Accessibility links

რელიგიის გავლენა სამოქალაქო ცხოვრებაზე შეერთებულ შტატებში


12 ოქტომბერს შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო დათანხმდა გადაწყვიტოს, ირღვევა თუ არა სახელმწიფოსა და ეკლესიის კუნსტიტუციით გათვალისწინებული გაყოფა იმ ფაქტით,

რომ ბიბლიური ათი მცნება სამთავრობო შენობებში საჯაროდაა გამოფენილი. რელიგია ყოველთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემა იყო შეერთებულ შტატებში. რა ადგილი ეთმობა მას ამერიკის დღევანდელ საზოგადოებაში და შეიძლება თუ არა, რომ რელიგიამ რაიმე როლი ითამაშოს საპრეზიდენტო არჩევნებში?

ამერიკული კულტურა, მართალია, ევროპულისგან მომდინარეობსკ მაგრამ რელიგიისა და პოლიტიკის საკითხებში იგი მკვეთრად განსხვავდება ევროპულისგან. ეს სხვაობა, პირველ რიგში, იმითაა გამოწვეული, რომ ორასზე მეტი წლის წინ ამერიკამ გაწყვიტა ევროპულ ტრადიციასთან კავშირი.

ასე ფიქრობს ორი ამერიკელი მეცნიერი, რომელთაც ჩვენი კორესპონდენტი ენდრიუ ტალი ესაუბრა. მათი აზრით, ამერიკული სამოქალაქო ცხოვრება სათავეს იღებს ამერიკელ ახალმოშენეთა ქრისტიანულ ტრადიციებში, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ისინი თავადვე იყვნენ თავიანთი რელიგიისთვის პასუხისმგებელი.

ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი დიუი უალასი აღნიშნავს, რომ რელიგიის საკითხში ძირითადი სხვაობა ევროპასა და ამერიკას შორის ისაა, რომ ამერიკაში რელიგია არ არის სახელმწიფოს საქმე და მორწმუნეს უფრო მეტი თავისუფალი არჩევანი აქვს.

ეს სხვაობა, უოლასის თქმით, დღემდე შემორჩენილია, ვინაიდან დასავლეთი ევროპის მაღალგანვითარებული ქვეყნების დიდ ნაწილში ეკლესიას დღემდე მთავრობა აფინანსებს და არა სამწყსო, რომელიც თავს ვერ აღიქვამს "ეკლესიის მფლობელად." ამერიკელების რელიგიური დაწესებულეები კი მათვე ეკუთვნით. მათ აქვთ არჩევანი და უფრო მეტი ერთგულებით ეკიდებიან რწმენის საკითხებს.

[უოლასის ხმა] "მაგალითად, ამერიკელი პროტესტანტების უდიდესი ნაწილი თავად ირჩევს მღვდლებს, განაგებს საკუთარი ეკლესიის საქმეებს, თავადვე კრეფს შეწირულებებს. საერო პირებმა რომ შეწირულებები არ აკრიფონ, ეკლესია ვერ იარსებებს. ესაა ეკლესიის ფლობის ის გრძნობა, რომელიც აქვს ხალხს ამ ქვეყანაში. ეს იმის შედეგია, რომ ჩვენთან ეკლესია და სახელმწიფო გაყოფილია და არ არსებობს მთავრობის მხრიდან დახმარება, რაც ასე უწყობს ხელს რელიგიის აყვავებას."

მეორე მეცნიერის, ქალაქ სენტ ლიუისის კონკორდიის ლუთერანული სემინარიის თეოლოგის, დევიდ ადამსის თქმით, ამერიკელთა თითქმის ნახევარი თავს მორწმუნედ მიიჩნევს. მაშინ როცა ევროპაში ეს მაჩვენებელი დრამატულად იკლებს. მაგალითად, ბრიტანეთში მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტი მიიჩნევს თავს მორწმუნედ.

შესაბამისად, ამერიკაში რელიგიას უფრო მეტი გავლენა აქვს სამოქალაქო ცხოვრებაზე, მათ შორის პოლიტიკაზე. საგულისხმოა, რომ ამერიკის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მომენტები სწორედ ეკლესიასთან არის დაკავშირებული.

რელიგია მნიშვნელოვანი თემა არ არის ამერიკაში წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ, როგორც ადამსი შენიშნავს, მრავალი ამერიკელი ამომრჩეველი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ლიდერი მორწმუნე უნდა იყოს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აგნოსტიკოსს ან ათეისტს არ შეუძლია გახდეს პრეზიდენტი.

რესპუბლიკური პარტია, არასოდეს ასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატად აგნოსტიკოსს, ვინაიდან მის რიგებში ჯერაც მრავლად არიან კონსერვატორი ქრისტიანები.

სხვა ვითარებაა დემოკრატების შემთხვევაში, რომლებიც რელიგიის მიმართ მეტი თავისუფლებით გამოირჩევიან.

[ადამსის ხმა] "ალბათ არჩევნების ბედი უფრო იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გაართმევს თავს კანდიდატი ამ საკითხს, თუ იგი წამოიჭრა - გამოავლენს თუ არა გახსნილობას, მზრუნველობას, ყველა მხარის მიმართ სიმპათიას. ამასთან, მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რა პოზიციას დაიკავებს იგი სხვა საკითხების მიმართ, რომლებიც იმ მომენტისთვის იქნება აქტუალური. არა მგონია, მისმა რელიგიურმა მრწამსმა ითამაშოს გადამწყვეტი როლი."

ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება ამ მომენტისთვის: დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, რესპუბლიკელები მხოლოდ ბუშს დაუჭერენ მხარს და დემოკრატები - მხოლოდ კერის.
XS
SM
MD
LG