Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობის ზოგიერთ წევრს დეპრივატიზების იდეა ჯერ კიდევ არ განელებია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მაშინ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენების დაცვის გარანტიას იძლევიან და კერძო საკუთრების პრიმატს აღიარებენ, საქართველოს მთავრობის

ზოგიერთი წევრი გასულ წლებში განხორციელებული პრივატიზაციის გადახედვის წინადადებით გამოდის. მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე აღმასრულებელი ხელისუფლების ორ ”მძიმეწონოსან” მინისტრს შორის შელაპარაკებაც მოხდა. ვინ და რატომ გამოდის დეპრივატიზაციის იდეით?

ის, რომ შევარდნაძის მთავრობაში ”მარჯვენამ არ იცოდა, რას აკეთებდა მარცხენა”, ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ და ეს პრაქტიკულად არც აღარავის უკვირდა, მაგრამ როცა პოსტრევოლუციური მთავრობა, რომელიც დეკლარირებულად კოლექტიური პასუხისმგებლობის გუნდს წარმოადგენს, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მის რიგებში საყოველთაო ერთსულოვნება პრინციპულ საკითხებთან დაკაშირებითაც კი არ არის, ეს უკვე მთლად ორდინარული მოვლენა აღარაა. ამის დასტურად გამოდგება თუნდაც გასული კვირის ბოლოს გამართული მთავრობის სხდომა, სადაც ეკონომიკის განვითარების მინისტრის ზოგიერთ მოსაზრებას სახელმწიფო მინისტრ გურამ აბსანძის უკვე ტრადიციად ქცეული უკმაყოფილება მოჰყვა. სახელმწიფო მინისტრი გასულ წლებში განხორციელებული პრივატიზაციის ნაკლოვანებებზე საუბრობს და გამოდის, ფაქტობრივად, დეპრივატიზების წინადადებით, რომელიც, თავის მხრივ, განკერძოების პროცესის გადახედვას და კერძო მესაკუთრეთათვის პრობლემების შექმნას ნიშნავს. ბენდუქიძისა და აბსანძის კამათს იმავე სხდომაზე წერტილი დაუსვა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, რომელმაც გარკვევით აგრძნობინა სახელმწიფო მინისტრს, რომ ხელისუფლება პრივატიზების შედეგების გაუქმებას არ აპირებს:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] ”ათასობით და ასეულობით ათას ადამიანს ჩვენ ვერ გამოვუცხადებთ ომს. თუ ვსვამთ საკითხს იმაზე, რომ ყველა მესაკუთრეს, ვისაც აქვს ჯიხური თუ მიწა, იჯარით აღებული 1000 ჰექტარი, ყველას დავუსვათ შეკითხვა და გამოვიძიოთ, რამე ხომ არ დაარღვიე იმისათვის, რომ ეს საკუთრება მიგეღოო, ჩვენი მთავრობა ამაზე ამბობს: ”ჩვენ ამას არ გავაკეთებთ!”

პრემიერის მიერ დაშოშმინების მიუხედავად, გურამ აბსანძე მაინც თავის აზრზე დარჩა, თუმცა მან პოზიცია ოდნავ შეარბილა და მხოლოდ იმ ქონების საკუთრების სამართლიანობის გარკვევის საკითხი დააყენა, რომელიც თავის დროზე შევარდნაძის კლანს კაპიკებად ჩაუვარდა ხელში:

[გურამ აბსანძის ხმა ] ”იქ, სადაც დარღვევები იყო პრივატიზაციასთან დაკავშირებით, ეს დარღვევები უნდა იქნეს შესწავლილი და უნდა იყოს გაუქმებული, თუ უკანონო პრივატიზაცია მოხდა. ”

მაშინ, როდესაც ხელისუფლება საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებასა და ბიზნესისათვის მაქსიმალურად კეთილსაიმედო გარემოს შექმნაზე საუბრობს და, ამასთან, ფინანსურ ამნისტიას აცხადებს, მთავრობის ცალკეულ წევრთა განცხადებები ქონების ექსპროპრიაციის შესახებ აშკარა ანაქრონიზმად და საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილად აღიქმება. საბედნიეროდ, ამგვარი მემარცხენე რევანშისტული იდეების განვრცობაში ჯერჯერობით მთლიანად მინისტრთა კაბინეტი არ არის ”შემჩნეული”, თუმცა მაღალ სახელმწიფო მოხელეთა ოდიოზური განცხადებები კოლექტიური პასუხისმგებლობის მთავრობას ღირსებას ნამდვილად არ მატებს.
XS
SM
MD
LG