Accessibility links

''თუ დაგველაპარაკებიან, როგორც თანასწორუფლებიან პარტნიორებს, მზად ვართ დიალოგისთვის''. ინტერვიუ სერგეი ბაღაფშთან


ჟან-კრისტოფ პეკი, პრაღა რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტმა ჟან-კრისტოფ პეკმა ინტერვიუ ჩამოართვა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატს სერგეი ბაღაფშს.

რადიო "თავისუფლება":
ქართველ ექსპერტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ, თუ აფხაზეთის მეთაურად აგირჩიეს, თბილისს თქვენთან უფრო გაუადვილდება საერთო ენის გამონახვა, ვიდრე არჩევნებში თქვენს მთავარ მეტოქესთან, რაულ ხაჯიმბასთან; რადგან ეს უკანასკნელი უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული მოსკოვთან. ეთანხმებით თუ არა ასეთ შეფასებას?

ბაღაფში:
არ ვეთანხმები, რადგან მოსკოვთან მე უფრო ვარ დაკავშირებული, ვიდრე ხაჯიმბა. ხაჯიმბა მოსკოვში სულ ხუთჯერ თუ ექვსჯერ არის ნამყოფი, მე კი მოსკოვში ვმუშაობდი, რუსეთის მოქალაქე ვარ, და აფხაზეთისაც, ჩემი შვილები იქ ცხოვრობენ. რუსეთთან ძალიან ბევრი მაკავშირებს. მეც და მთელ აფხაზ ხალხსაც. ჩვენ ჩვენი გზა ავირჩიეთ ამ ცხოვრებაში: ვიყოთ რუსეთთან ერთად და ამ მხრივ რაიმეს შეცვლას არ ვაპირებთ. რაც შეეხება ჩემდამი საქართველოს დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, უფლება აქვთ, ასე იფიქრონ. ეს ნორმალურია. ყოველ ჩვენგანს შეიძლება საკუთარი აზრი ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანზე. არავინ აპირებს ამ აზრის გაქარწყლებას. მაგრამ საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით, ჩვენ ერთხელ უკვე ვთქვით, და ახლა კიდევ ვიმეორებ: აფხაზმა ხალხმა თავისი გზა აირჩია. ეს არის დამოუკიდებლობის გზა. თუ ჩვენ დაგველაპარაკებიან, როგორც თანასწორუფლებიან პარტნიორებს თანაბარსუბიექტიან ურთიერთობებში, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. მაგრამ არავის მივცემთ უფლებას, ძალის პოზიციიდან, როგორც "უმცროს ძმას" გველაპარაკოს.

რადიო "თავისუფლება":
ორშაბათს თქვენ განაცხადეთ, რომ აფხაზეთმა კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს ურთიერთობა რუსეთთან. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ მოსკოვთან ურთიერთობა თქვენთვის პრიორიტეტულია?

ბაღაფში:
რასაკვირველია. მოსკოვთან ურთიერთობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. რადგან რუსეთი მხარში გვედგა ყველაზე მძიმე პერიოდში, ჩამოყალიბების ხანაში. რუსეთი ის ქვეყანაა, რომელმაც მშვიდობისდამცველები გამოყო და დაპირისპირებული მხარეები დააშორიშორა გალის რაიონში, ენგურის გაყოლებაზე... და დღესაც, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც აფხაზეთს ეხმარება (როგორც ურთიერთობის, ისე მოქალაქეობისა თუ პენსიების თვალსაზრისით) რუსეთის ფედერაციაა. და ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ მოსკოვთან ურთიერთობის განმტკიცებასა და გაღრმავებას.
XS
SM
MD
LG