Accessibility links

logo-print

სამოქალაქო მილიტარიზმი და საზოგადოებრივი საბჭოები


რას ნიშნავს სამოქალაქო მილიტარიზმი და რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს მას საზოგადოებრივ საბჭოებთან? რატომ არის განსაკუთრებით აქტუალური დღევანდელ

საქართველოში ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთობა? ვის აძლიერებს და ვის ასუსტებს ხალხის ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებაში?

23 სექტემბერს რადიომ “ეხო მოსკვი” რუსეთის მომავალზე სასაუბროდ მიიწვია სახელმწიფო სათათბიროს წევრი ვლადიმირ რიჟკოვი, პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი სერგეი მარკოვი და ჟურნალისტი ალექსანდრ გოლცი. საუბრის თემა იყო სახელისუფლო ვერტიკალის გაძლიერება და, ამ პროცესის პარალელურად, დემოკრატიის პრინციპების იგნორირება ვლადიმირ პუტინის მიერ. თემის განხილვისას ალექსანდრ გოლცმა გაიხსენა ალფრედ ვოგტი და მისი თეორია “თანამედროვე მილიტარიზმის” შესახებ. ამ თეორიის მიხედვით, მილიტარიზმი დღეს - ეს არის სახელმწიფოს მთავარი პრობლემების გადაწყვეტა არა საჯარო, არამედ დახურული ბიუროკრატული მეთოდებით. ვოგტის ცნობილი ტერმინი “სამოქალაქო მილიტარიზმი”, “ეხო მოსკვის” სტუმრების აზრით, ზედმიწევნით მიესადაგება თანამედროვე რუსეთს.

რა მდგომარეობაა, ამ მხრივ, საქართველოში? პუტინის კვალდაკვალ, მიხეილ სააკაშვილმაც მართვის ცენტრალიზებული, დახურული სტილი აირჩია. ამ არჩევანმა კი, რუსეთის მსგავსად, საქართველოშიც ბუნებრივად გამოიწვია დემოკრატიის შეზღუდვა. შესაძლოა, სადავო იყოს, რამდენად ზუსტად ასახავს “სამოქალაქო მილიტარიზმის” ცნება იმ სახელმწიფო წესრიგს, რომელსაც “ვარდების ხელისუფლება” ამკვიდრებს; ოღონდ ის კი უდავოა, რომ გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებასა და მიღებაში მონაწილე ადამიანების რიცხვი საქართველოში მკაცრად არის შეზღუდული.

ცენტრალიზაციის პროცესი ოფიციალურად გაფორმდა მიმდინარე წლის 2 თებერვალს, როდესაც ჯერ კიდევ ძველმა პარლამენტმა ნაჩქარევად მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც ექსპერტები კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ. თანდათან სახელისუფლო პოლიტიკა სულ უფრო მეტად გახისტდა, რის შედეგადაც, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა წრეს გამოეთიშა არათუ ექსპერტთა შემადგენლობა, არამედ ხელისუფლების წევრთა საგრძნობი ნაწილიც.

რუსული პოლიტიკის ექსპერტებს “ეხო მოსკვის” ეთერში არ უსაუბრიათ იმის შესახებ, თუ რას უპირისპირებს მათი საზოგადოება აღმასრულებელი ვერტიკალის გაძლიერების და დემოკრატიის დასუსტების თანმიმდევრულ პოლიტიკას. საქართველოში კი იკვეთება ერთი ტენდენცია, რომელიც ძალიან ჰგავს მცდელობას, რომ ნელ-ნელა ჩამოყალიბდეს “სამოქალაქო მილიტარიზმის” და მისი ავანგარდის - მცირერიცხოვანი, მაგრამ გავლენიანი ბიუროკრატიის - საპირწონე ძალა.

რა არის ამ ტენდენციის არსი? - იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების უმაღლესი ეშელონი ზღუდავს მოქალაქეების მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესში და ხელისუფლების წევრთა ქმედებასაც მკაცრად აკონტროლებს, - ამა თუ იმ თანამდებობის პირთან სულ უფრო ხშირად იქმნება საზოგადოებრივი საბჭო.

ასეთი საბჭო ადრეც ბევრი იყო, მაგრამ ისინი, როგორც წესი, მხოლოდ ფორმალურად არსებობდა. დღეს კი ვითარება პოლიტიკური მომენტის შესაბამისად იცვლება. როგორც ჩანს, ახალი საბჭოები ქმედით და ორმხრივ სასარგებლო ორგანოდ არის ჩაფიქრებული. ერთი მხრივ, საზოგადოებრივი საბჭო აღდგენილი ხიდია ხალხსა და კონკრეტულ ხელისუფალს შორის და, ამდენად, სასარგებლოა ხალხისთვის. მეორე მხრივ, საბჭო აძლიერებს იმ თანამდებობის პირს, ვის მიერაც არის შექმნილი და ვისაც ამა თუ იმ საკითხზე ეთათბირება. მაგალითად, თუ რომელიმე თანამდებობის პირს მისი ზემდგომები გამოთიშავენ მმართველი ჯგუფიდან და არ მისცემენ დამოუკიდებელი ქმედების საშუალებას, მას შეუძლია, შექმნას მრჩეველთა საბჭო და ყველა მეტ-ნაკლებად მტკივნეული საკითხი მათთან შეათანხმოს. ეს უკვე იქნება არა ერთი ადამიანის, არამედ მრავალი გონიერი და ავტორიტეტული მოქალაქის პოზიცია და გადაწყვეტილება. ცეტნრალიზებული მართვის პირობებშიც კი, როცა ადვილია მავანი ჩინოვნიკის შეზღუდვა აღმასრულებელი ვერტიკალის მეშვეობით, არც ისე ადვილია საზოგადოებრივი საბჭოს იგნორირება. ასე რომ, ნებისმიერი თანამდებობის პირი შეიძენს ძალას, თუკი საკუთარ ნაბიჯებს გააფორმებს, როგორც ავტორიტეტულ ორგანოსთან შეთანხმებულ გადაწყვეტილებებს. ოღონდ რეალურად მოქმედი საზოგადოებრივი საბჭო ხელს აძლევს მხოლოდ იმ თანამდებობის პირს, რომელიც თავადაც საჯარო ყაიდის მოღვაწეა და არ ცნობს ჩრდილოვან ურთიერთობებს.

ქმედით საზოგადოებრივ საბჭოებს შეუძლია, ერთი მხრივ, მართვის პროცესში შეიტანოს ხალხის ინტერესები და მეტ-ნაკლებად გაარღვიოს ძალაუფლების ვერტიკალი; მეორე მხრივ, ასეთ საბჭოს შეუძლია, რეალურად გააძლიეროს მართვის ის რგოლები, რომლებიც საჯარო პოლიტიკაზეა ორიენტირებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ფორმა, რომელსაც, სავარაუდოდ, ქართული საზოგადოება დაუპირისპირებს “სამოქალაქო მილიტარიზმის” პოლიტიკას.
XS
SM
MD
LG