Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ გამოეხმაურა საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს


7 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს 52 წელი შეუსრულდა. იუბილარ პრეზიდენტს დაბადების დღეზე საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები არ დაუპატიჟებია,

ისე როგორც უკრაინის პრეზიდენტი და პრემიერ- მინისტრი დაპატიჟა. და მაინც, საქართველოში მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტის დაბადების დღე არ დავიწყებიათ. ის ქართველმა სტუდენტებმა საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკის გაპროტესტებით აღნიშნეს. მათ რუსეთის პრეზიდენტს და რუს დეპუტატებს მოუწოდეს ხელები შორს დაიჭირონ საქართველოსგან. რას ფიქრობენ საქართველოში რუსეთის პრეზიდენტზე და დაბადების დღისთვის რას უსურვებენ მას?

[ერთ-ერთი მოქალაქის ხმა] “რუსეთის პრეზიდენტს ურჩევნია მიხედოს რუსეთს და მართლა ხელები შორს დაიჭიროს საქართველოსგან. ვუსურვებ რუსეთისთვის მიეხედოს. დალაგებული და ნორმალური რუსეთი ჩვენც გვინდა. “

ასე ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები. მათ მეზობელი რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სიმპათიები არა აქვთ და საამისოდ ბევრი მიზეზიც არსებობს. პუტინმა ვერ გაამართლა ის მცირე იმედები, რომელსაც უკავშირებდნენ მას საქართველოში.
იმედები კი ასეთი იყო:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “სხვა დრო იყო ელცინის დროს, ახლა სხვა დრო დადგა. პუტინსაც სხვა მისია დაეკისრა. მან ახლა თავის სიტყვას არ უნდა უღალატოს და პროვოკაციები სამხედროების ან თუნდაც მოქალაქეეების მხრიდან საქართველოს მიმართ არ უნდა დაუშვას. “

პროვოკაციები დაშვებულ იქნა. ამ მხრივ, პუტინს ახალი დრო ნამდვილად არ მოუტანია. რუსეთის მხრიდან ახალი პროვოკაციების საშიშროებას საქართველოში მუდმივად გრძნობენ. საქართველოს ჯერ კიდევ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს პუტინის სიტყვების ხან სჯერათ,ხანაც არა და მაინც რუსეთის მიმართ ისინი, ძველებთან შედარებით, უფრო თამამი პოლიტიკის გატარებას ცდილობენ. ორი ქვეყნის პრობლემატურ ურთიერთობებზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილი ხაზგასმით აცხადებს ხოლმე, რომ მზად არის რუსეთთან ყველა პრობლემა მოლაპარაკების გზით გადაჭრას, თუმცა ასეთ შემთხვევებში ყოველთვის განმარტავს, რომ ყველაფერს გააკეთებს საქართველოს შიდა საქმეებში გარეშე ძალების პროვოკაციული ჩარევის აღსაკვეთად.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ჩვენ არანაირი სხვა ალტერნატივა, გარდა მშვიდობიანი მოლაპარაკებებისა, არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და არ მივცემთ არავის საშუალებას დააფიქსიროს საქართველოსთან თუნდაც მცირე შეიარაღებული კონფლიქტი. “

ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ გამარჯვებად მიიჩნია ცხინვალის რეგიონში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან აცილება, რასაც, ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებებით, სწორედ რუსეთი გეგმავდა.
მაგრამ ასეთ განმარტებებს არ მოჰყოლია ქმედითი ნაბიჯები კონფლიქტის ზონაში რუსეთის როლის გასანეიტრალებლად. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ სიმკაცრეს იჩენს სიტყვიერ განცხადებებში და ასეთ განცხადებებს ჯერჯერობით თან არ ურთავს შესაბამის გადაწყვეტილებებს. საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ასეთ პოლიტიკას მაინცდამაინც არ იწონებს. აი, რა გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა 7 ოქტომბერს, როცა მას რუსეთის იუბილარ პრეზიდენტზე საუბარი ვთხოვეთ:

[ერთ-ერთი მოქალაქის ხმა] “რუსეთის პრეზიდენტი კარგად ახერხებს რუსეთის საგარეო ინტერესების დაცვას. სხვა საქმეა, თუ რუსეთის ინტერესებში ვხვდებით ჩვენ. ეს უკვე საქართველოს მთავრობის მოსაგვარებელი საქმეა . რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები არ გვიშველის, თუ მთავრობა რუსეთის მიმართ უფრო ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს. “

საპროტეტო აქცია 7 ოქტომბერს თბილისში სტუდენტებმა მოაწყვეს . ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს მათ საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკის გაპროტესტება და რუსეთის დუმის დეპუტატების - ვლადიმირ ჟირინოვსკისა და დიმიტრი როგოზინის - ფოტოების დაწვა გადაწყვიტეს. “ხელები შორს საქართველოდან! “- ასეთი იყო მათი მთავარი მოწოდება. მოკლედ 7 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღე ქართველმა სტუდენტებმა თავისებურად მიულოცეს, 6-ში კი კინოთეატრ “ამირანში” დოკუმენტური ფილმების მოყვარულმა საზოგადოებამ, კონოფესტივალ “პრომეთეს” ფარგლებში, ჰოლანდიელი რეჟისორის მიერ საქართველოში გათხოვილ პუტინის დედაზე გადაღებული ფილმი იხილა. ფესტივალის ორგანიზატორის გაგა ჩხეიძის თქმით მაყურებელმა დიდი ინტერესით მიიღო ეს საინტერესო ფილმი:

[გაგა ჩხეიძის ხმა] “ შეიქმნა, მართლაც, საოცარი პორტრეტი ხანშიშესული ადამიანისა, რომელმაც მთელი ცხოვრება გაატარა კასპის რაიონში. საოცარი ბედის ადამიანია. ვერა პუტინაც ესწრებოდა ამ პრემიერას და მაყურებელს ძალიან აუჩუყა გული მისმა გამოსვლამ ბოლოს. “

ვერა პუტინა კასპის რაიონში მცხოვრები ის ქალბატონია, რომელიც ამდენი ხანია ირწმუნება, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დედაა.
XS
SM
MD
LG