Accessibility links

logo-print

საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა თანამდებობა არ დაუტოვებია


საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი გოდაბრელიძე მის მიმართ პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მძაფრ კრიტიკას თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერით გამოეხმაურა.

ამის შესახებ საბაჟოს შეფმა თანამშრომლებს აუწყა ორშაბათს თათბირზე, რომელიც საკმაოდ მკაცრი ყოფილა. გიორგი გოდაბრელიძემ ქვეშევრდომებს გაასმაგებული მუშაობა მოსთხოვა და განუმარტა, რომ დაკისრებულ სამუშაოს მანამდე შეასრულებს , სანამ მისი განცხადება არ დაკმაყოფილდება. ასე მოხდება თუ არა, ჯერჯერობით ბუნდოვანია. როგორც აღნიშნავენ, გოდაბრელიძე პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას კადრია და ეს უკანასკნელი მას ასე იოლად არ შეელევა. რა მოხდა საბაჟო დეპარტამენტში და რატომ გახდა მისი შეფი პრეზიდენტის სამიზნე?

მიუხედავად იმისა, რომ საბაჟო დეპარტამენტმა ბიუჯეტში შეტანილი თანხები გაზარდა, ამ უწყების ხელმძღვანელი პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა. ამასწინანდელ მთავრობის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ საბაჟო დეპარტამენტში კორუფცია ისევ მძვინვარებს და იქვე დასძინა: “ ამ მხრივ სიტუცია როგორ უნდა შეცვლილიყო, როცა დეპარტამენტის თავმჯდომარეს ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი სუფრითა და 50 ჯიპით აცილებენო.”

ნახსენებ სუფრასთან და ჯიპებთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტში კომენტარს არ აკეთებენ. დეპარტამენტის თავმჯდომარემ ორშაბათს იქ თათბირი ჩაატარა და თანამშრომლებს აუწყა, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ საბაჟო დეპარტამენტის პრესსამსახურში გვითხრეს:

[ხათუნა ბიწაძის ხმა] “გუშინ თათბირი მოიწვია და გვითხრა, რომ მართლა დაწერა განცხადება და ვიდრე არ დაკმაყოფილდება ეს განცხადება, სამსახურს არ მიატოვებს. ძალიან მკაცრი თათბირი იყო. ყველას მოსთხოვა გაამკაცრონ კონტროლი და გაასმაგებული ძალით იმუშაონ. “

ასე რომ, საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს გიორგი გოდაბრელიძეს თანამდებობა ჯერ არ დაუტოვებია. ის იზიარებს პრეზიდენტის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ საბაჟო სამსახურებში კორუფციის ფაქტები არსებობს და თანამშრომლებს კონტროლის გაძლიერებას სთხოვს. ამას გარდა, ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში შეკითხვას, დარჩებით თუ არა თანამდებობაზე, თუ პრემიერი თქვენს განცხადებას არ დააკმაყოფილებსო, გოდაბრელიძე უპასუხებს: ” არ მინდოდა ამ თანამდებობაზე დანიშვნა, მაგრამ მივიღე დავალება და ყველაფერი პირნათლად შევასრულე. საბაჟო ლეგალიზაციის ხარისხი 80 პროცენტით გაიზარდა, ასევე საბიუჯეტო შემოსავლებიც. მხოლოდ მებაჟეების კონკურსის ჩატარება ვერ შევძელით და ესეც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდაო. “

კონკურსი ვერ ჩატარდა იმიტომ, რომ სახელმწიფო კანცელარიაში დღემდე არ დაუკომპლექტებიათ ჯგუფი, რომელსაც ამ კონკურსზე უნდა ემუშავა. შედეგად, საბაჟო სამსახურებში ყველა თანამდებობა ვაკანტურია, იქ პასუხისმგებელი პირები ამა თუ იმ მოვალეობის დროებით შემსრულებლები არიან. ციფრები ასეთია: საბაჟო დეპარტამენტმა სექტემბრის გეგმა გადაჭარბებით - 403 მილიონ 176000 ლარის ნაცვლად, 427 მილიონ 968 ათასი ლარით - შეასრულა. რამდენად არის ეს გოდაბრელიძის ან მის მიერ გატარებული ცვლილებების დამსახურება? ამ შეითხვაზე პასუხად ერთ-ერთმა დეპუტატმა გვითხრა, რომ გეგმის გადაჭარბებით შესრულება უფრო “ვარდების რევოლუციის” შედეგია, ვიდრე გოდაბრელიძის მცდელობისა.

ეკონომიკური ექსპერტები ჩივიან, რომ საბაჟო სამსახური საკმაოდ დახურულ სისტემას წარმოადგენს, ვერ ამუშავდა ამ სამსახურის მონიტორინგის პროექტი და რა ხდება იქ, ამაზე სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ რთულია. ასეა თუ ისე, პრეზიდენტიც და თავად დეპარტამენტის თავმჯდომარეც აღიარებენ, რომ საბაჟო სამსახურში კორუფცია ისევ ყვავის. გიორგი გოდაბრელიძე ამ სამსახურის შეფად “ვარდების რევოლუციამდე” მოვიდა. მის წინამორბედთაგან სამართალდამცავებთან ურთიერთობა ქისტაურს მოუხდა, ისიც, არა საბაჟოში, არამედ ფინანსთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში გასარკვევ საკითხებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG