Accessibility links

logo-print

დეპუტატებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი


12 ოქტომბრიდან პარლამენტის წევრთა ქცევას, მოქმედი კანონების გარდა, საგანგებოდ შემუშავებული ეთიკის კოდექსიც განსაზღვრავს. როგორი უნდა იყოს ქართველი დეპუტატი?

როგორ უნდა იმოსებოდეს, მეტყველებდეს და იქცეოდეს ხალხის რჩეული საზოგადოებაში? - ყველა ამ კითხვაზე პასუხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ინიციატივით შემუშავებული ეთიკის კოდექსი იძლევა.

აუტანელი ხმაური, სხდომათა დარბაზში მობილური ტელეფონებით საუბარი, ბილწსიტყვაობა, დედის გინება, ერთმანეთზე გაწევა და ფიზიკური შეხლა-შემოხლა - ყოველივე ეს უცხო არ არის საქართველოს პარლამენტის გამოცდილი დეპუტატებისათვის, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიულობით წინა მოწვევის პარლამენტში გამოირჩეოდნენ, როცა პოეტი-დეპუტატებიც კი თავს უფლებას აძლევდნენ კოლეგებისათვის შემდეგი სიტყვებით მიემართათ:

[ჯანსუღ ჩარკვიანის ხმა] “არ შეიძლება, მეგობრებო, საკუთარი თავიდან ნუ გამოვძვრებით ასე იდიოტურად. რაღაცეებს საშინელებებს ვაკეთებთ და ვიცოდეთ: კუტუწაჭრილი შეიძლება ქართველიც იყოს და კუტუწაჭრილი შეიძლება აზერბაიჯანელიც იყოს! აი, ტვინწაჭრილი კაცი უბედურებაა, დაღუპავს საქართველოს! “

ცხადია, პარლამენტის კედლებში გაცილებით უხეში სიტყვებიც თქმულა, მაგრამ აქამდე რატომღაც ეთიკის კოდექსის მიღებაზე არავის უფიქრია. აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრაზე, რამდენიმეწლიანი დაგვიანებით, პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ იზრუნა. ნინო ბურჯანაძის თქმით:

[ნინო ბურჯანიძის ხმა] “ეს უფრო სიმბოლური ჟესტია, კანონისგან განსხვავებით. ეს არის ჩვენი სურვილის გამოხატულება - მინიმალური ქცევის წესები და სტანდარტი როგორი უნდა იყოს.”

და მართლაც, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა იქცეოდეს საქართველოს პარლამენტის წევრი?
ეთიკის კოდექსი, რომელსაც პარლამენტის რუსთაველის სახელობის დარბაზში დეპუტატთა უმეტესობამ მოაწერა ხელი, 12 ძირითადი პრინციპისაგან შედგება. კოდექსის თანახმად, თითოეული დეპუტატი მოვალეა დაიცვას პარლამენტის ავტორიტეტი და საზოგადოებრივი ინტერესები; არ დაუშვას კოლეგების, პარლამენტში მომუშავეთა და სხვა პირთა შეურაცხყოფა მათი განსხვავებული პოზიციის ან მცდარი შეხედულების გამო. ამავე დროს, პარლამენტის წევრებს გინება და უცენზურო სიტყვების წარმოთქმაც ეკრძალებათ. დეპუტატებმა, ჩამოთვლილი პრინციპების აღიარების ნიშნად, კოდექსზე საკუთარი ავტოგრაფები დატოვეს. თუმცა ხელმომწერთა რიგებში არ ჩანდნენ “რესპუბლიკელები”. დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა ეს გარემოება შემდეგნაირად ახსნა:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] “მიიღოს საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვეტილება, რომ მათი შემადგენლობიდან ხუნვეიბინებს, დაახლოებით 7 კაცს, აუკრძალოს ხელმოწერა, მაშინ იქ იქნება ჩვენი ხელწერა. ელემენტარული წესია: წესიერებმა და უწესოებმა, თუნდაც კარგ დოკუმენტს, ხელი არ უნდა მოაწერონ.” (სტილი დაცულია)

“რესპუბლიკელებისაგან” განსხვავებით, ეთიკის კოდექსს თითქმის სრული შემადგენლობით მოაწერა ხელი საპარლამენტო უმრავლესობამ.
იძლევა თუ არა კოდექსის მიღება იმის გარანტიას, რომ დეპუტატი თვისებრივად უფრო კეთილშობილი გახდება? მე ამ კითხვით უმრავლესობის წარმომადგენელს, ნოდარ გრიგალაშვილს, მივმართე:

[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] “ვიცი, რასაც გულისხმობთ. წინა პარლამენტში, ვთქვათ, მეც მიჩხუბია. მე ახლაც დაგიდასტურებთ, რომ რამდენ კოდექსსაც არ უნდა მოვაწერო ხელი, თუ ვიღაცა თავს დამესხმება და დაჩაგვრას მომინდომებს, კოდექსის ხელმოწერა არ გამახსენდება და სათანადო პასუხს მიიღებს ჩემგან.”

პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს კანონით დადგენილი პრივილეგიები, რომლითაც დეპუტატები სარგებლობენ, ხელს უნდა უწყობდეს ამომრჩეველთა წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და არ უნდა იყოს გამოყენებული პირადი, ოჯახის წევრების ან ახლობელთა ინტერესების სასარგებლოდ. ეს მუხლი რომ მეტად აქტუალურია, ამაზე რიგითი თბილისელების შემდეგი კომენტარებიც მეტყველებს:

[მამაკაცის ხმა ]“რა უნდა მომწონდეს, ბიძია, აღარაფერი არ მჯერა მაგათი… კაცი დავბერდი, აგერ 64 წლის გავხდი და რასაც ვუყურებ, კაისკენ არ უჩანთ პირი.“

[ქალბატონის ხმა] “ეგ კოდექსი არ უშველით. წლები სჭირდება იმას, რომ გამოსწორდნენ. საერთოდ ვერ გამოვყოფ, იმდენად ამაზრზენია ამათი საქციელი, რომ ვერ გამოვყოფ ვერავის.”

დაბოლოს, ეთიკის კოდექსი პარლამენტის წევრებს ჯინსებით, მაისურებითა და შორტებით საზოგადოებაში გამოჩენასაც უკრძალავს.
XS
SM
MD
LG