Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპონენტებს საგადასახადო კოდექსისათვის საბრძოლველად თვეზე მეტიღა დარჩათ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ პარლამენტში დებატების დაწყებამდე საგადასახადო კოდექსის პროექტის საბოლოო ”რეპეტიცია” გაიარა, კვირის ბოლოს კი

პრეზიდენტმა მთავრობასთან ერთად დიდი ხნის შეპირებული საგადასახადო ამნისტიაც გამოაცხადა, რომელიც კანონპროექტად ჩამოყალიბდება და ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას გადაეცემა განსახილველად. ამდენად, ხელისუფლებამ ფორმალურად თავისი დაპირება შეასრულა და საგადასახადო ლიბერალიზაციასთან ერთად ფინანსური ამნისტიაც ”გამოაცხო”.

ახალ საგადასახადო კოდექსის პროექტში საბოლოო ცვლილებების შესატანად მინისტრთა კაბინეტმა სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში“ ბიზნესელიტასთან შეხვედრა მოაწყო. ამ შეხვედრის შედეგი არაერთგვაროვანია, რადგან ზოგიერთისათვის ის კომპრომისის მაგალითად იქცა, ზოგს კი პოპულიზმის ზეობად მოეჩვენა. საერთოდ, საქართველოში, როგორც წესი, გარეგნულ ეფექტს უფრო ექცევა ყურადღება და ხშირად საზოგადოების ინტერესის მიღმა რჩება არცთუ უმნიშვნელო დეტალები, რომელთაც შეუძლიათ პრინციპულად თავდაყირა დააყენონ ნებისმიერი, თუნდაც იდეაში მეტად კეთილშობილური, დებულება.

”მეტეხში” შეხვედრამდე კოდექსის ოპონენტები, საერთო ჯამში, იწონებდნენ რა ზოგად შინაარსს, თავიანთი შენიშვნების პრინციპულობაზეც მსჯელობდნენ. მთავრობის ნაწილი კი არანაირ კომპრომისს არ ცნობდა. შედარებით ლოიალური იყო პრემიერ-მინისტრი ჟვანია, რომელიც არ გამორიცხავდა ცალკეული შენიშვნების გათვალისწინებას. ამ შეთხვევაში ყველას თავისი ინტერესი ჰქონდა: ბიზნესს აინტერესებს რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით, ანუ ნაკლები გადასახადით, მეტი მოგება მიიღოს, მთავრობა დაინტერესებულია მეტი გადასახადი ამოიღოს თავისი სოციალური ვალდებულებების უკეთ შესასრულებლად, პოლიტიკოსები კი ყოველივე ამის უკეთ ”შეფუთვას” და სათავისოდ გამოყენებას ეცდებიან.

კოდექსის ზედმეტად ლიბერალიზაციის წინააღმდეგია ფინანსთა მინისტრი, რაც სრულიად ბუნებრივია, თუმცა შეხვედრის წინ არც ის გამორიცხავდა მცირედ კომპრომისს, მაგრამ ამ შესაძლო დათმობების ობიექტი მკვეთრად შემოსაზღვრული იყო.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”აქციზების გადასახადებში ცვლილებები ვერ შევა, ადმინისტრირების ნაწილში ცვლილებები შეიძლება შევიდეს უმნიშვნელო. ქონების გადასახადის ნაწილში ვნახავთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ იყოს შენიშვნები მაქსიმალურად გათვალისწინებული. მაგრამ სერიოზული შინაარსობრივი ცვლილებები ვერ შევა. კოდექსი უნდა იყოს ადმინისტრირებადი და დაწესებული გადასახადები უნდა იყოს ამოღებადი.”

კოდექსის პირველ ვარიანტში საუბარი იყო ქონების - მაგალითად, 100 კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი ფართობის - დაბეგვრაზე, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ზურაბ ჟვანიას განცხადებით, კერძო პირთა ამ გადასახადის ნაცვლად, ამიერიდან განისაზღვრება ოჯახის ერთ სულზე შემოსავლის რაღაც ლოგიკური ზღვარი და ამის მიხედვით დაიბეგრება ის, ვინც თავისი შემოსავლით არ მიეკუთვნება ღატაკთა ფენას.

საბოლოოდ, გარეგნული კომპრომისი შედგა, რომელიც, ძირითადად, კერძო პირთათვის ქონების გადასახადს შეეხო. ანუ ის საკითხი, რომელიც პრესაში და საჯარო გამოსვლებში ყველაზე მეტი სიმწვავით განიხილებოდა, ოპონენტთათვის ბრძოლით მოპოვებულ გამარჯვებად, პრემიერის და ფინანსთა მინისტრის მხრიდან კი საზოგადოებასთან კონსენსუსის დემონსტრირებად იქცა. უკმაყოფილო დარჩა მხოლოდ ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ქონების გადასახადის ამგვარ ტრანსფორმირებას პოპულიზმად და პოლიტიკურ კონიუნქტურად მიიჩნევს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”თუ ჩვენ ქონების გადასახადს ამოვიღებთ, ამით, ფაქტობრივად, ვშლით საზოგადოებას. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ საზოგადოების ქონება და აზრი არ გვაინტერესებს, ფეხებზე გვკიდია.”

