Accessibility links

ერთ-ერთი თემა, რომელიც გასულ კვირაში საქართველოს პრესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ერთ-ერთი თემა, რომელიც გასულ კვირაში საქართველოს პრესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, 3 ოქტომბერს აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ჩატარებული

საპრეზიდენტო არჩევნებია. პრესაში აგრეთვე გაშუქდა ისეთი საკითხები, როგორიცაა: საქართველოსა და რუსეთის დებატები ევროსაბჭოში, დაპირისპირება საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის. ჟურნალისტებს არც ეკონომიკური პრობლემატიკისთვის აუვლიათ გვერდი.

ჯერ აფხაზეთის არჩევნების თემას შევეხები. 7 ოქტომბრის გაზეთ “ხვალინდელი დღის” თქმით, “რუსი პოლიტიკოსების,პოლიტტექნოლოგების, მომღერლებისა თუ მოცეკვავეების “შრომამ” ამაოდ ჩაიარა. აფხაზებმა განსაკუთრებით ვლადიმირ ჟირინოვსკის არ დაუფასეს “ამაგი”.

გაზეთი წერს: “კრემლის ფავორიტმა ხაჯიმბამ არჩევნებში მარცხი განიცადა, არადა, არძინბას მემკვიდრის “გასაპრეზიდენტებლად” რუსეთმა საკმაოდ დიდი დრო, ფული და ენერგია დახარჯა. თუმცა, როგორც ჩანს, ფსონი ხაჯიმბაზე შეცდომით დადო. შესაბამისად, მომავალში რუსეთის გავლენა აფხაზეთზე შესუსტდება, რაც კრემლის ინტერესებში, აშკარად, არ შედის.

რუსეთის იმედების გაცრუებისთვის მოქმედმა პრეზიდენტმა არძინბამ მის მემკვიდრედ წოდებული რაულ ხაჯიმბა სამაგალითოდ დასაჯა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე რუსეთის მოქალაქე ნოდარ ხაშბა დანიშნა”.

7 ოქტომბრის გაზეთ “რეზონანსის” თქმით, “მიუხედავად იმისა, რომ აფხაზურმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თითქოსდა, იპოვა “ოქროს შუალედი” და გალში ხელახალი არჩევნები დანიშნა, სოხუმიდან მაინც შემაშფოთებელი ცნობები მოდის.”

გაზეთის ინფორმაციით, “თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი რაულ ხაჯიმბა აპროტესტებს საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას 17 ოქტომბერს განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების მხოლოდ გალის რაიონში ჩატარების თაობაზე. ხაჯიმბას დაგეგმილი აქვს უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება.”

“რეზონანსი” წერს: “...აფხაზეთში დენთის სუნი სულ უფრო მძაფრად იგრძნობა...სერგეი ბაღაფშის მომხრეები სამშაბათს მთელი ღამის განმავლობაში სოხუმის ქუჩებში მანქანებით და დროშებით მოძრაობდნენ და მოსახლეობას საკუთარი ხმების დაცვისკენ მოუწოდებდნენ.

მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა, პუტინის რჩეულმა ხაჯიმბამ კატეგორიულად მოითხოვა არჩევნების ბათილად გამოცხადება და მეორე ტურის ჩატარება. ოფიციალური მოსკოვი კი ხაჯიმბას პრეზიდენტობისთვის ბრძოლას სხვა მეთოდებით აგრძელებს.

გაზეთის ცნობით, ფსოუს საზღვართან რუსეთის მხარეს უკვე მობილიზებულია რუსეთის არმიის სპეცდანიშნულების რაზმები, კერძოდ კი, მაიკოპის სამხედრო ბაზის მოიერიშე ბატალიონი და სხვები. საჭიროების შემთხვევაში, ისინი მზად არიან ჩაერიონ შიდააფხაზურ გარჩევებში.”

გასულ კვირაში პრესამ ვრცლად გააშუქა დებატები, რომლებიც ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სესიაზე გაიმართა საქართველოსა და რუსეთს შორის.
8-10 ოქტომბრის გაზეთ “ახალი ვერსიის” თქმით, “სესიაზე საქართველოს გაცილებით მეტი გულშემატკივარი აღმოაჩნდა, ვიდრე რუსეთს.

“მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, რუსეთი სამხრეთით ღიად უჭერს მხარს სეპარატიზმს”, -ეს განცხადება ევროსაბჭოს სესიაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა მათიას იორშმა გააკეთა”.
როგორც წერილშია აღნიშნული, “მსგავსი განწყობა იგრძნობოდა სხვა წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა მხრიდანაც.”

გაზეთი აგრეთვე წერს: “საერთაშორისო საზოგადოებას უნდა დავანახვოთ, რომ რუსეთი კვლავ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს”, - ასეთ განცხადებას აკეთებდა დებატებამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც სტრასბურგში სპეციალურად დებატებში მონაწილეობის მისაღებად ჩაფრინდა.

