Accessibility links

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ავღანეთში გაურკვეველი ვითარებაა


ავღანეთში მიმდინარეობს მოლაპარაკება შაბათს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული უთანხმოების მოგვარების მიზნით.

შეერთებული შტატების წარგზავნილი ზალმაი ხალილზადი ცდილობს, დაიყოლიოს პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მოწინააღმდეგეები, უარი თქვან გამოთქმულ მუქარაზე და აღიარონ კენჭისყრის შედეგები. ამასობაში, არჩევნების ორგანიზატორები - როგორც თვით ავღანეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ -, კმაყოფილებას არ მალავენ ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობის გამო და სიამოვნებით აღნიშნავენ, რომ კენჭისყრამ სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა. რადიო "თავისუფლების" სპეციალური კორესპონდენტი რონ სინოვიცი ქაბულში ესაუბრა არჩევნების ორგანიზატორებსა და რამდენიმე უცხოელ ექსპერტს.

ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში არჩევნების ერთობლივი საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ფარუყ ვარდაკმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ენთუზიაზმის გამო, რომლითაც ავღანელი ამომრჩეველი ქვეყნის ისტორიაში პირველ პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებს შეხვდა. თუმცა, ვარდაკს არ დაუმალავს, რომ კენჭისყრის პროცესში არაერთი შეცდომაც იყო დაშვებული.

[ფარუყ ვარდაკის ხმა] "მადლობა ავღანელ ხალხს, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა. მადლობა ათასობით ახალგაზრდა ავღანელს, რომლებმაც თავდაუზოგავად იშრომა საარჩევნო უბნებზე, მადლობა საერთაშორისო ექსპერტებსაც. ჩვენ კი ჯერაც ვსწავლობთ. აქ დაშვებულ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც გაცილებით უფრო რთული იქნება."

პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის 15-ვე მეტოქე ერთხმად აცხადებს, რომ ამომრჩევლებს სულ იოლად შეეძლოთ ხელიდან მათი მარკირებისთვის გამოყენებული მელნის მოცილება; ამიტომ მათ, ვინც მოტყუებითა თუ შეცდომის წყალობით ერთბაშად რამდენიმე სარეგისტრაციო ბარათს ფლობდა, საშუალება ეძლეოდათ, ხმა რამდენიმეჯერ მიეცათ. სწორედ ამიტომ, იყო, რომ ოპოზიციონერთა ბანაკიდან გაისმა მოწოდება არჩევნების ბოიკოტისკენ. ამ მოწოდებას თავად პრეზიდენტმა კარზაიმ უპასუხა და ბოიკოტის განზრახვასთან დაკავშირებით გულისტკივილი გამოთქვა.

[ჰამიდ კარზაის ხმა] "გული მეტკინა, როცა გუშინ ბოიკოტის ამბავი შევიტყე. გული მეტკინა, როგორც ავღანელს. ეს ხომ ავღანელი ხალხის არჩევნები იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა ჩვენს ისტორიაში, და ამდენი ტანჯვა-წამების შემდეგ, როცა ავღანელი ხალხი ხმის მისაცემად წავიდა - მილიონობით, სიხარულითა ზარ-ზეიმით."

ჰამიდ კარზაის თქმით, ავღანელი ხალხი ენთუზიაზმით შეხვდა არჩევნებს და საკუთარი პოზიცია საარჩევნო უბნებზე მისვლით გამოხატა.

[ჰამიდ კარზაის ხმა] "ავღანელი ხალხი წავიდა და ხმა მისცა; და ხმის მიცემით დაადასტურა ტერორიზმის მარცხი; მარცხი ყველა იმ ძალისა, ვისაც ავღანეთში მშვიდობა არ სურდა."

თუ ავღანეთიდან მიღებული უკანასკნელი ცნობებით ვიმსჯელებთ, ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობა მზად არის, უარი თქვას ბოიკოტის განზრახვაზე და დაემორჩილოს დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის დასკვნებს. აი, რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით არჩევნებში ჰამიდ კარზაის ერთ-ერთმა ძირითადმა მეტოქემ, ქვეყნის ყოფილმა ვიცე-პრეზიდეტმა მოჰამად მოჰაყეყმა.

[მოჰამად მოჰაყეყის ხმა] "მოვუწოდებ გაეროს, ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება და უზრუნველყოს ამ გამოძიებაში კანდიდატების წარმომადგენელთა მონაწილეობა. თუ ეს კომისია გამოაცხადებს, რომ არჩევნები გაყალბებულ იქნა, მაშინ აუცილებელი შეიქნება კენჭისყრის ხელმეორედ ჩატარება."

გადაწყვეტილება კომისიის ჩამოყალიბების შესახებ უკვე მიღებულ იქნა. როგორც არჩევნების ერთობლივი საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რეი კენედიმ განაცხადა, მან გაეროს მიმართა თხოვნით, შექმნას სამკაციანი კომისია, რომელსაც კენჭისყრის პროცესში აღრიცხული დარღვევების გამოძიება დაევალება. კენედის თქმით, სამშაბათ საღამომდე კანდიდატებს საშუალება ექნებათ, წერილობით გამოთქვან პროტესტი ამა თუ იმ დარღვევასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG