Accessibility links

logo-print

სახელისუფლებო პარტიაში დაპირისპირებას უარყოფენ


“ნაციონალური მოძრაობისა” და დემოკრატების დე ფაქტო, მხოლოდ სიტყვიერად, გაერთიანების შემდეგ გაჩნდა ეჭვი იმის თაობაზე, მყიფე პარტიულმა გაერთიანებამ ხომ არ

ჩაიბარა დიდი და მყიფე სახელისუფლებო პარტიის, “მოქალაქეთა კავშირის”, მემკვიდრეობა. პრესაში პერიოდულად ჩნდება მინიშნებები ნაციონალებსა და დემოკარატებს შორის გარკვეულ უთანხმოებაზე, თავად სახელისუფლებო ძალაში კი უთანხმოებას, ერთმანეთს შორის დაპირისპირებას უარყოფენ. “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ხმები პარტიული დაპირისპირების შესახებ გამოგონილია. რამდენად შეიძლება იყოს ეს ახლოს სიმართლესთან?

ქართული პრესაში ჩნდება ახალი ვერსია სახელისუფლებო ძალაში დაპირისპირების შესახებ. დაპირისპირებულებად დემოკრატი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი და ნაციონალი გიორგი არველაძე განიხილებიან. ამ უკანასკნელს ხელისუფლებაში მოსულ პარტიაში გენერალური მდივნის პოსტი უკავია. მაჭავარიანი დაპირისპირების თაობაზე პრესაში გახმიანებულ ვერსიას უსაფუძვლოს უწოდებს. ვერსიის მიხედვით, ის “ნაციონალურ მოძრაობაში” რეგიონულ საკითხებს კურირებს, რეგიონებში “პარტიული აქტივისტები” რევოლუციური დამსახურებებისთვის პატივისცემას ითხოვენ და ეს პარტიის ლიდერებს შორის გარკვეულ უთანხმოებას იწვევს. საქმე ის არის, რომ “ნაციონალური მოძრაობისა” და “გაერთიანებული დემოკრატების” გაერთიანება თავის დროზე მხოლოდ სიტყვიერ დონეზე მოხდა. გაერთიანება პარტიის ყრილობას არ დაუდასტურებია იმ მიზეზით, რომ ყრილობა არ გამართულა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რის საფუძველზე შეიძლება გაჩენილიყო შიდაპარტიული დაპირისპირება ნაციონალ არველაძესა და დემოკრატ მაჭავარიანს შორის. თუკი დაპირისპირება არსებობს, ალბათ, უფრო გავლენიანთა შორის დაპირისპირებაზე უნდა იყოს ლაპარაკი, ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა მასთან “გაერთიანებული დემოკრატების” სიტყვიერ შერწყმას იურდიულად არ გააფორმებს.

ქართული პრესის კიდევ ერთი ვერსიით, მმართველი პარტიის ყრილობამ პარტიის სახელი უნდა დააზუსტოს და, ამის მოლოდინში, “ნაციონალურ მოძრაობასთან” სიტყვიერად შერწყმულ “გაერთიანებულ დემოკრატებს” აქვთ შიში, სახელისუფლებო პარტიის სახელიდან არ გაქრეს მინიშნება მათ პარტიულ წარმომავლობაზე. “ნაციონალური მოძრაობის” პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კატეგორიულად უარყოფენ ნაციონალებსა და დემოკრატებს შორის რაიმე უთანხმოების არსებობას და პრესაში გავრცელებულ ვერსიებს გამოგონილს უწოდებენ:

[ ეკა ჯოჯუას ხმა] “ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა მტკნარი სიცრუე. ნამდვილად არაფერი არ არის. “

განმარტება ტრადიციულია. სიმართლესთან ის უფრო ახლოსაა თუ გაზეთებით გავრცელებული ვერსიები, ფაქტია, რომ დიდი სახელისუფლებო გაერთიანება ყოველთვის ბზარების გაჩენის საფრთხის წინაშე დგას. ასე იყო “მრგვალი მაგიდის” შემთხვევაში, ასე იყო “მოქალაქეთა კავშირის” შემთხვევაში და, როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, ასევე უნდა იყოს “ ნაციონალური მოძრაობისა” და “გაერთიანებული დემოკრატების” ჯერჯერობით დე ფაქტო გაერთიანების შემთხვევაში:

[რამაზ საყვარელიძის ხმა] “ზოგადად ცნობილია, რომ სახელისუფლებო პარტია იკრებს ბევრ ადამიანს. ძალაუფლება ბევრს იზიდავს. მისი ქოლგის ქვეშ ბევრი ისეთი ადამიანი გროვდება, რომლებსაც არა აქვთ ერთიანი პლატფორმა და მერე სხვადასხვა პლატფორმის ადამიანებს უჭირთ ხოლმე საერთოს გამონახვა. “

დღევანდელი სახელისუფლებო ძალა ნამდვილად სხვადასხვა პლატფორმის ხალხს აერთიანებს. ამდენად, უდავოდ, საინტერესოა, რა საფუძველზე და როდემდე გამონახავენ ისინი საერთოს. სახელისუფლებო პარტიების გამაერთიანებელი ყრილობა, სავარაუდოდ, ოქტომბერში უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG