Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა ფინანსურ ამნისტიას აცხადებს - უპრეცედენტო გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობას ისახავს მიზნად


საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, ფინანსთა სამინისტრო პრაქტიკულად უკვე შეუდგა ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მომზადებას.

კანონპროექტი პარლამენტში 20 ოქტომბრამდე უნდა შევიდეს. კანონის ამოქმედების შემდეგ კი ბიზნესმენები 2004 წლის 1 იანვრამდე არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების, ფინანსებისა და ქონების ლეგალიზებას შეძლებენ. ფინანსური ამნისტიის ძირითადი პრინციპების პრეზენტაცია ჯერ კიდევ თებერვალში განხორციელდა. მას შემდეგ გასული რამდენიმეთვიანი ინტერვალის დაძლევა და ფინანსური ამნისტიის თემის აქტუალიზება ამჯერად, ძირითადად, საგადასახადო კოდექსის ცვლილებების პროექტის მომზადებას დაუკავშირდა. საგადასახადო კოდექსის ცვლილებების კანონპროექტთან ერთად, ფინანსური ამნისტიის კანონპროექტის განხილვასაც პარლამეტში მწვავე დებატებს უწინასწარმეტყველებენ.

კანონპროექტის ძირითადი პრინციპი 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავად ჩამოაყალიბა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]” ეს არის საგადასახადო ამნისტია. ვერავინ ვერანაირ საგადასახადო დავალიანებას 1 იანვრამდე 2004 წლისა ვერც ერთ ბიზნესს ვეღარ მოსთხოვს.”

ვერ მოსთხოვს და არც შეუმოწმებს. საქართველოს სამართალდამცავი და მაკონტროლებელი ორგანოები, კანონპროექტის თანახმად, ბიზნესმენებს სრულ ნდობას გამოუცხადებენ და დეკლარირებული ფინანსური ვალდებულებების შესრულების მდგომარეობას არ გადაამოწმებენ.

[ვიტალი კვინიხიძის ხმა]” ის ბიზნესმენები, რომლებსაც ეგ არ ეხებათ და არიან სუფთა და თავისუფალნი ყოველგვარი მოვალეობისაგან, ბიუჯეტია თუ სახელმწიფოს წინაშე, ბუნებრივია გულდაწყვეტილნი იქნებიან: მოგვეპარა და ჩვენც შეგვრჩებოდაო, მაგრამ რომ უნდა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას და მართლა დაიწყოს ათვლა, ბუნებრივია, ეს გარდაუვალია.”(სტილი დაცულია)

სააქციო საზოგადოება “თბილისური საფუარის” დირექტორის ვიტალი კვინიხაძისგან განსხვავებით, საკუთარი მოსაზრების გამოხატვისგან ჯერჯერობით თავს იკავებს ფირმა “ყაზბეგის” ხელმძღვანელი გოგი თოფაძე:

[გოფი თოფაძის ხმა]” ძნელია, რა. მე არა მჯერავს მაინცდამაინც ძაან ბევრი ამ მთავრობისა და, მოდით, გამოცხადდეს და მერე გავაკეთოთ კომენტარი.”(სტილი დაცულია)

ბიზნესმენთა ჩვენ მიერ დაჯგუფებული ორი კატეგორიის გარდა, არის ქართველ მეწარმეთა მესამე კატეგორია, აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს გადასახადებს უმალავდა ორმაგი, სამმაგი ბუღალტერიით. დამალული გადასახადების დეკლარირება ბიზნესმენთა ამ ნაწილისათვის, სავარაუდოდ, კვლავაც ძალაში რჩება - ექსპერტები კანონპროექტის დებულებების ჩამოყალიბებამდე საგადასახადო ამნისტიის შესახებ თებერვალში გამოქვეყნებული ზოგადი პრინციპების მიხედვით მსჯელობენ. ამ ექსპერტთა რიგშია ნიკო ორველაშვილიც:

[ნიკო ორველაშვილის ხმა]”ამნისტიის გარდა, ყველაფერია. მანდ არის ძირითადი მოთხოვნა: მოდით, აღიარეთ, მემთხვიეთ ხელზე და მოგცემთ ინდულგენციასო. ამნისტია ამ დროს ასე არ ხდება, აღიარებასთან ამას არანაირი კავშირი არა აქვს. ცხედდება პირდაპირ, რომ ამ პერიოდში, ასეთი ქმედებისთვის არ დაისჯება და მორჩა. ეს კი დამოკიდებულია აღიარებაზე. და მერე, მეორე - ვთქვათ, გამოცხადდა მანდ ბიზნესმენი და თქვა, რომ 999 000 ლარი დამალა. იქნებ მილიონი დამალა, იქნებ შეეშალა თვითონ და სულაც 900 დამალა. ისევ და ისევ ძალიან ბევრი რამეა გაურკვეველი და ეს ცუდი სტილი ჩანს: მე ვარ და ჩემი ნაბადი.”

საქართველოში ფინანსური ამნისტიის ძველი და ჯერჯერობით ერთადერთი განმარტების თანახმად, 2004 წლის 1 იანვრამდე ბიზნესმენს, რომელმაც ბიუჯეტს მილიონ ლარზე ნაკლები დაუმალა, დანაშაული ეპატიება; ის კი, ვინც მილიონს გადააჭარბა, ვალს, რესტრუქტურიზაციის შემდეგ, გრაფიკით გადაიხდის.

ბიზნესმენებმა საფინანსო და ქონებრივი დეკლარაცია კანონის ძალაში შესვლიდან 12 თვის განმავლობაში უნდა წარადგინონ. ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც ქონება ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობით, ტრეფიკინგსა და ტერორიზმში მონაწილეობით დააგროვა. არც მათ, ვის წინააღმდეგაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და განხორციელებულია საპროცესო შეთანხმება.
XS
SM
MD
LG