Accessibility links

რატომ დაკარგა საქართველომ ხმის უფლება გაეროში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველო ხმის უფლებას მომავალ

კვირაში აღიდგენს. საქართველომ, როგორც იქნა, მოახერხა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიმართ დაგროვილი დავალიანების ნაწილის დაფარვა, საგარეო საქმეთა მინისტრის იმედიც ამ ფაქტს ეყრდნობა. 6 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა და გაეროში საქართველოსთვის ხმის უფლების ჩამორთმევის ფაქტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მისცა. რა პრეტენზიები წაუყენეს საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში?

[სალომე სამადაშვილის ხმა] საგარეო საქმეთა სამინისტროს რომ მეტი აქტიურობა გამოეჩინა გაეროსთან მიმართებით, შესაძლებელი იქნებოდა ხმის ჩამორთმევის გადადება. “

ეს შენიშვნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ამავე კომიტეტის წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა. საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა კი შენიშვნა არ მიიღო:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] “ მე არ გადავუხვევ ჩემს ხაზს, რომელმა კომიტეტმაც არ უნდა მითხრას. არ ვიტყვი და არ დავწერ ტყუილებს ჩვენს საგარეო მოქმედებებში. ჩვენი პოლიტიკა არის გამჭვირვალე, ჩვენ ვართ სხვა ქვეყანა და ვისაც ურჩევნია ვიმოქმედოთ ძველი მეთოდებით, იმან თავისი დასკვნები უნდა გააკეთოს. მას შეუძლია გამაკრიტიკოს და ასეთ კრიტიკას მივიღებ სიამოვნებით. “

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე კამათი ეხება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოსთვის ხმის ჩამორთმევის ფაქტს, რაც გაეროს მიმართ საქართველოს ვალდებულების შეუსრულებლობას მოჰყვა. რამდენიმე წლის წინ საქართველომ ივალდებულა ეტაპობრივად, ყოველწლიური გადასახადით დაეფარა ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება - საერთო ჯამში, 5 მილიონ 900000 დოლარი - და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ხმის უფლება ივნისის ბოლოს დაკარგა. ამის გამო საქართველოში იერიში საგარეო საქმეთა სამინისტროზე იქნა მიტანილი და არა პარლამენტზე, რომლის მიერ დამტკიცებულმა ბიუჯეტმაც სამინისტროს არ მისცა საგარეო ვალის დაფარვის საშუალება. საყვედურები და შენიშვნები ბევრი გამოითქვა, მათ შორის, ისეთი, როგორიც სალომე სამადაშვილმა გამოთქვა. საგარეო საქმეთა მინისტრს უსაყვედურეს გაეროში საქართველოს ხმის დასაცავად რატომ არ გააკეთა თუნდაც ის, რაც წინა წლებში კეთდებოდა. აქვე განვმარტავთ, რომ წინა წლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში იგზავნებოდა წერილები იმის ასახსნელად , რომ საქართველოს უჭირს და არ შეუძლია დავალიანების გასტუმრება და ასეთ წერილებს თავისთავად თან ერთვოდა თხოვნა - იქნებ კიდევ ერთხელ გვაპატიოთ ვალდებულების შეუსრულებლობაო. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ეს იყო ტყუილი და საქართველოს ახალ ხელისუფლებას არ უნდა ეკადრა ის, რასაც ძველი ხელისუფლება კადრულობდა. აღნიშნულის მიუხედავად, როგორც მან განმარტა, გაერთიანებული ერების ორგნიზაციაში მაინც გაიგზავნა რამდენიმე განმარტებითი წერილი, მაგრამ ამით ვერაფერი შეიცვალა. გაეროში მიღებული იყო რეზოლუცია, რომლის მიხედვით, თუ საქართველო არ დაიწყებდა ვალდებულების შესრულებას, ხმის უფლებას დაკარგავდა.

30 ივნისამდე, ანუ მანამადე, სანამ გაეროში საქართველოსთვის ხმის უფლების ჩამორთმევის საკითხი გადაწყდებოდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ვალების დაფარვისთვის გამოყოფილი ჰქონდა მხოლოდ მილიონ-ნახევარი ლარი. ამ თანხის ფარგლებში კი პრობლემის მოხსნა შეუძლებელი იყო .

გაეროში დაკარგული ხმის აღსადგენად ფინანსთა სამინისტრომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დამატებითი თანხები 30 ივნისის შემდეგ გამოუყო. წელს დასაფარი თანხა, 776 ათასი დოლარი, უკვე გადახდილია. შედგენილია გაეროს მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის გრაფიკიც, რის გამოც დიდი შანსია, მომავალ კვირაში, გაეროს მეხუთე კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ხმის უფლება აღუდგინონ.
XS
SM
MD
LG