Accessibility links

logo-print

''სუპერმენის'' გარდაცვალების გამო


იყო დრო, როცა ქრისტოფერ რივის სახელი შეერთებულ შტატებში ბავშვმაც კი იცოდა. არც არის გასაკვირი: სწორედ რივი ასრულებდა მთავარ როლს "სუპერმენზე" გადაღებულ კინოფილმებში,

სწორედ ის ესახებოდა გმირად მილიონობით ამერიკელ ახალგაზრდას, სწორედ მას ეტრფოდნენ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები. ბოლო ცხრა წელიწადი ქრისტოფერ რივმა ინვალიდის ეტლში გაატარა, კვირას საღამოს კი გავრცელდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ.

ქრისტოფერ რივი კვირას, გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი 52 წლის იყო. მსახიობის ბიოგრაფის, უესლი კომბსის ცნობით, შაბათიდან მოყოლებული რივი უგონოდ იყო.

ქრისტოფერ რივმა სახელი 70-იანი წლების მიწურულს გაითქვა, როცა კომიქსების სახელგანთქმული გმირის - სუსტთა ქომაგისა და ბოროტთა მძლეველის - "სუპერმენის" კინემატოგრაფიული სახე შექმნა. 1995 წლის მაისში, იმხანად ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი ვირჯინიის შტატში, საცხენოსნო შეჯიბრების დროს ცხენიდან ჩამოვარდა და, ხერხემლის მძიმე მოტეხილობის შედეგად, წელს ქვემოთ დამბლა დაემართა. ერთ ხანს მას დამხმარე აპარატის გარეშე სუნთქვაც კი არ შეეძლო, მაგრამ თანდათან იმდენად მომჯობინდა, რომ, ინვალიდის ეტლში მჯდომმა, აქტიური კომპანია წამოიწყო ზურგის ტვინის ტრავმებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებათა სამეცნიერო კვლევის გაფართოების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ეტლზე მიჯაჭვული იყო, რივს ხშირად ნახავდით სხვადასხვა მასშტაბის საქველმოქმედო ღონისძიებებზე და, არცთუ იშვითად, სწორედ მისი მეცადინეობით ხერხდებოდა სამედიცინო კვლევისთვის მილიონობით დოლარის შეგროვება.

ქრისტოფერ რივი 1952 წლის 25 სექტემბერს, ნიუ იორკში დაიბადა. მისი მამა მწერალი იყო, დედა - ჟურნალისტი. გარეგნულმა მონაცემებმა, 193-სანტიმეტრიანმა სხეულმა და ათლეტურმა აღნაგობამ რივის წარმატება მოუტანა 1978 წელს, როცა ჰოლივუდში "სუპერმენის" როლის შემსრულებელს ეძებდნენ. თვით ურთულეს ტრიუკებსაც კი რივი კასკადიორების დაუხმარებლად ასრულებდა. "სუპერმენის" როლში რივი სულ ოთხჯერ მოგვევლინა. თავის გმირზე უკვე დამბლადაცემულმა მსახიობმა ერთხელ ასეთა რამ თქვა:

[ქრისტოფერ რივის ხმა] "მუდამ მჯეროდა, რომ მთავარი იყო, გმირის პოზა არ მიმეღო. სუპერმენი არ უნდა ყოფილიყო თვითკმაყოფილი სახე. სულ ვცილობდი, მისგან მეგობარი შემექმნა. ერთ ეპიზოდში ლოის ლეინი მას ეკითხება, ვინ ხარო, და ისიც სწორედ ამას ამბობს: მეგობარი ვარო."

კინოხელოვნებასთან კავშირი რივს არც მძიმე ტრავმის შემდეგ გაუწყვეტია. ბოლო ცხრა წლის მანძილზე მისი რეჟისორობით არაერთი სატელევიზიო პროექტი განხორციელდა. გარდა ამისა, მან გეასრულა მთავარი როლი ალფრედ ჰიჩკოკის ცნობილი ფილმის, "უკანა ფანჯრის" რიმეიკში. სხვათა შორის, ამ როლისთვის რივმა შეერთებული შტატების მსახიობთა გილდიის ჯილდო დაიმსახურა.

რივი ორი წიგნის ავტორია. მათგან ერთ-ერთს ასეთი სათაური აქვს: "შეუძლებელი არაფერია". და რაოდენ გაცვეთილიც უნდა იყოს ეს სიტყვებია, ქრისტოფერ რივმა თავისი ცხოვრებით (განსაკუთრებით კი მისი ბოლო ცხრაწლიანი მონაკვეთით) დაამტკიცა, რომ შეუძლებელი ამქვეყნად მართლაც არაფერია.

[მუსიკა კინოფილმ "სუპერმენიდან"]
XS
SM
MD
LG