Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბოლოდროინდელმა პრესამ დიდი ადგილი დაუთმო აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების თემას.


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის ბოლოდროინდელმა პრესამ დიდი ადგილი დაუთმო აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების თემას. დღევანდელ მიმოხილვაში გესაუბრებით აგრეთვე გამოხმაურებაზე,

რომელიც ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსა და რუსეთის დებატებს მოჰყვა.

როგორც ცნობილია, 11 ოქტომბერს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა სერგეი ბაღაფშმა.

12 ოქტომბრის გაზეთი “კომერსანტი” აქვეყნებს ინტერვიუს არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატთან. კორესპონდენტის კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, საბოლოოა თუ არა გადაწყვეტილება თქვენი გამარჯვების შესახებო, სერგეი ბაღაფშმა უპასუხა: “ვიმედოვნებთ, რომ ეს ასეა, მაგრამ, რასაკვირველია, ყველაფრისთვის მზად ვართ. შეიძლება რაღაც ხრიკებს მიმართონ, ამას შეჩვეულები ვართ, მაგრამ, ვფიქრობ, თავს გავართმევთ ყველაფერს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მეტად დაძაბულები ვიყავით, მაგრამ მოთმინება გამოვიჩინეთ და, საბოლოოდ, გამარჯვებაც მოვიპოვეთ.”

საინტერესოა, რას წერდა რუსეთის პრესა არჩევნებთან დაკავშირებით წინა კვირაში. მაგალითად, 7 ოქტომბრის გაზეთ “მოსკოვსკი კომსომოლეცის” თქმით, “საიდუმლო არ არის, რომ საქართველოში ბაღაფშს და განსაკუთრებით მის უკან მდგომ მოსკოველ ბიზნესმენს ალექსანდრ ანქვაბს “თავისიანად” მიიჩნევენ. “როგორც ჩანს, იმიტომ, - დასძენს გაზეთი, - რომ ის ქართველზეა დაქორწინებული და 70-იან წლებში საქართველოს ცენტრალურ კომიტეტში მუშაობდა თბილისში.”

გაზეთი წერს: “რამდენად საფუძვლიანია ქართველთა იმედები, ძნელი სათქმელია, მაგრამ ხაჯიმბას მომხრეები მთელი სისრულით იყენებენ ამ ფაქტს ბაღაფშის წინააღმდეგ. ანქვაბს, რომელსაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა აფხაზური ენის არასაკმარისი ცოდნისა და იმის გამოც, რომ უკანასკნელი ხუთი წელი აფხაზეთში არ უცხოვრია, უფრო სერიოზულ ბრალდებებსაც უყენებენ: თითქოსდა, ომის დასაწყისში, როცა აფხაზეთის საბჭოთა ავტონომიის შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობდა, მან ქართველებს იარაღი ჩააბარა. ანქვაბი არძინბას ძველისძველი ოპონენტია.”

“ბევრი მიიჩნევს, რომ ბაღაფშის არჩევის შემთხვევაში რეალური ძალაუფლება ალექსანდრ ანქვაბის ხელთ იქნება.”

რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს ინიციატივით გამართულ დებატებს რუსეთთან, 8 ოქტომბრის ინტერნეტგაზეთი “როსბალტი” წერს, რომ “საქართველოს დელეგაციის აზრით, მან მოიგო ორთაბრძოლა.”

გაზეთის თქმით, “რუსეთის წარმომადგენლებმა მაინც შეძლეს ევროპულ ნიადაგში ეჭვის მარცვალი ჩაეგდოთ საქართველოს მიმართ: მათი თქმით, თბილისმა პოლიტიკური სპექტაკლი დადგა საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე, რათა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტების ძალისმიერი გადაწყვეტისთვის საერთაშორისო აზრი მოემზადებინა.”

9 ოქტომბრის გაზეთ “კომერსანტის” თქმით, “ევროსაბჭოში საქართველოს ინიციატივამ ნაწილობრივ გაამართლა”. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩიოვმა გაზეთს განუცხადა: დებატების შემდგომ გამართულ განხილვაში მონაწილე პარლამენტართა დაახლოებით ნახევარმა თქვა, რომ ისინი არ ფლობენ საკითხს, მაგრამ თუ საქართველოს მხარე მართალია, მაშინ სიტუაციის გამოსწორება აუცილებლად მიაჩნიათო.

“თუმცა საქართველოს დელეგაცია, როგორც ჩანს, მეტს ელოდა”, - წერს “კომერსანტი”. კოსაჩიოვის სიტყვებით, “როცა ერთსაათიანი დებატების შემდეგ თავმჯდომარემ ჩაქუჩის დარტყმით დაასრულა სხდომა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ერთგვარად დაბნეული გამოიყურებოდა. თუმცა სხდომის რეგლამენტი არც ითვალისწინებდა რაიმე დოკუმენტის ან გადაწყვეტილების მიღებას.”
XS
SM
MD
LG