ქონების გადასახადი თავისი შინაარსობრივი და არა იმდენად ფისკალური არსით არის საინტერესო. ამ გადასახადის ფილოსოფია მდგომარეობს შემდეგში: მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ქონებას (და სხვადასხვა მასშტაბით ჩვენ ყველა რაღაცის მფლობელი ვართ), ნებაყოფლობით იხდიან ფულს იმაში, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი ქონების სათანადო დაცვა. თუ როგორ იცავდა ან დაიცავს სახელმწიფო ჩვენს ქონებას, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ქონების გადასახადის, ფაქტობრივად, გაუქმება, რაც, უდავოდ, პოლიტიკური ჟესტია, ექსპერტების მიერ არასწორ ფსიქოლოგიურ აქტად აღიქმება, განსაკუთრებით, იმ მენტალური მემკვიდრეობის ფონზე, როდესაც ჩვენთან არც არავინ იხდიდა გადასახადს და არც სახელმწიფო იწუხებდა თავს ეზრუნა თავისი მოქალაქეების ქონებასა და უსაფრთხოებაზე. მიუხედავად ამ უხერხულობისა, თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ პარლამენტი ამ ცვლილებას ერთხმად მიიღებს, რადგან საკანონმდებლო ხელისუფლება, როგორც წესი, უფრო პოლიტიზებულია, ვიდრე მთავრობა, რომელმაც კომპრომისი დაუშვა.

საერთო ჯამში, პოლიტიკურად კმაყოფილი დარჩა ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს, რომ რევოლუციური და ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგადასახადო კანონი ექნება მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, და ბიზნესელიტა, რომელმაც ”ყვავს კაკალი მაინც გააგდებინა” და, მართლაც დრაკონული საგადასახადო პოლიტიკის ნაცვლად, გაცილებით შემსუბუქებული ფისკალური წნეხი მიიღო.

თუმცა ამ კამათის მიღმა დარჩა საკითხი, რომელიც, ექსპერტების აზრით, არანაკლებ პრინციპულია, ვიდრე ის, თუ რამდენი მოსაკრებელი დარჩება, ან რა განაკვეთი იქნება ამა თუ იმ გადასახადზე. საუბარია სახელმწიფოს - ანუ, ამ შემთხვევაში, საგადასახადო და სამართალდამცავ სტრუქტურებსა - და გადამხდელს შორის დამოკიდებულებაზე. ბევრი ფიქრობს, რომ ეს დამოკიდებულება ამჟამად არსებული კოდექსის პათოსისგან ბევრად განსხვავებული არ არის. აცხადებენ, რომ საგადასახადო ორგანოებს განუსაზღვრელი უფლებები რჩებათ და, კანონის უზენაესობის ნაცვლად, მათ ქმედებებში განუზომლად მაღალია სუბიექტივიზმის რისკი. ”მემარჯვენეთა” ლიდერს დავით გამყრელიძეს ეს დამოკიდებულება მგლისა და კრავის ურთიერთობას აგონებს:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”განსაზღვრულია ისეთი ურთიერთობები, რომელიც წააგავს მგლისა და კრავის ურთიერთობას. მგელი, რა თქმა უნდა, არის ბატონი ზურაბ ნოღაიდელი, მთელი თავისი არმიით. როგორც გადამხდელი, თითოეული ადამიანი - მეწარმეც, ფიზიკური პირიც - არის კრავის როლში. ანუ მგელი ყოველთვის მართალია და კრავი არის დამნაშავე. ჩვენი მიდგომა და სურვილი ყოველთვის იყო ის, რომ ყველა ჩავაყენოთ თანაბარ პირობებში. ბატონებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ხელისუფლება არსებობს მხოლოდ ერთი მიზნით: მოქალაქეებმა ისინი დაიქირავეს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ამ ხელისუფლებამ მათი უსაფრთხოება, მათი ქონების დაცვა და მათი კეთილდღეობა.”(სტილი დაცულია)

მოკლედ, ასე თუ ისე, საგადასახადო კოდექსის პროექტის მთავრობისეული ვარიანტი, ფაქტობრივად, უკვე მზადაა. ოპონენტებს კი ”დამატებითი რაუნდისათვის” - ანუ საპარლამენტო განხილვების დასრულებისათვის -მოსამზადებლად ჯერ კიდევ დაახლოებით თვე-ნახევარი აქვთ.
XS
SM
MD
LG