Accessibility links

logo-print

თბილისელი ებრაელები 7 ოქტომბერს “სიმხათ თორას” დღესასწაულს აღნიშნავენ


ებრაელი ხალხი 7 ოქტომბერს “სიმხათ თორას” დღესასწაულს აღნიშნავს. “სიმხათ თორას”, ანუ “თორით გამოწვეულ სიხარულს”, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცხოვრები

იუდეველები “სუქოთის” მერვე დღეს ზეიმობენ. აღნიშნული დღესასწაული თორის კითხვის განახლებას უკავშირდება და მასში, დიდებთან ერთად, პატარა ბავშვებიც მონაწილეობენ. ამ დღეს მსოფლიო ებრაელობა საზეიმო ვითარებაში ხვდება. ცხადია, გამონაკლისს არც ჩვენი თანამოქალაქენი წარმომადგენენ. როგორ აღნიშნავენ “სუქოთსა” და “სიმხათ თორას” დღესასწაულს თბილისში?

შემოდგომაზე, როცა ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, ადამიანების უმეტესობა, როგორც წესი, მკვიდრად ნაშენსა და კარგად გამთბარ ბინებს მიაშურებს ხოლმე და გარეთ, ანუ სიცივეში, გამოსვლისაგან თავს იკავებს. თუმცა სულ სხვანაირად იქცევიან თბილისელი ებრაელები, რომლებიც, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცხოვრები თანამემამულეების მსგავსად, წელიწადის ამ დროს - უფრო ზუსტად კი, ოქტომბრის თვის პირველი რვა დღის განმავლობაში - ოჯახურ სიმყუდროვესა და კომფორტს სახელდახელოდ აშენებულსა და ტოტებით გადახურულ ქოხებში, ანუ “სუქოთში”, ცვლიან. ერთ ამგვარ ქოხს მე თბილისში, პირველი სკოლის უკან, ლესია უკრაინკას ქუჩაზე, მივაგენი. კიდევ ერთის მისამართი თბილისელმა ებრაელებმა მასწავლეს:

[მამაკაცის ხმა] “თქვენ რომ ახვიდეთ ახლა თუმანიანზე, ჩვენი სკოლა რომ არის, ხომ იცით, ახლა წავიდნენ იქ, სადაც “სუქოთის შალაშებია”, სადაც პურს ვჭამთ, იქ მიდით და ყველაფერზე კონკრეტულ პასუხს მოგცემენ.”(სტილი დაცულია)

ებრაულად “სუქ” ქოხს, ხოლო “სუქოთ” ქოხებს ნიშნავს. ებრაელთა წმინდა წიგნის, თორას, მიხედვით, კარავში ცხოვრების ეს დღეები, ანუ “სუქოთი”, იუდეველთა ერთ-ერთ ყველაზე დიდი დღესასწაულია. მისი მნიშვნელობის განმარტება რაბინ იოსიფ მანაშეროვს ვთხოვე, მაგრამ სასულიერო პირმა, რომელსაც მე ლესელიძის ქუჩაზე მდებარე სინაგოგასთან შევხვდი, იმის გამო, რომ სუქოთის მერვე დღე განსაკუთრებულ დღესასწაულადაა მიჩნეული, ჩანაწერის გაკეთებაზე უარი მითხრა.


[იოსიფ მანაშეროვის ხმა] “ჩვენი წესით, ამ დღეს არ შეიძლება მიკროფონში ლაპარაკა, ისევე როგორც - შაბათს. გუშინ რომ მოსულიყავით, დიდი სიამოვნებით; ორ დღეში რომ მოხვიდეთ, დიდი სიამოვნებით. დღეს… უკაცრავად, ჩვენც ჩვენი წესები გვაქვს.”

დიქტოფონს მიღმა კი ამიხსნა, რომ “სუქოთი” ებრაელი ხალხის ეგვიპტიდან გამოსვლას უკავშირდება. 40 წლის მანძილზე უდაბნოში ხეტიალისას იუდეველებს ხომ სწორედ სახელდახელოდ აშენებულ ქოხებში უწევდათ ცხოვრება. ღვთისგან ბოძებული ეს ქოხები ისრაელის შვილებს იცავდა როგორც დღის მწველი სიცხისა, ასევე ღამის სუსხიანი ქარებისაგან. რაბ ისოფის თქმით, “სუქოთი” მხიარული დღესასწაულია და იგი, ეგვიპტიდან გამოსვლის გარდა, მოსავლის დაბინავებასა და წლის შედეგების შეჯამებასთანაც ასოცირდება. “სუქოთის” დროს ქოხებში მყოფი ებრაელები
მღერიან და მხიარულობენ.

[ისმის მუსიკის ხმა]

სუქოთის მერვე დღეს ემთხვევა “სიმხათ თორა”, ანუ “თორით გამოწვეული სიხარულის” დღესასწაული. ამ დღეს ებრაელები “ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნის” წაკითხვის 54 კვირიან ციკლს ასრულებენ და ახალს იწყებენ. გამოაქვთ ყველა თორა, რომლებსაც “ბიმა”-ზე, ანუ იმ ადგილზე ალაგებენ, სადაც ჯამაათი ლოცულობს და ცეკვა-სიმღერით შვიდ წრეს უვლის.

[ისმის სიმღერის ხმა]

რამდენად მნიშვნელოვანია შემოდგომის დღესასწაულები თბილისელი ებრაელებისათვის? მე ამ კითხვით ქუჩაში მოსიარულე, კიპათი თავდამშვენებულ თანაქალაქელებს მივმართე.

[მამაკაცის ხმა] “ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მთავრდება შემოდგომის დღესასწაულების ერთთვიური, ახალი წლიდან დაწყებული და ჩვენი თორის დღესასწაულებით დასრულებული.”

ეს დავითია. ბატონი ბენიამინი და მისი მეგობრები კი “სიმხათ თორასა” და თორას მნიშვნელობაზე საუბრობენ:

[მამკაცის ხმა] “თორაზე დგას მთელი მსოფლიო. გამჩენმა მოგვცა ეს თორა და სიმხიარულით აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს”.

[მამკაცის ხმა] “ეს არის ხერხემალი, მასზე არის აწყობილი მთელი ცხოვრება. უიმისოდ ცხოვრება არ შეიძლება.”

ბოლოს კი გეტყვით იმას, რომ საქართველოში ებრაელთა რიცხვი წლიდან წლამდე კლებულობს. 1989 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, საქართველოში 10 ათას 300 ებრაელი ცხოვრობდა, 2002 წლის მონაცემებით კი, მათი რაოდენობა 2 ათას 300-ს არ აღემატება.
XS
SM
MD
LG