Accessibility links

ემუქრება თუ არა ჩრდილოეთ კავკასიას ახალი ეთნიკური ომი?


ბესლანის ტრაგედიიდან თითქმის თვენახევარი გავიდა, დამთავრდა მის მსხვერპლთა გლოვის ორმოცდღიანი პერიოდიც,

და თანდათან სულ უფრო იზრდება შიში იმისა, რომ ახალი ძალით იფეთქებს დაპირისპირება ოსებსა და ინგუშებს შორის - დაპირისპირება, რომელსაც არა ერთი და ორი ათწლეულის ისტორია აქვს.

[საეკლესიო პანაშვიდის ხმა]

ეს ბესლანის ერთ-ერთ მართლმადიდებელ ეკლესიაში გამართული პანაშვიდის ჩანაწერია. ასეთი პანაშვიდები ამ დღეებში არა მარტო უშუალოდ ტრაგედიის ადგილას, არამედ მთელს ჩრდილოეთ ოსეთში გაიმართა. იქაც და რუსეთის სხვა რეგიონებშიც გუშინ და დღეს პატივს მიაგებენ ბესლანის საშუალო სკოლაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპული 330-ზე მეტი ადამიანის ხსოვნას, გვირგვინებითა და ყვავილებით ამკობენ მათს საფლავებსა და სასკოლო ფიზკულტურის დარბაზს, რომელშიც სამი დღე-ღამის მანძილზე სისხლიანი სპექტაკლი თამაშდებოდა.

ტრაგედიის უშუალო მონაწილეთაგან ბევრი დღესაც შოკის მდგომარეობაშია. ერთ-ერთი მათგანია ლარისა შუკაევა, რომელმაც ქალიშვილი დაკარგა.

[ლარისა შუკაევას ხმა] "რატომ არავინ ფიქრობდა ჩვენს გადარჩენას? თვითონ თავდამსხმელებმა გვითხრეს: ახლა გაიგებთ, რა ქვეყანაში ცხოვრობთ, გაიგებთ, რომ არავის სჭირდებითო. მართალს გვეუბნებოდნენ! არავის სჭირდებით, ყველანი დაიღუპებით, ილოცეთო... და ჩვენც ერთად ვლოცულობდით. ვხმაურობდით, ვტიროდით. ჩვენს გადარჩენაზე კი არავინ ფიქრობდა. ჩვენ არავის ვჭირდებით. აი, ახლაც კი, როცა ვტირით, ვინ ფიქრობს ამაზე? არავინ."

ვითარება რომ სულ უფრო იძაბება, ამაზე მეტყველებს თუნდაც რუსლან აუშევის განცხადებაც, რომელშიც ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი კავკასიაში ახალი, ჩეჩნეთის ომზე უფრო სასტიკი ომის გაჩაღების საშიშროებაზე საუბრობს.

[რუსლან აუშევის ხმა]

ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ბესლანის ტრაგედიამ კიდევ უფრო დაძაბა მაჰმადიანი ინგუშებისა და ქრისტიანი ოსების ურთიერთობა, რომელიც ისედაც საკმაოდ დაძაბული იყო. ყველას გვახსოვს 1992 წლის მოვლენები, როცა ინგუშებისა და ოსების ტერიტორიულმა კონფლიქტმა რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. და მიუხედავად იმისა, რომ ბესლანის თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა კარგა ხანია, ჩეჩენმა შამილ ბასაევმა იკისრა, ჩრდილოეთ ოსეთში ბევრს ჰგონია, რომ ბესლანის ტრაგედიაში უწინარესად ინგუშები არიან დამნაშავე. აქვე შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელებს შორის - ჩეჩნებთან, რუსებთან და არაბებთან ერთად - მართლაც იყო რამდენიმე ინგუში.

რადიო "თავისუფლების" მოსკოველი კორესპონდენტი ოლეგ კუსოვი ახლახან სტუმრობდა ბესლანს. მისი აზრით, ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს აკეთებს შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.

[ოლეგ კუსოვის ხმა] "საკუთარი ყურით მომისმენია, როგორ ამბობდნენ რესპუბლიკის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ბოროტმოქმედს დიახაც აქვს ეროვნება. ამით ეს ხალხი თითქოს თითს იშვერს ინგუშეთისკენ. გაზეთებში წამდაუწუმ აქვეყნებენ იმ დაჯგუფების წევრი ტერორისტების სიებს, რომელიც თავს დაესხა ბესლანის სკოლას, და იქვე აღნიშნავენ მათს ეროვნებას."

ინგუშებსა და ოსებს შორის ეთნიკური დაპირისპირების რაიმე სერიოზული ფაქტები ბოლო ხანს, მართალია არ აღრიცხულა, მაგრამ სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. თუმცა, ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით, ახალ სისხლისღვრას აღარ უნდა ველოდეთ, რადგან რეგიონის მოსახლეობა დაიღალა გაუთავებელი კონფლიქტებით. ამ ხალხის მდგომარეობა რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში ბესლანელმა ჟურნალისტმა ალექსანდრ შვედოვმა ასე აღწერა:

[ალექსანდრ შვედოვის ხმა] "მთავარი სიტყვა, რომლითაც ამ ადამიანთა მდგომარეობა შეიძლება აღიწეროს, "დაღლილობაა". ეს არის უსაზღვრო დაღლილობა, რადგან მწუხარებას ბესლანი ჯერაც არ დაუტოვებია."

ჩვენი ბესლანელი კოლეგის თქმით, დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოფიციალურად დამტკიცებულ სიებში ადამიანები უკვე თავიანთ ახლობლებს კი აღარ ეძებენ, არამედ უფრო იმის გარკვევას ცდილობენ, ეკუთვნით თუ არა სახელმწიფოსგან ფულადი კომპენსაცია. ახალი ეთნიკური დაპირისპირების კი ხალხს ძალიან ეშინია, რადგან იცის: თუ შუღლზე დანთებული ცეცხლი გაღვივდა, მის ჩაქრობას წლები კი არა, ათწლეულები დასჭირდება.
XS
SM
MD
LG