიარულის ბრალია.”(სტილი დაცულია)

ქვეითად მოსიარულენი თავიანთ საქციელს მრავალნაირად ხსნიან: ზოგს ეჩქარება, ზოგს მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული ანტისანიტარია და სიბნელე აფრთხობს, ზოგი კი საკუთარ სიმარდეშია დარწმუნებული:

[მამაკაცის ხმა] “რო იყოს აქ განათება და წესიერი მომსახურება, არ იქნება აქ ასეთი ანტისანიტარია. მთავრობამაც მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს.”

[მამაკაცის ხმა] “აგებულება ისეთი არ მაქვს, მაგრამ სისწრაფე და ორიენტაცია მაქვს, ვითარებაში სწრაფად გარკვევის უნარი. მაქვს იმის გარანტია, რომ გადავიდე. თავის იმედი მაქვს.”

თუმცა ერთია სიმარდე და მეორე - ცხოვრების წესი, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ქართულ საზოგადოებას დადებითად არ ახასიათებს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მუშაობდა, დედაქალაქის გზებზე შექმნილი მდგომარეობის გამო აღშფოთებას ვერ მალავს:

[კოტე გაბაშვილის ხმა] “ფიზიკური მსხვერპლის გარდა, არის კიდევ მორალური მსხვერპლი. ბავშვები უყურებენ, რომ ასე უნდა ცხოვრება. …მახსოვს გერმანიაში როგორ გალანძღა ერთი ჩამოსული კაცი ადგილობრივმა. უთხრა, რომ შენ არა გაქვს უფლება “წითელზე” გადახვიდე, როცა ყველანი ვდგავართო. მანქანა არ ჩანდაო, უპასუხა. მერე რა, შენ ჩემს შვილიშვილს აყურებინებ იმას, რომ მან შეიძლება დაარღვიოს წესი და მე არ მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანები არღვევენ წესებსო. აი, ეს არის სტანდარტი, რომლითაც უნდა ცხოვრობდეს ქვეყანა.” (სტილი დაცულია)

მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მარტო ქვეითად მოსიარულენი როდი სცოდავენ. ხშირ შემთხვევაში მწყობრიდან არის გამოსული შუქნიშნები, მიწისქვეშა გადასასვლელებში ანტისანიტარია და სიბნელე სუფევს, მძღოლები კი გზის სავალ ნაწილზე ვერ ეტევიან და ტროტუარებზე მოძრაობენ. ამგვარი ვითარებით შეწუხებული თბილისელი შალვა ბარბაქაძე ხელისუფლებას მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდებს:

[შალვა ბარბაქაძის ხმა] “მკაცრად მოჰკიდონ ხელი მოძრაობის წესებს. აი, ეს არის ჩემი თხოვნა: მკაცრად! დასასჯელი დასაჯე! თავზე ხელის გადასმა არ სჭირდება, არც ჯარიმა არა შველის. დააშავა? კეთილი ინებე და ჩამოართვი “პრავა”, ჩამოართვი მანქანაც! არ უნდა მივცეთ გასაქანი ასეთ ხალხს… მანქანაზე კი არა, ურემზე უნდა დავსვათ!”(სტილი დაცულია)

თბილისის მერიის ხელმძღვანელობამაც თითქოს ბატონი შალვას შეგონება შეისმინაო: სულ ახლახან დექალაქში შუქნიშნების გაუმართაობის გამო შპს “შუქნიშანის” ხელმძღვანელი შეიცვალა. მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე კი მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ასევე ახალი ხელმძღვანელობა იზრუნებს. ჯერი ქვეითად მოსიარულეებზეა. - მოიშლიან კი ისინი ქუჩაზე გადასასვლელი უმოკლესი გზის ძებნას?
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG