Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველებისა და ქისტების ერთობლივი დოღი პანკისის ხეობაში


ჯერ კიდევ ორი წლის წინ “კრიმინალურ ანკლავად” და საერთაშორისო ტერორისტების თავშესაფრად წოდებული პანკისის ხეობა, რომელიც, ძირითადად, ქისტებით,

ეთნიკური ჩეჩნებით, არის დასახლებული, ნორმალური ცხოვრების კალაპოტს უბრუნდება. მიუხედავად ამ მაღალმთიანი რაიონის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა, ადამიანები ახერხებენ იმ უნიკალური კავკასიური ტრადიციების შენარჩუნებას, რაც ოდითგანვე აერთიანებდათ ქართველებსა და ვაინახებს. ერთ-ერთი მათგანია დოღი, მხედრების შეჯიბრება, რომელიც შაბათს პანკისის ხეობის სოფელ ომალოში გაიმართა.


პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტებისათვის დოღი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სპორტული სანახაობაა. ცხენთა რბოლაში გამარჯვებულ მხედარს, ისევე როგორც კარგ მონადირეს, მთის ხალხი განსაკუთრებულ პატივს სცემს. ამიტომ ყოველი ბიჭი აქ ლამის ფეხის ადგმიდან სწავლობს ცხენზე ჯდომას და ოცნებობს მოიგოს დოღი. ასეთი ოცნება საფლავში წაიღო 14 წლის ალეკო ხოხობაშვილმა. მამით ქართველი და დედით ქისტი დუისელი ბიჭი, შარშან 9 სექტემბერს ტყეში შეშის მოტანის დროს უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. წლისთავზე დაღუპულის სულის მოსახსენებლად მისმა ბიძამ, ხეობაში ცნობილმა მეცხვარემ სოსო ბექაურმა, საკუთარი ხარჯებით ქისტი და თუში მხედრების დოღი მოაწყო. თუმცა, სანამ ცხენთა შეჯიბრი დაიწყებოდა, ცხენზე შემჯდარმა 82 წლის გოგი ქოთილაიძემ, თუშეთში განთქმულმა მოდალავემ და მონადირემ, ქისტებთან ერთად ხმით დატირების რიტუალი შეასრულა:

[გოგი ქოთილაიძის დატირება]


თუმცა გოგი ქოთილაიძის მისია იმ დღეს ომალოში დატირების რიტუალით არ ამოწურულა. 82 წლის ჯანიანმა მოხუცმა დოღში მონაწილე ცხენებს ნაკურთხი ქერი შეაჭამა, რძით დაუბანა ფეხები, რაც, ტრადიციის თანახმად, ცხენს გამძლეობას ჰმატებს, და ცხენდაცხენ მიაცილა ჭაბუკი მხედრები სოფელ დუისამდე, საიდანაც დოღი უნდა დაწყებულიყო. მე გულმა არ მომითმინა, იქვე არ მეკითხა ძია გოგისთვის, თუ ვის უფრო კარგი ცხენები ჰყავთ - თუშებს თუ ქისტებს.

[გოგი ქოთილაიძის ხმა]

ამასობაში ცხენებზე ამხედრებულმა მოასპარეზეებმა სტარტთან მოიყარეს თავი. დოღში სულ 20 სხვადასხვა ასაკის მხედარი მონაწილეობდა. შეჯიბრების ტრასად პირდაპირ სამანქანო გზა იქნა შერჩეული. სტარტის ადგილი იყო სოფელი დუისი, ფინიშის ალამი კი სოფელ მატნის შემოსასვლელთან, მაღაზიის შენობასთან, იყო აღმართული. გამარჯვებულისათვის პრიზები დოღის ორგანიზატორმა სოსო ბექაურმა დააწესა: პირველ ადგილზე გასულს - ალამი და ყოჩი, მეორე ადგილზე გასულს - ბატკანი, მესამე, მეოთხე ადგილისათვის კი - პერანგი და წინდები. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაში მონაწილე ცხენებს არ ჰქონდათ დადგმული უნაგირი, რაც, სოსო ბექაურის თქმით, ასევე მთაში გავრცელებული ტრადიცია ყოფილა.

[სოსო ბექაურის ხმა]

მანქანებში მსხდომი და ქუჩაში გამოფენილი ქისტები და თუშები აღტაცების შეძახილებით ამხნევებდნენ მხედრებს. დოღი ხომ, ფაქტობრივად, ერთადერთი თავშესაქცევი და გასართობი სანახაობაა უშუქობითა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემით შეჭირვებული ქისტებისათვის.

[ცხენების ფეხის ხმა]

თავდაპირველად კარგა ხანს დოღში დუისელი მუხმატას ქურანი ლიდერობდა, მაგრამ ზუსტად ფინიშის სწორზე 16 წლის ბაქარ უმარაშვილი დაწინაურდა და გამარჯვებაც სწორედ მას ხვდა წილად. ფინიშთან ახალგაზრდა მხედარი და ცხენიც ერთნაირად ოფლში გახვითქულები მიიჭრნენ.

[ბაქარ უმარაშვილის ხმა]

მაგრამ დოღი პანკისის ხეობაში ამით არ დასრულებულა. როდესაც ცხენთა შეჯიბრება დაღუპულის ხსოვნისთვის იმართება, ტრადიციის თანახმად, გამარჯვებული მხედარი ვალდებულია ცოტა ხნით გარდაცვლილის სურათთან დადგეს დროშითა და ცხენით და წუთიერი დუმილით პატივი მიაგოს მის ხსოვნას. როცა ეს სავალდებულო ტრადიციული წესი სრულდება, მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ უფლება ქალებს ხმით დაიტირონ მიცვალებული, როგორც ეს შაბათს ალეკო ხოხობაშვილის ბებიამ გააკეთა ჩეჩნურ და ქართულ ენებზე.
[გარდაცვლილის ბებიის ხმა]

ხოხობაშვილებისა და ბექაურის ოჯახმა დოღის შემდეგ ქელეხი გადაიხადა და მასზე ოთხასამდე ქისტ, თუშ და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ნაცნობ-მეგობარს მოუყარა თავი. სტუმრებს შორის იყო რამდენიმე უცხოელი, მათ შორის, ახალგაზრდა ინგლისელი ქართველოლოგი ლორენს ბროვერსი, რომელმაც სამი თვის წინ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა საქართველოში ნაციონალური პოლიტიკის შესახებ. ნანახის თაობაზე ლორენს ბროვერსმა რადიო “თავისუფლებას” საკუთარი მოსაზრება გაუზიარა.

[ლორენს ბროვერსის ხმა]

დოღს პანკისის ხეობაში არ დასწრებია საქართველოს არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი - ადამიანები, რომელთაც თანამდებობრივად ევალებათ ხელი შეუწყონ და განავითარონ ნაციონალური ტრადიციები მრავალეროვან საქართველოში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG