Accessibility links

logo-print

ვის დარჩება მაჩაბლის 13-ში მდებარე მწერალთა სახლი


“ვისია თბილისში, მაჩაბლის 13-ში, მდებარე მწერალთა სახლი: მწერლების, “მწერალთა კავშირის” თუ კულტურის სამინისტროსი? სულ მალე ქართული სამწერლო თემისათვის

ამ მეტად საჭირბოროტო კითხვებზე პასუხის გაცემა თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწევთ. საქმე ის არის, რომ “მწერალთა კავშირის” ხელმძღვანელობამ სწორედ რომ თბილისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა 2004 წლის აგვისტოს თვეში მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული ის დადგენილება, რომლის თანახმადაც “მწერალთა კავშირს” მაჩაბლის 11-სა და13 ნომრებში განთავსებული შენობები ჩამოერთვა.

[კახა კუკავას ხმა ]“თუ თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ანა კალანდაძე გამოვასახლოთ ჩვენ ამ შენობიდან და ბენდუქიძე ან გოკა გაბაშვილი შევასახლოთ იქ, მაშინ ეს პასუხისმგებლობა უნდა ატაროთ თქვენ…“

[ისმის ტაშის ხმა]

აი, ასეთი მქუხარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს მწერალთა კავშირის წარმომადგენლებმა საკუთარი ადვოკატი, საქართველოს პარლამენტის წევრი კახა კუკავა, რომელმაც ხანგრძლივი გამოსვლა მოსამართლე ტარიელ ზამბახიძისადმი მიმართვით დაასრულა. მანამდე კი დეპუტატმა მოპასუხე მხარის არგუმენტების გაბათილება სცადა. მისი თქმით, მაჩაბლის 13-სა და 11-ში განთავსებული შენობები საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “საქართველოს მწერალთა კავშირის” - საკუთრებაა და მინისტრთა კაბინეტს კულტურის სამინისტროსათვის მათი გადაცემის უფლება არ ჰქონდა:

[კახა კუკავას ხმა] “ასეთნაირად რომ ქონება ჩამოართვა იურიდიულ პირს, ასეთი რამე 1924 წლამდე ხდებოდა, როცა განკულაკების პოლიტიკას ატარებდა საბჭოთა მთავრობა და მას შემდეგ აღიარებული იქნა, რომ ყველა ხელისუფლება განკარგავს მხოლოდ თავის საკუთრებას. მთავრობამ თავისი საკუთრება, თუ უნდა, ჩამოართვას ერთ სამინისტროს და გადასცეს მეორეს, მაგრამ იურიდიული პირის საკუთრება დაცული არის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით.”

საწინააღმდეგოს ამტკიცებს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი გელა ჯაჭვაძე, რომლის თქმითაც, მთავრობას “მწერალთა კავშირისთვის” ქონება შემდეგი მარტივი მიზეზის გამო არ ჩამოურთმევია:
[გელა ჯაჭვაძის ხმა] “ადგილი არ აქვს ამ შემთხვევაში ჩამორთმევას, რადგან აღნიშნული ქონება, რომელიც “მწერალთა კავშირმა” სადავო გახადა, არასდროს არ ყოფილა მათი საკუთრება. ეს იყო სახელმწიფოს საკუთრება და მთავრობამ მოახდინა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის გადაცემა.”

მწერალი რეზო მიშველაძე კი მთავრობის მხრიდან სასამართლო კოლეგიაზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ლაპარაკობს. მისი თქმით, ზეწოლა ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან მომდინარეობს და მიზნად ქართული მწერლობისათვის ძირის გამოთხრას ისახავს. თუმცა “მწერალთა კავშირის” წევრი ბრძოლის ამგვარ მეთოდზე უარს არც თავად ამბობს:

[რეზო მიშველაძის ხმა] “…კარგად იცის რა დანაშაულს ჩაიდენს, თუ მწერალთა საწინააღმდეგო განაჩენს გამოიტანს. თავის გვარს საწყევლად დაუტოვებს შთამომავლობას. ტარიელ ზამბახიძეზე დაიწერება ლექსები, მოთხრობები, იქნება ზეპირსიტყვიერება, რომ 21-ე საუკუნეში ნომერ პირველმა ჯალათმა, ტარიელ ზამბახიძემ, მწერალთა კავშირს ისტორიული სასახლე წაართვაო.”(სტილი დაცულია)

რეზო მიშველაძის თქმით, ყოველივე ეს მოსამართლე ზამბახიძეს იმ შემთხვევაში დაემუქრება, თუკი იგი “მწერალთა კავშირის” სარჩელს არ დააკმაყოფილებს. მაგრამ ვიდრე ეს დრო არ დამდგარა, ორ პირობით ჯგუფად გაყოფილი ქართველი მწერლები მაჩაბლის 13-ში მდებარე “მწერალთა სახლის” მომავალზე დავობენ. რა ფუნქციის მატარებელი უნდა იყოს ეს შენობა და მასში განთავსებული ორგანიზაცია? მაყვალა გონაშვილი, “მწერალთა კავშირის” თავმჯდომარე, არსებული სტრუქტურის შენარჩუნების მომხრეა:

[მაყვალა გონაშვილის ხმა] “ჩვენ ვართ ყველაფერი ერთად. დიახ, პროფესიული კავშირიც ვართ; დიახ, ეს არის ოჯახი, სადაც ხდება ახალი წიგნის პრეზენტაციაც და, ჯვარი ყველა ორგანიზაციას, უკანასკნელ გზაზეც ვაცილებთ მწერლებს… - ეს არის ერთიანი ოჯახი, სადაც სიკვდილიც არის და სიცოცხლეც. და ამის დარღვევა არის, ოჯახში რომ შემოგივარდეს ვინმე ბანდიტი, იმის ტოლფასი.”

მწერალი ზაალ სამადაშვილი კი მაჩაბლის 13-ში თავისუფალი ლიტერატურული სივრცის შექმნას ითხოვს:

[ზაალ სამადაშვილის ხმა] “აქ ჩანაცვლებაზე არ არის საუბარი, რომ “მწერალთა კავშირი” გავიდეს და სხვა რომელიმე სამწერლო ორგანიზაცია შევიდეს, ანდა რამდენიმე ორგანიზაცია. იქ არც ერთ ორგანიზაციას თავისი შტაბბინა არ უნდა ჰქონდეს. ეს უნდა იყოს თავისუფალი ლიტერატურული სივრცე, სადაც სიხარულით და ინტერესით უნდა მიდიოდეს მკითხველიც და მწერალიც. აქ უნდა იმართებოდეს დისპუტები, განხილვები, წარდგენები და ყველაფერი ის, რაც აუცილებელია ლიტერატურული პროცესისთვის.”

ზაალ სამადაშვილის ამ მოსაზრებას საქართველოს მთავრობაშიც იზიარებენ. კულტურის სამინისტრო უახლოეს დროში ლიტერატურული სახლის პროექტზე კონკურსის გამოცხადებასაც კი აპირებს. თუმცა მანამდე მთავრობას ის სასამართლო პროცესი აქვს მოსაგები, რომელიც 25 ოქტომბერს, დილის 10 საათზე, თბილისის საოლქო სასამართლოში გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG