Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება ბიზნესთან საგადასახადო კოდექსიის საბოლოო ვარიანტს ათანხმებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი პარლამენტართა მიერ ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში შესატანი ცვლილებების მომზადების შემდეგ საქართველოს მთავრობამ, გადამხდელთა კავშირთან,

სამრეწველო-სავაჭრო პალატასა და დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად, კოდექსის საბოლოო ვარიანტის პრეზენტაცია ”შერატონ-მეტეხი პალასში” გამართა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება თავისი ვარიანტის დაცვას ცდილობდა, ქართული ბიზნესის მიმართ მცირედი კომპრომისი მაინც შედგა. რისი დათმობა მოუხდა მთავრობას და რა სახე ექნება ამ ეტაპზე ახალ საგადასახადო კოდექსს?

პრეზენტაცია ახალი საგადასახადო კოდექსიის ძირითადი პრინციპებისა, რომელზე მუშაობაც, ფაქტობრივად, რევოლუციის შემდეგ დაიწყო, პირველად რამდენიმე თვის წინ სასტუმრო ”მეტეხში” შედგა, ორი თვის შემდეგ კი მთავრობამ იმავე კოდექსის საბოლოო ვარიანტის პრეზენტაცია ისევ ”შერატონ-მეტეხი პალასში” მოაწყო. ბიზნესჯგუფები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ, ლიბერალური პრინციპების მიუხედავად, პროექტში პატარ-პატარა ”ეშმაკობები” მაინც არის ჩადებული, ცდილობდნენ საგადასახადო კოდექსში თავისი კორექტივები შეეტანათ, თუმცა მთავრობა შინაარსობრივი ნაწილის სერიოზულად შეცვლას არ აპირებდა. დღევანდელ განხილვამდე გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ მცირედი შესწორებები. კერძოდ, პრესის ძალისხმევამ თავისი შედეგი გამოიღო და, პროექტის მიხედვით, ბეჭდვით მედიას აქამდე მოქმედი შეღავათები შეუნარჩუნდა. ამასთან, საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლდება ქაღალდის იმპორტი, ხოლო სარეკლამო მომსახურებას მოეხსნება დღგ.

ბიზნესმენთა განსაკუთრებულ შენიშვნებს იწვევს გაზრდილი აქციზური გადასახადები და კერძო პირის ქონების დაბეგვრის ახალი წესი. ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის თქმით, აქციზი ის თემაა, რომელზეც მთავრობა დათმობას არ აპირებს, ხოლო სხვა შენიშვნებთან მიმართებაში გარკვეული კომპრომისი კიდევ არის შესაძლებელი.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”აქციზების გადასახადებში ცვლილებები ვერ შევა, ადმინისტრირების ნაწილში ცვლილებები შეიძლება შევიდეს უმნიშვნელო. ქონების გადასახადის ნაწილში ვნახავთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ იყოს შენიშვნები მაქსიმალურად გათვალისწინებული. მაგრამ სერიოზული შინაარსობრივი ცვლილებები ვერ შევა. კოდექსი უნდა იყოს ადმინისტრირებადი და დაწესებული გადასახადები უნდა იყოს ამოღებადი.”

მეორე თემა, რომელიც განსაკუთრებით აღელვებდათ მეწარმეებს, ქონების გადასახადია. ამ გადასახადის თაობაზე ”მეტეხში” შედგა საბოლოო კომპრომისი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ გაახმიანა. საერთოდ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებისაგან განსხვავებით, პრემიერი ადრეც გაცილებით კონსტრუქციული იყო ამ შენიშვნებთან დაკავშირებით.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] ”ჩვენ ვცვლით იმ წესს, რომელიც იყო ჩადებული კერძო პირების მიერ ქონების გადასახადთან დაკავშირებით, სადაც იყო 100 კვადრატული მეტრის ფართობი. და ჩვენ, ალბათ, დავაწესებთ სისტემას, სადაც ოჯახის ერთ სულზე შემოსავლის ზღვარი დაფიქსირდება, გამომდინარე დღევანდელი სიტუციიდან, და აქ საუბარი არ არის 1 პროცენტიან ქონების გადასახადზე.”(სტილი დაცულია)

ხელისუფლება ფიქრობს, რომ ახალი კოდექსი, რომლის დახვეწა საკანონმდებლო ხელისუფლებაში განხილვის პროცესში კიდევ არის შესაძლებელი, ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური იქნება აღმოსავლეთ ევროპაში. ამ ლიბერალიზაციის ფასი კი, პრემიერ-მინისტრის აზრით, მხოლოდ მომავალ წელს დაახლოებით 400-500 მილიონი ლარია, რომელზეც, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების სანაცვლოდ, მთავრობა უარს ამბობს.
XS
SM
MD
LG