Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინემატოგრაფის სხვა სახე: თბილისის კინოფესტივალზე გამარჯვებული სოციალური კინო


კვირას თბილისში დაიხურა მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის მთავარი პრიზი – ‘ოქროს პრომეთე’ – ერგო ირანელი რეჟისორის ჯაფარ პანაჰის

ფილმს ‘მეწამული ოქრო’. ჯაფარ პანაჰი ირანული კინოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია და მას რამდენიმე პრიზი აქვს მოპოვებული საერთაშორისო ფესტივალებზე. ირანში არსებული სოციალური უთანასწორობისა თუ უსამართლობის წარმოჩენის გამო, პანაჰის არაერთხელ შეჰქმნია სირთულეები ირანის მთავრობასთან; მისი სახელი დაკავშირებულია აგრეთვე ნიუ-იორკის აეროპორტში 2001 წლის აპრილში მომხდარ შემთხვევასთან, როდესაც რეჟისორი იმის გამო დააკავეს, რომ მან დისკრიმინაციად მიიჩნია და უარყო ირანის მოქალაქეობის გამო თითების ანაბეჭდების აღება. მე შევხვდი ჯაფარ პანაჰის და ვესაუბრე.

[ხმა: ფილმის პირველი სცენა]

ეს გასროლა თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებული ფილმის, ‘მეწამული ოქროს’, პირველივე სცენაში ისმის, სადაც ოქროულობის მაღაზიის გაქურდვის წარუმატებელი მცდელობის ბოლოს ფილმის მთავარი გმირი თავს იკლავს. ამის შემდეგ ფილმის მოქმედება წარსულში გადადის და მაყურებლები იმ მოვლენებს ვადევნებთ თვალს, რომლებიც მაღაზიაზე თავდასხმას და თვითმკვლელობას უძღოდა წინ. ფილმის მთავარი გმირი – მოღუშული, სევდიანი და ჭარბი წონის მქონე ჰუსეინი – ორმოც წელს მიტანებული კაცია, რომელიც თეირანში მარტო ცხოვრობს და მოტოციკლეტით პიცას დაატარებს. როგორც ერთ-ერთი მოკლე დიალოგიდან ვგებულობთ, იგი ირანსა და ერაყს შორის ომის ვეტერანია და მისი გარეგნული იერი და ჭარბი წონა ომში მიღებული ტრავმების მკურნალობის მიზეზით მედიკამენტებზე ყოფნის შედეგია. თეირანის ქუჩებში ნანახი და განცდილი უსამართლობების შედეგად, ჰუსეინი ფილმის ფინალში, სასოწარკვეთილი, ამბოხებას აწყობს და ოქროულობის მაღაზიას ესხმის თავს, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისივე თვითმკვლელობით მთავრდება.

ჰუსეინის გმირმა კინომოყვარულებს შეიძლება კიდევ ერთი მარტოსული ომის ვეტერანის კინოსახე გაახსენოთ – მარტინ სკორსეზეს ‘ტაქსის მძღოლის’ მთავარი გმირი, რომელსაც რობერტ დე ნირო ასახიერებს და რომელსაც ჰუსეინივით მუდმივად ქალაქის უსამართლო ცხოვრებასთან შეჯახება უწევს. ‘მეწამული ოქროს’ სიუჟეტს საფუძვლად უდევს რეალური ამბავი, რომელიც სცენარის ავტორმა და ირანის ერთ-ერთმა წამყვანმა რეჟისორმა, აბას ქიაროსტამიმ, გაზეთში წაიკითხა. სურათის რეჟისურა კი ეკუთვნის ქიაროსთამის ყოფილ ასისტენტსა და დღეს უკვე არანაკლებად ცნობილ რეჟისორს ჯაფარ პანაჰის, ვისაც ორი დღის წინ თბილისში შევხვდი და ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ‘მეწამულ ოქროში’ ასახული თეირანის კუშტი ცხოვრება ირანში პრობლემატურად იქნა მიჩნეული:

[ჯაფარ პანაჰის ხმა] “სამწუხაროდ, ირანელ მაყურებელს ეს ფილმი არ უნახავს, ვინაიდან მისი ჩვენება აკრძალულია. პირველი რეაქცია, რომელიც მთავრობიდან წამოვიდა, ფილმის ეკრანებზე გამოსვლის აკრძალვა იყო. მე თვითონ თეირანში ვცხოვრობ და, რა თქმა უნდა, ყველა ის სოციალური პრობლემა, რომელიც ფილმშია წარმოდგენილი, რეალობას ასახავს. მაგრამ მსგავსი პრობლემები მარტო მე არ მექმნება. ბევრ ირანელ რეჟისორს სურს, რომ თავის ფილმში ქვეყნის მწვავე რეალობა ასახოს, მაგრამ ქვეყანაში რეჟისორებისთვის წინასწარ დაწესებული ჩარჩოები არსებობს, რომელთა მიღმა გასვლაც არ შეიძლება.”

