Accessibility links

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო შეშფოთებას გამოთქვამს ერაყში ბირთვული მასალების გაქრობის გამო


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო გამოთქვამს გაფრთხილებას, რომ ერაყიდან ქრება სპეციალური აღჭურვილობა და მასალები,

რომელთა გამოყენება შეიძლება ბირთვული ან რადიოაქტიური ე.წ. "ჭუჭყიანი" ბომბის შესაქმნელად. გაეროს უშიშროების საბჭოს სახელზე გაგზავნილ წერილში სააგენტოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ გამქრალ ბირთვულ ნივთიერებათა მოცულობა სახიფათო მასშტაბს აღწევს. ამასთანავე, სააგენტოს დირექტორი მოჰამედ ბარადეი დასძენს, რომ დაკარგული მასალის მოძიების საქმეში მას არც შეერთებული შტატები ეხმარება და არც ერაყის დროებითი მთავრობა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა ერაყი 2003 წლის მარტში დატოვეს - ომის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე. რაც შეეხება დაბრუნებას, თავად ექსპერტთა მზადყოფნის მიუხედავად, ვაშინგტონი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

შესაბამისად, სააგენტოს სპეციალისტები იძულებული ხდებიან, კვლევა სატელიტურ ფოტომასალაზე დაყრდნობით გააგრძელონ. სწორედ ამ ფოტომასალის შესწავლის შედეგად ავრცელებენ ისინი შემაშფოთებელ ცნობას: ყველა ის შენობა, რომელიც 1991 წლის სპარსეთის ყურის ომამდე არსებობდა და ამა თუ იმ სახით ერაყის ბირთვულ პროგრამას უკავშირდებოდა, დანგრეულია, ხოლო ამ შენობებში შენახული მაღალი სიზუსტის აღჭურვილობა - გამქრალი.

სააგენტოს პრესმდივნის მელისა ფლემინგის თქმით, მოჰამედ ბარადეი უშიშროების საბჭოს სამ თვეში ერთხელ უგზავნის ანგარიშს ერაყში არსებული მდგომარეობის შესახებ და ორშაბათის წერილიც მორიგი ასეთი ანგარიშია. ომის დაწყებიდან მოყოლებული ატომური ენერგიის სააგენტოს არაერთხელ გამოუთქვამს შეშფოთება ერაყის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მაგრამ ამჯერად - როგორც მელისა ფლემინგი ამბობს - ბარადეიმ უშიშროების საბჭოს აცნობა, რომ პრობლემა სულ უფრო სახიფათო ხასიათს იძენს.

[მელისა ფლემინგის ხმა] "ყველას ყურადღება მიიქცია მისმა ცნობამ, რომ სატელიტური ფოტოსურათების შესწავლის შედეგად - ჩვენ ხომ ადგილზე მუშაობის შესაძლებლობას მოკლებული ვართ - დადგინდა, რომ მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი და მიზანმიმართული დაშლა იმ ობიექტებისა, რომლებიც უწინ ერაყის ბირთვული პროგრამის ნაწილს შეადგენდა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექციების საგანი იყო."

მელისა ფლემინგის თქმით, სწორედ ამ შენობებში ინახება (თუ ინახებოდა) ნივთიერებები, რომელთა გაქრობაც ექსპერტთა შეშფოთებას იწვევს. მაგალითად, იქ იყო ე.წ. "ორმაგი გამოყენების" აღჭურვილობა - ანუ, ისეთი მოწყობილობა, რომლის გამოყენება შესაძლებელია როგორც მრეწველობაში, ისე ბირთვული იარაღის შესაქმნელად. და თუ ნივთიერებები ან აღჭურვილობა "შავ ბაზარზე" მოხვდა, ისინი, შესაძლოა, ხელში ჩაუვარდეთ ე.წ. "ჭუჭყიანი ბომბის" დამზადების მსურველთ - იქნება ეს რომელიმე სახელმწიფოს მთავრობა თუ ტერორისტული ორგანიზაცია.

რამდენად რეალურია პერსპექტივა, რომ გაეროს ექსპერტები ერაყში საქმიანობას განაახლებენ? როგორც იმავე მელისა ფლემინგმა განაცხადა, ექსპერტები საამისოდ მზად არიან.

[მელისა ფლემინგის ხმა] "არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ ერაყში დავბრუნდეთ და მეთვალყურეობა განვაახლოთ. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება უშიშროების საბჭოს პრეროგატივაა. უშიშროების საბჭომ კი ივნისში მიღებულ რეზოლუციაში განაცხადა, რომ აპირებს, გადასინჯოს ატომური ენერგიის სააგენტოსა და გაეროს სამეთვალყურეო კომისიის მანდატები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვით მზადყოფნა, დავბრუნდეთ ერაყში."

ექსპერტთა მზადყოფნის მიუხედავად, ვაშინგტონი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ჯერჯერობით ეწინააღმდეგება ერაყის ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო მონიტორინგის განახლებას.
XS
SM
MD
LG