Accessibility links

ცხინვალის რეგიონში ქართული სამშვიდობო ბატალიონის ყოფილი სარდალი მიხეილ ქებაძე დააკავეს


საქართველოს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ ვარიანში, საკუთარ სახლში, ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული სამშვიდობო ძალების ქართული

ბატალიონის ყოფილი სარდალი მიხეილ ქებაძე დააკავეს. ის იარაღის უკანონოდ შეძენასა და შენახვაშია ეჭვმიტანილი, თუმცა დაკავებულის ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ქებაძის სახლიდან იქ მათ მიერვე მიტანილი ასაფეთქებელი საშუალებები ამოიღეს. უშიშროების სამინისტროში სწავლობენ, რამდენად ჰქონდა კავშირი ყოფილ სარდალს კონფლიქტის ზონაში იარაღით ვაჭრობასთან. მიხეილ ქებაძე 12 ოქტომბერს დააკავეს. ამავე დღეს ცხინვალის რეგიონში, სოფელ წინაგარასთან, მოხდა შეტაკება, რის შედეგადაც ოსური სამშვიდობო ბატალიონის ერთი წარმომადგენელი დაიღუპა. ამ ინციდენტმა კონფლიქტის ზონაში ვითარება დაძაბა.

სოფელ წინაგარასთან მომხდარ ინციდენტს სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები ერთობლივად იკვლევენ. შედეგების გამოკვეთამდე ოსური სამშვიდობო ბატალიონის წარმომადგენლებზე თავდასხმას ოსები ქართულ საჯარისო ფორმირებებს მიაწერენ. საქართველოს მხარე კი ბრალდებას უარყოფს. ოფიციალური ვერსია ასეთია: უშიშროების შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე იქ მიმდინარე სროლის შესახებ ინფორმაციამ მიიყვანა. მათ დააკავეს ოსური სანომრე ნიშნის ავტომანქანა, რომელში მყოფ შეიარაღებულ პირებსაც დაჭრილი გადაჰყავდათ. დაჭრილი მოგვიანებით გარდაიცვალა. ცხედრის დასაბრუნებლად გორის საავადმყოფოსთან მისული ოსები ღამით ქართული სოფლების აწიოკებით იმუქრებოდნენ. არის მოლოდინი, რომ ოსი ჯარისკაცის მოკვლის გამო ისინი შურს იძიებენ. ჩვენი გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაური ინციდენტის შესახებ კონფლიქტის ზონაში მოარულ არაოფიციალურ ვერსიებს აღნიშნავს. ამ ვერსიების მიხედვით, შესაძლოა, ოს სამშვიდობოებს შეტაკება მოუხდათ ადგილობრივ კრიმინალებთან, - სხვათა შორის, ნარკოტიკების გამოც, - შესაძლოა, უშუალოდ საქართველოს უშიშროების სამსახურის სპეცრაზმის წარმომადგენლებთან. რა მოხდა სინამდვილეში, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. წინაგარასთან მომხდარ ინციდენტს, შერეული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლების გარდა, საქართველოს უშიშროების სამინისტროც სწავლობს. იქვე უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული ქართული სამშვიდობო ბატალიონის ყოფილი სარდლის მიხეილ ქებაძის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესაც სწავლობს. არის თუ არა მისი დაკავება რაიმე კავშირში სოფელ წინაგარასთან მომხდარ ინციდენტთან, ძნელი სათქმელია. ქებაძეს სამართალდამცავები იარაღის უკანონოდ შეძენას და შენახვას ედავებიან.

[ბათუ ქუთელიას ხმა] “კონფლიქტის ზონაში იარაღის უკანონოდ შეძენა, მისი შენახვა, აგრეთვე საბრძოლო მასალისა, გარკვეულ ეჭვებს ბადებს და საჭიროა მისი შესწავლა. “

ეს იყო უშიშროების მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია. პოლკოვნიკ ქებაძის მეუღლე მის მიერ გამოთქმულ ბრალდებას უარყოფს. ლია ქებაძის თქმით, მიხეილ ქებაძის დასაკავებლად უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა საბრძოლო საშუალებების ჩადების ტექნოლოგია გამოიყენეს:

[ლია ქებაძის ხმა] “ყუმბარები თვითონ მოიტანეს. ერთი დარჩათ ამ ფაციფუცში - თეთრეულზე დაუდვიათ. არადა, თეთრეული ერთი საათის წინ დავკეცე და დავალაგე. “

ლია ქებაძე ირწმუნება, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებს მის სახლში მიტანილი და დაკეცილ თეთრეულზე დადებული ყუმბარა დარჩათ. ასეა თუ ისე, ქართული სამშვიდობო ბატალიონის ყოფილი სარდლის დაკავების ფაქტი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. ქებაძე ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული სამშვიდობო ბატალიონის სარდალი 2002-2003 წლებში იყო და როცა სარდლობა, როტაციის წესით, ზაურ უჩაძეს გადააბარა, სარდლის მოადგილის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ამ თანამდებობას ქებაძე სარდლად ალექსანდრე კიკნაძის დანიშვის შემდეგაც ინარჩუნებდა, ოღონდ - ფორმალურად. როცა ცხინვალის რეგიონში ოპერაცია დაიწყო, ქებაძე უხელფასო შვებულებაში გაუშვეს და შვებულების ამოწურვისთანავე დააკავეს. მას კარგი კონტაქტები ჰქონდა ოსურ მხარესთან.
XS
SM
MD
LG