ჯაფარ პანაჰის ფილმი, ალბათ, მართლაც სცილდება ამგვარ ჩარჩოებს და ირანის სოციალური ვითარების მწვავე კრიტიკად გვევლინება. ჰუსეინი არაერთ უსამართლობას აწყდება თეირანის ქუჩებში – იქნება ეს მთავრობის მიერ დაწესებული მორალური აკრძალვებით გამოწვეული ადამიანების შეზღუდვა თუ უზარმაზარი განსხვავება მდიდარ და ღარიბ ფენებს შორის. პანაჰი ფიქრობს, რომ სოციალური პრობლემები ყველა ქვეყანაში არსებობს; მაგრამ მდიდრებსა და ღარიბებს შორის უთანასწორობა განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში იგრძნობა:

[ჯაფარ პანაჰის ხმა] “შეუძლებელია იმის თქმა, რომ რომელიმე ქვეყანაში კლასობრივი უთანასწორობა არ არსებობს. მთავარი საკითხი ძლიერი ეკონომიკაა. ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა შედარებით ძლიერია, დაბალი, საშუალო და მდიდარი ფენა ერთმანეთს მეტ-ნაკლებად ჰარმონიულად ერწყმის. მაგრამ ისეთ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა მოშლილია, ჩნდება ორი უკიდურესი სოციალური კლასი – ძალიან ღარიბი და ძალიან მდიდარი. რეჟისორს, რომელიც ფილმებს სოციალურ თუ ყოფით პრობლემებზე იღებს, ალბათ, სინდისი და პასუხისმგებლობის განცდა აქვს განვითარებული და გული შესტკივა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ თანამოქალაქეებზე. ხშირად იგი თვითონვეა ღარიბი წრიდან გამოსული.”

ჯაფარ პანაჰი თავს სოციალურ რეჟისორად ახასიათებს და, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფილმები პოლიტიკური სისტემის კრიტიკასაც ეწევა, იგი ღიად უარყოფს ‘პოლიტიკური რეჟისორის’ სტატუსს. მაგრამ რამდენიმე წლის წინ მას მაინც მოუწია გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირება. 2001 წლის აპრილში ნიუ-იორკის კენედის აეროპორტში მან უარი განაცხადა თითების ანაბეჭდების აღებასა და ფოტოს გადაღებაზე, რასაც მას ირანის მოქალაქეობის გამო სთხოვდნენ. ამის შემდეგ იგი აეროპორტში დააკავეს და თექვსმეტი საათის განმავლობაში ხელბორკილით შეკრული ჰყავდათ, რის მერეც აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინა. ამ შემთხვევის შემდეგ პანაჰი აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გამოვლენილ ჩაგვრაზე ალაპარაკდა. დღეს პანაჰი საკუთარ ქვეყანაში ‘დისიდენტის’ სტატუსს ატარებს და, ამავდროულად, ღიად უცხადებს პროტესტს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას:

[ჯაფარ პანაჰის ხმა] “ამერიკაში ჰონგ კონგიდან ტრანზიტით ჩავედი, თხუთმეტი საათი ვიფრინე. ნიუ-იორკიდან კიდევ სხვაგან უნდა გადავფრენილიყავი. აეროპორტში მითხრეს, რომ ჩემი თითების ანაბეჭდები უნდა აეღოთ. მე ვუთხარი, ხელოვანი ვარ და ამის უფლებას არ მოგცემთ-მეთქი; შემდეგ დამაკავეს, 16 საათი ვყავდი დაკავებული და ბოლოს უკან გამომაბრუნეს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ სანამ ამერიკაში ადამიანის უფლებების დარღვევა გაგრძელდება, იქ საერთოდ აღარ ჩავიდე. ამერიკის კინოფესტივალებზე რამდენიმე პრიზი მივიღე ისე, რომ იქ არც ჩავსულვარ. “

საუბრის ბოლოს ჯაფარ პანაჰიმ მითხრა, რომ თავის უპირველეს მიზნად იგი სამყაროში არსებული უსამართლობის წარმოჩენას მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ იცის, პრობლემების გადაჭრა მის შესაძლებლობებს სცილდება. თბილისის კინოფესტივალზე პანაჰის ‘მეწამული ოქროს’ გამარჯვება კი იქნებ იმის სიმპტომად მივიჩნიოთ, რომ სოციალური კინოს დაფასება საქართველოშიც იწყება. ‘მეწამული ოქრო’ ხომ ჩვეულებრივი პატიოსანი ადამიანის სოციალური ჩაგვრით გამოწვეულ სასოწარკვეთას გადმოგვცემს; ასეთ მდგომარეობაში კი, თეირანის მსგავსად, თბილისშიც მრავალი ადამიანია ჩავარდნილი – ოღონდ, ირანულისგან განსხვავებით, ქართულ კინემატოგრაფში ეს ჯერჯერობით არანაირად არ აისახება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG