Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების რეფორმის თანმდევი ერთი პრობლემა


უკვე დაწყებულია იმ 200 პედაგოგის მომზადება, რომლებმაც მომავალ წელს მისაღებ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი უნდა გაასწორონ. უქმნის თუ არა

სახელმწიფო ყველა აბიტურიენტს თანაბარ პირობებს? ამ კითხვაზე ორი გულწრფელი პასუხი არსებობს: “დიახ” და “არა”. მინდა გესაუბროთ რეფორმის ერთ წინააღმდეგობრივ ასპექტზე.

მივყვეთ თანმიმდევრობით. იმისათვის, რომ 30 000 თუ მეტი ნაწერი სამართლიანად გასწორდეს, აუცილებელია მკაცრი კრიტერიუმების ჩამოყალიბება. ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში სამი ნაწილისგან შედგება: ენა, ლიტერატურა და წერითი დავალება. წერითი დავალება, იგივე თხზულება, რვა კრიტერიუმით სწორდება, რომელთაგან ჩამოვთვლით რამდენიმეს: ნაშრომის შინაარსობრივი მხარე და მოცულობა; ტექსტის ორგანიზება და ლოგიკურად აგება; დასაბუთება და ციტირება; დამოუკიდებელი აზროვნება; ლექსიკა და სტილი... და ასე შემდეგ. კრიტერიუმების სიზუსტე აუცილებელი პირობაა ნაწერების თანაბრად გასწორებისთვის და, ამ თვალსაზრისით, აბიტურიენტის უფლებები მაქსიმალურად არის დაცული. მაგრამ პუნქტების არასრული ჩამონათვალიც კი ცხადყოფს, რომ მომავალ წელს აბიტურიენტს სულ სხვა ყაიდის ცოდნა მოეთხოვება, ვიდრე გასულ წლებში. მკაცრი ჩარჩოს შექმნა თავისთავად გულისხმობს, რომ გამოცდაზე მისული ადამიანი მაინცდამაინც ამ ჩარჩოს ფარგლებში უნდა იყოს მომზადებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაისჯება.

მაგალითად, გასულ წლებში აბიტურიენტები ამზადებდნენ მიმოხილვით თემებს, ვთქვათ, “მიჯნურობა ვეფხისტყაოსანში” ან “პოეტის დანიშნულება ილიასა და აკაკის შემოქმედებაში”. ასეთი თხზულების გასწორებისას მკაცრი კრიტერიუმები არ არსებობდა და არც იმას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, აბიტურიენტი გამოცდისთვის თბილისში ემზადებოდა, თელავში თუ მარტვილში. წელს წერითი დავალება მოითხოვს არა ზედაპირულ და ვრცელ, არამედ ღრმა და კონკრეტულ ცოდნას. მაგრამ იმ 200 მასწავლებლის გარდა, რომელიც ტესტების გასწორებაში ვარჯიშობს, დანარჩენმა მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ახალი მოთხოვნების შესახებ თითქმის არაფერი იციან. მართალია, მალე გამოვა წიგნი, სადაც დაიბეჭდება გასწორებული თუ გაუსწორებელი ტესტების ნიმუშები, კომენტარები და შენიშვნები, მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად ვერ იქნება. მხოლოდ ამ წიგნზე დაყრდნობით, სოფლის მკვიდრი მოსწავლე ვერ აღმოჩნდება თანაბარ სასტარტო პირობებში იმ აბიტურიენტებთან, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ და რომლებსაც გაცილებით მეტი საშუალება აქვთ, თავისი ცოდნა ახალ მოთხოვნებს მოარგონ. იმ 200 მასწავლებლიდან, რომელმაც იცის, როგორ უნდა შეივსოს ტესტი მაღალი ქულის მოსაპოვებლად, აბსოლუტური უმრავლესობა თბილისელია. არავინ უწყის, როდის ჩააღწევს რეფორმა თბილისიდან შორს მცხოვრები მასწავლებლების და მოსწავლეების ცნობიერებამდე, მაგრამ მათ ოჯახებში კი მალე შეიჭრება და, საფიქრებელია, რომ ბევრ პრობლემასაც შეიტანს.
XS
SM
MD
LG