Accessibility links

logo-print

აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება სამოქალაქო ომის თავიდან აცილებას ცდილობს


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იმდენად დაიძაბა ვითარება სეპარატისტთა პოლიტიკურ ძალებს შორის,

რომ ოფიციალური სოხუმი სამოქალაქო ომის საშიშროების წინაშე დადგა. ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად მოვლენათა მსვლელობაში, მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა ჩაერია. მან პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატი რაულ ხაჯიმბა, რომელმაც არჩევნებში წარუმატებლობა განიცადა, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადააყენა და მის შემცვლელად რუსეთის მოქალაქე ნოდარ ხაშბა დანიშნა.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისაგან ხელდასხმული კანდიდატის, რაულ ხაჯიმბას, იოლი გამარჯვება რომ ვერ მოხერხდებოდა, ეს კენჭისყრის დამთავრებისთანავე გამოჩნდა. გასულ წლებში პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას უმოქმედობით მომძლავრებულმა ოპოზიციამ მოპოვებული ხმების ბოლომდე დაცვა შეძლო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების გაუქმების საშუალება არ მისცა. კომისიამ მხოლოდ გალის რაიონის საარჩევნო შედეგები გააუქმა, რომლის გარეშე, მაინც ლიდერობს ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში. სწორედ ამ პროცესებში დაინახა არძინბამ სამოქალაქო ომის გაჩაღების საშიშროება და უმალვე შეცვალა პრემიერ-მინისტრი.

[თენგიზ პაჭკორიას ხმა] ”ეს არის მცდელობა გაამაგრონ არძინბას გუნდის პოზიციები და შეასუსტონ ოპოზიცია. როგორ გამოუვათ, ამის თქმა ძალიან რთულია, იმიტომ რომ, ჩემი აზრით, ეს დაგვიანებული ნაბიჯია.”

როგორც სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია ამბობს, არძინბას უკან მდგომი პოლიტიკური ძალები, სამოქალაქო ომმა კი არა, ხელისუფლების დაკარგვის საფრთხემ შეაშინა. არძინბას გადაწყვეტილებით, მთავრობის ხელმძღვანელობა დაევალა სოხუმის ყოფილ მერს, ახლა კი რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მაღალჩინოსანს ნოდარ ხაშბას.

იგი ირწმუნება, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური იქნება და აფხაზეთში ეკონომიკის გამოცოცხლებასაც შეძლებს. თუმცა ძნელი სათქმელია, რომ ამ დაპირებებმა გალის რაიონის მოსახლეობის განწყობა შეცვალოს.
იქ მცხოვრებ ქართველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ 3 ოქტომბერს სერგეი ბაღაფშს მისცა ხმა და ამას აპირებს 17 ოქტომბერსაც, განმეორებითი კენჭისყრის დროს.

[თეა შონიას ხმა] ”ვრცელდება ასეთი ინფორმაცია, რომ ბაღაფშს ჰყავს ქართველი მეუღლე. სხვები ამბობენ, რომ ქართველი დედა ჰყავს და ამან დევნილებში იმედი გააჩინა. ისინი ფიქრობენ, რომ შეიძლება მოლაპარაკება მოხერხდეს დევნილთა დაბრუნების შესახებ და ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ ბაღაფშზე.”

გალში მცხოვრები ქართველების პოზიციის შესახებ რადიო “თავისუფლების” პარტნიორი რადიოსადგურის ”ათინათის” კორესპონდენტი თეა შონია საუბრობდა. გალელი დევნილების მსგავსი პოზიცია აქვს საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილსაც.

[თენგიზ პაჭკორიას ხმა] ”ეს დაჯგუფება - ბაღაფში, ანქვაბი და კიდევ რამდენიმე კაცი - ვითომ პროქართულად არის ორიენტირებული. სინამდვილეში, ისინი არ არიან პროქართული ორიენტაციის, მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, ითვლებიან უფრო ზომიერ, უფრო ლოიალურ და წესრიგის მოყვარულ პოლიტიკოსებად.”

რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის პოლიტიკოსებთან გაცილებით გაუადვილდება მოლაპარაკების წარმოება ოფიციალურ თბილისს, ფიქრობს სოხუმიდან დევნილი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. თუმცა ჯერჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერია. თანამდებობიდან გადაყენებული რაულ ხაჯიმბა ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებს და აფხაზეთის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის, არჩევნების შედეგების საერთოდ გაუქმების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG