Accessibility links

აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, რუსეთის ბოლოდროინდელი პრესა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, რუსეთის ბოლოდროინდელი პრესა საქართველოს ეკონომიკასთან

დაკავშირებული საკითხებითაც ინტერესდება. მოგითხრობთ ორიოდე პუბლიკაციის შესახებ.

5 ოქტომბრის გაზეთ “ვრემია ნოვოსტეის” შეფასებით, აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები სკანდალით დასრულდა. გაზეთი წერს, რომ უმაღლესი პოსტის ორივე რეალური პრეტენდენტი, 46 წლის რაულ ხაჯიმბა და 55 წლის სერგეი ბაღაფში, გამარჯვებულად საკუთარ თავს მიიჩნევს.
გაზეთის ინფორმაციით, ადგილობრივმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ორკვირიან ვადაში, შესაძლოა, არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს.

“ვრემია ნოვოსტეი” დაასკვნის: “ამდენად, ფაქტობრივად, აღიარებულია, რომ პრეზიდენტობის ვერც ერთმა მთავარმა კანდიდატმა ვერ შეძლო ნახევარზე მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვება. უკიდურეს შემთხვევაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ხმების ნახევარზე მეტი არ დაუგროვებია რაულ ხაჯიმბას, რომელსაც ამ ცოტა ხნის წინ სოჭში ხვდებოდა ვლადიმირ პუტინი და რომლის სასარგებლოდ აქტიურ აგიტაციას ეწეოდა რუსეთის პოლიტიკოსთა და კულტურის ოსტატთა მძლავრი დესანტი - გენერალური პროკურორის მოადგილე ვლადიმირ კოლესნიკოვით დაწყებული და მწერალ ფაზილ ისკანდერითა და მომღერალ იოსიფ კობზონით დამთავრებული.”

5 ოქტომბრის გაზეთ “იზვესტიას” თქმით, “ორშაბათ დილით აფხაზეთში დაბნეულობა სუფევდა - ცენტრალური საარჩევნო კომისია დუმილს განაგრძობდა და და შესაშური რეგულარობით აცხადებდა მხოლოდ იმას, რომ არჩევნები ჩატარდა.”

გაზეთი წერს: უკვე პოსტფაქტუმ აფხაზებმა გააცნობიერეს, რომ ერთადერთი, რასაც ისინი სკანადალურად ჩატარებული, თუმცა ჯერ კიდევ დაუმთავრებელი, არჩევნებისგან ელოდნენ, გეოპოლიტიკური მეზობლების გარეშე არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაა და, ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და, რაც მთავარია, ხალხი აღიარებდა ნებისმიერ კანდიდატს, რომლის სასარგებლოდაც გაკეთდა არჩევანი.”

ახლა კი ეკონომიკაზე გადავიდეთ. 30 სექტემბრის გაზეთ “როსიაში” რუსეთის სათათბიროს დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი საუბრობს საქართველოს ეკონომიკაზე და კორუფციის თემასაც ეხება. მისი თქმით, “საქართველო მთლიანად დამოკიდებულია დაფინანსების გარე წყაროებზე.”

ზატულინი ამბობს: “მეტიც, დემონსტრაციული სახე მიიღო საქართველოს მმართველი კლასისთვის გაწეულმა პირდაპირმა დახმარებამ დასავლეთისა და დასავლური ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან. მხედველობაში მაქვს ფული (როგორც ამბობენ, ის სოროსმა გამოყო), რომელსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სისტემაში მომუშავენი იღებენ. თითქოსდა, ეს ფული გამოიყოფა იმისათვის, რომ ქვეყანაში კორუფცია აღმოიფხვრას. სინამდვილეში ადამიანები, რომლებიც ამ ფულს იღებენ, ცხოვრებას ძველებურად განაგრძობენ და კორუფცია, როგორც ეს საბჭოთა პერიოდამდე, ასევე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ხანაში იყო და დღესაც გრძელდება, აღმოუფხვრელი რჩება.”

30 სექტემბრის “ნეზავისიმაია გაზეტაში” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი კახა ბენდუქიძე აფასებს ცნობილი პოლონელი ეკონომისტის ლეშეკ ბალცეროვიჩის ჯგუფის მუშაობას საქართველოში. მინისტრი ამბობს: “ბალცეროვიჩი - გამოჩენილი ეკონომისტია. მაგრამ ბალცეროვიჩის ჯგუფის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებს მე შევადარებდი უმაღლესი მათემატიკის სახელმძღვანელოს, რომელიც, ვთქვათ, ჩინურადაა დაწერილი. მოუტანს კი დიდ სარგებლობას ეს სახელმძღვანელო ადამიანს, რომელიც მანამდე ინტეგრალს არ გასცნობია და, ამასთანავე, არც ჩინური იცის.

ექსპერტების ჯგუფი ადგენდა რეკომენდაციებს, წარუდგენდა მთავრობას. ამ რეკომენდაციებს არავინ კითხულობდა და ამით დამთავრდა ყველაფერი.”
XS
SM
MD
LG