ბოლო წუთებამდე რუსეთი დებატებისთვის თავის არიდებას ცდილობდა. არგუმენტი არც ისე ნათელი იყო - რუსული ლოგიკით, დებატები კონფლიქტების მოგვარებას ხელს არ შეუწყობდა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ რუსეთს დებატებში მონაწილეობა ერთადერთი მიზეზით არ სურდა: მან ძალიან კარგად იცოდა, რომ დემოკრატიული ევროპის წინაშე თავის მართლება და საკუთარი არგუმენტების დასაბუთება გაუჭირდებოდა.”

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის კონფლიქტზეა საუბარი 7 ოქტომბრის გაზეთ “24 საათის” წერილში, სადაც ნათქვამია, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ამგვარი დაპირისპირება პირველად ხდება.
როგორც გაზეთი წერს, “ეს დაპირისპირება ჯერჯერობით მწვავე ხასიათს არ ატარებს და,ძირითადად, რეპლიკების გაცვლითა და ქარაგმული მინიშნებებით შემოიფარგლება, მაგრამ მაინც იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის ურთიერთობები ნამდვილად არ არის იდილიური.”

გაზეთის თქმით, “არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ კონფლიქტი თავად მთავრობის მიერ იყოს ინსპირირებული და იმ კულუარული ბრძოლის გამოძახილს წარმოადგენდეს, რომელიც, სავარაუდოდ, მინისტრთა კაბინეტის შიგნით მიმდინარეობს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი პოლიტიკურ ინტრიგებს კატეგორიულად ემიჯნება და უარყოფს ვარაუდს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის სავარძელს უმიზნებს.”

“საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მომხდარი საჯარო დაპირისპირების საბაბი კი გახდა ის ფაქტი, რომ საწევრო გადასახადის გადაუხდელობის გამო საქართველოს გაეროში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა.
ამასთან დაკავშირებით დეპუტატები ხელს საგარეო საქმეთა მინისტრისკენ იშვერენ და მისგან განმარტებას ითხოვენ.

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილიც გაოცებულია იმით, რომ ამ საკითხს პარლამენტი ორი თვის დაგვიანებით, მხოლოდ მაშინ იხილავს, როდესაც გაეროში საქართველოსთვის ხმის აღდგენის საკითხი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია.”

ახლა კი ეკონომიკურ პრობლემატიკას შევეხებით. 8 ოქტომბრის გაზეთ “ხვალინდელი დღის” თქმით, “ახალი საგადასახადო კოდექსის საბოლოო ვარიანტზე მთავრობა და ეკონომიკური ექსპერტები ვერ შეთანხმდნენ.”

გაზეთი წერს: “გადამხდელთა კავშირისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებული შეხვედრა, სადაც მთავრობას ოპონენტთა შენიშვნები უნდა მოესმინა, უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრაზე მისულ მეწარმეებს სიტყვა არ მისცეს. ვისაც გულისტკივილი ათქმევინეს, მათი არგუმენტები ისეთი უსუსური გამოდგა, ნოღაიდელს სასაცილოდ არ ეყო.”

“სულ უმნიშვნელო კრიტიკას, რომელიც ორიოდე ადამიანმა გაბედა, ფინანსთა მინისტრისა და პრემიერის ისეთი გაღიზიანება მოჰყვა, სხვა ბიზნესმენებმა კითხვის დასმაც ვერ გაბედეს. მთავრობის წევრებმა შეხვედრა კამყოფილებმა, გამარჯვებულის იერით დატოვეს, ბიზნესმენებმა და ექსპერტებმა კი ფურშეტით დაიმშვიდეს გული.”

9 ოქტომბრის პრესა იტყობინება, რომ წინა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა ბიზნესმენებისთვის შეპირებული საფინანსო ამნისტია გამოაცხადა. გაზეთი “24 საათი” წერს: “მართალია, კანონპროექტი ჯერ კიდევ არ არის მზად, მაგრამ იდეა ისეც ცოცხლობს. პირველი პრეზენტაციიდან რამდენიმე თვის თავზე ამ იდეამ შედარებით კონკრეტული სახეც შეიძინა.”

“პრეზიდენტის თქმით, ბიზნესის ლეგალიზაციის შესახებ კანონის ამოქმედების დღიდან მაკონტროლებელი და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღარ მოხდება 2004 წლის პირველ იანვრამდე განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის შემოწმება, ხოლო სამართალდამცავ და მაკონტროლებელ ორგანოებს ეკრძალებათ ბიზნესმენების მიერ დეკლარირებული ფინანსებისა და ქონების წარმომავლობის შემოწმება.”

გაზეთი “ახალი თაობა” აღნიშნავს, რომ “მთავრობის სხდომაზე მცირე შეკამათებაც მოხდა: სახელმწიფო მინისტრმა გურამ აბსანძემ, რომელიც ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის მუდმივ ოპონენტად იქცა, შევარდნაძის დროს განხორციელებული პრივატიზაციის კანონიერების შესწავლა და მისი შედეგების გადახედვა მოითხოვა, რაზეც პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრისგან უარი მიიღო.”
XS
SM
MD
LG