Accessibility links

ახალი ვნებათაღელვა აჭარაში - მოსახლეობა ხულოსა და შუახევის გამგებლების გათავისუფლებას ითხოვს


რამდენიმე დღის წინ აჭარის სამართალდამცავებმა ხულოსა და შუახევის გამგებლები ამირან ტაკიძე და ოთარ ცეცხლაძე დააკავეს. დაკავება მორიგ საჩვენებელ ღონისძიებას ჰგავდა.

სხვადასხვა ტელევიზიების საშუალებით მოსახლეობამ იხილა რამდენად უხეში ფორმით მოხდა გამგებლების დაკავება. სამართალდამცავი ორგანოები მათ ხე-ტყით უკანონო ვაჭრობაში სდებენ ბრალს, ხულოსა და შუახევის მოსახლეობა კი ფიქრობს, რომ, გამგებლების სახით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ განტევების ვაცი გამოძებნა და ხე-ტყით უკანონო ვაჭრობაზე საკუთარი პასუხისმგებლობა მათზე გადაიტანა. ხულოელები და შუახეველები გამგებლების გათავისუფლებას ითხოვენ.

აჭარის უმაღლესი სასამართლოს შენობის წინ შეკრებილი ადამიანები 8 ოქტომბერს ამაოდ ელოდნენ ორშაბათს დაკავებული გამგებლების ამირან ტაკიძისა და ოთარ ცეცხლაძის თავდებით გათავისუფლებას.
გამგებლების დაკავების ფაქტის გასაპროტესტებლად ხულოსა და შუახევის რაიონებიდან ბათუმისკენ დაძრულმა ხალხმა ქალაქში ძლივს შეაღწია. მათი ნაწილი აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბათუმში არ შეუშვეს.

აჭარის უმაღლესი სასამართლოს შენობის წინ შეკრებილებს ჰქონდათ იმედი, რომ დაკავებულებს დღის 4 საათზე გამოუშვებდნენ, - თავდებში მათ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები უდგებოდნენ, - მაგრამ, როგორც შუახევის გამგებლის ოთარ ცეცხლაძის მეუღლემ გვითხრა, 4 საათზე დაკავებულების გათავისუფლების შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, ხალხიც დაიშალა, დაკავებულები კი არ გაათავისუფლეს.

[ნანული ზოიძის ხმა] “სოფლიდან მომავალი ხალხი დაარბიეს. სულ ჭორის გულისთვის ჰყავთ დაკავებული ხალხი. მთელი მთავრობა აითესა. ჯერ თქვეს, ვარშალომიძე თბილისშიაო, მერე გვითხრეს, ვერტმფრენით ღორჯუმში გადაფრინდაო და ვართ ასე ცარიელი შენობის წინ. “

ხულოსა და შუახევის რაიონების გამგებლები რამდენიმე დღის წინ დიდი ხმაურით დააკავეს. მათ ხე-ტყით უკანონო ვაჭრობაში ადანაშაულებენ. ხე-ტყით უკანონოდ ვაჭრობა აჭარაში ბოლო დროს, მართლაც, გასცდა ზღვარს, მაგრამ ხალხი ფიქრობს, რომ ამის გამო ჯოხი გამგებლებზე არ უნდა გადატეხილიყო. ამას გარდა, ხალხი უკიდურესად გააღიზიანა გამგებელთა დაკავების ფორმამ, საქმეში სპეცრაზმის ჩარევამ.

[თამაზ დიასამიძის ხმა] “ვარშალომიძის სტილი აქვს - ძლიერი ხელის სტილი. გახსოვთ მოვაჭრეების დარბევა. არ მოაქვს ამას ქულები ხელისუფლებისთვის და პრეზიდენტისთვის. როგორც ჩანს, პრეზიდენტს დაუდეს საბუთები ამ ხალხის დანაშაულში დასარწმუნებლად, მაგრამ, არა მგონია, პრეზიდენტი კარგად იყოს ინფორმირებული იმაში, რაც ხდება. “

დეპუტატ თამაზ დიასამიძის თქმით, აჭარის მთიანეთში ხის ჭრას, რაც პირადად აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის მითითებით სკოლების მოსამარაგებლად ხდებოდა , ხე-ტყის უკანონო ბიზნესით დაკავებული არაერთი ადამიანი მიეკედლა. სკოლებისთვის დამზადებული ხის მასალის ნაწილი სულ სხვა მიმართულებით გაედინებოდა და ამ ფაქტის გამო პროტესტი, გამგებლების გარდა, არავის გამოუთქვამს. “პოლიციაც და პროკურატურაც დანაშაულზე თვალს ხუჭავდა და როცა საზოგადოებამ და, მათ შორის, მოძრაობამ “ჩვენი აჭარა” ხე-ტყის უკანონო ჩეხვის გამო საკითხი მძაფრად დააყენა, მთელი პასუხისმგებლობა გამგებლებს დაეკისრათ. არადა, პასუხი მათ ზემდგომ პირებასაც მოეთხოვებათო,”- გვითხრა თამაზ დიასამიძემ. გაცილებით მძაფრ განცხადებებს აკეთებს დეპუტატი კობა დავითაშვილი, რომელმაც გამგებლების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ბათუმში პრესკონფერენცია ჩაატარა. “ ხე-ტყით უკნონო ვაჭრობას აჭარაში პირადად ვარშალომიძე ლობირებს. ტყე უკანონოდ იჩეხება ქედის და ხელვაჩაურის რაიონებშიც, მაგრამ იქაურ გამგებლებს არავინ ერჩისო,” -ამბობს დავითაშვილი და დასძენს, რომ ცეცხლაძის და ტაკიძის დაკავება მათი პოლიტიკური შეხედულებებით უნდა იყოს განპირობებული, თუნდაც იმით , რომ თავის დროზე მათ ღიად დაუჭირეს მხარი აჭარის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნას.
XS
SM
MD
LG