Accessibility links

logo-print

ქართველებისა და აფხაზების ომის შემდგომი ურთიერთობა - ვინ და როგორ ცდილობს ამ ორ ხალხს შორის კონტაქტების განახლებას


მას შემდეგ, რაც აფხაზეთში ომი შეწყდა და ქართველებსა და აფხაზებს შორის რუსეთის სამშვიდობო მისია ჩადგა, ენგურს აქეთა საქართველოში ცოტას თუ აქვს წარმოდგენა იმაზე,

როგორ ცხოვრობენ აფხაზები, რითი საზრდოობენ, როგორ საზოგადოებას აშენებენ. არც აფხაზებს აქვთ მკაფიო წარმოდგენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ომმა ორი მოძმე ხალხი ერთმანეთისგან გააუცხოვა. ქართველებსა და აფხაზებს შორის ომით ჩატეხილი ხიდია. ვინ და როგორ ცდილობს ამ ხიდის აღდგენას, როგორია ქართველებისა და აფხაზების ჯერ კიდევ სუსტი კონტაქტები?

[გენადი გულბანის ხმა] “აფხაზები საოცრად ამაყი ხალხია, ძალიან ამაყი.... დღესაც ელიან ისინი ქართველებისგან შეცდომების აღიარებას, მაგრამ, იმავდროულად, ქართველსაც შეუძლია თქვას, რომ მაგათაც დაუშვეს შეცდომა. უნდა გვეყოს ვაჟკაცობა, აფხაზებმაც და ქართველებმაც უნდა ვაღიაროთ ჩვენი წილი შეცდომები. “

თბილისში დევნილობაში მცხოვრები გენადი გულბანი დედით აფხაზია. დედის მხრიდან აფხაზეთში მას დიდი სანათესაო შტო დარჩა და რადგან ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთის წინაშე თავ-თავიანთი წილი შეცდომები ჯერ არ უღიარებიათ, აფხაზ ნათესავებთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი აქვს. გენადი ხშირად იხსენებს აფხაზი ბებიის სახლში გატარებულ წლებს. შვილებს ხშირად უამბობს სტუმარმასპინძლობის, ერთმანეთის პატივისცემის, მეგობრობისა და მეზობლობის ტრადიციებზე, რომელზეც იზრდებოდა იქ. დედით აფხაზი ქართველი ფიქრობს, რომ აფხაზები მოერევიან ქართველებზე წყენას, თუ ქართველები აღიარებენ მათ მიმართ დაშვებულ შეცდომებს.” ისინი შეძლებენ ქართველებთან თანაცხოვრებას, რადგან სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს, იმხელა ნათესაური კავშირია, იმდენი საერთოა,” - გვითხრა მან. აფხაზ ნათესავებს აფხაზეთში გენადის ხმა მარტო ტელეფონის მეშვეობით არ სწვდებათ, მას რადიო “ჰარას” მეშვეობითაც უსმენენ. რადიოპროექტი “ჰარა” წლების მანძილზე ქართულ-აფხაზური ინსტიტუტის თაოსნობით ხორციელდება და მისი მეშვეობით აფხაზეთში აფხაზურ ენაზე ისმენენ ახალ ამბებს საქართველოდან.

მსგავსი უკუკავშირი ჯერ არ არსებობს. თუმცა არის ქართველ და აფხაზ ჟურნალისტთა თანამშრომლობის პირველი პრეცედენტები. ამ დღეებში საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით ნაჩვენები იყო აფხაზეთში გადაღებული იმ უაღესად საინტერესო დოკუმენტური ფილმის პრემიერა, რომელიც “სტუდია რეს” ჟურნალისტებმა აფხაზი კოლეგების დახმარებით გადაიღეს. ფილმს ჰქვია “აფხაზეთი - კონფლიქიტის მხარე”. მასზე მუშაობისას მიხეილ მირზიაშვილმა და მამუკა ყუფარაძემ ენგურს იქითა საქართველოში მთელი სამი კვირა დაყვეს და ამ ხნის მანძილზე დარწმუნდნენ, რომ ქართველი ჟურნალისტების ჩასვლა აფხაზეთში საშიში არ ყოფილა.

[მამუკა ყუფარაძის ხმა] “ხალხს ძალიან უკვირდა ჩვენი იქ ყოფნა, მაგრამ მოსახლეობა ნორმალურად იყო განწყობილი. აგრესია არავისგან არ ყოფილა.“

ეს იყო მამუკა ყუფარაძე. მან და მიხეილ მირზიაშვილმა შარშან ზაფხულში სამი კვირა გაატარეს აფხაზეთში. რადგან ფილმის პრემიერა ახლახან შედგა, მე დავუკავშირდი მათ სოხუმელ კოლეგას და მხოლოდ და მხოლოდ ფილმის გარშემო ვცადე მასთან საუბარი.

[სოხუმელი ოპერატორის ხმა] “ არ ვარ მზად მოგცეთ ინტერვიუ, მით უმეტეს, არ გიცნობთ. მამუკამ იცის ჩემი რეაქცია ამ ფილმზე.”

ასეთ იყო პასუხი. თუმცა ფაქტი , რომ აფხაზმა ოპერატორმა ქართველებთან ერთად გადაიღო ფილმი თანმედროვე აფხაზეთზე, მრავლისმეტყველია. აფხაზებს აქვთ გადაღებული ფილმი საქართველოზეც, მაგრამ აფხაზური საზოგადოებისთვის მისი ჩვენება ჯერ ვერ მოხერხდა. არსებობს იმედი, რომ აფხაზეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს პრობლემა მოიხსნება. მამუკა ყუფარაძემ აფხაზეთში მუშაობისას თავისი თვალით ნახა, აფხაზთა უმრავლესობა როგორ ესწრაფვის დამოუკიდებლობას, რამდენად მიეჩვივნენ ისინი საქართველოსგან განცალკევებით ცხოვრებას, მაგრამ ერთი საიმედო ტენდენცია მაინც შეამჩნია:

[მამუკა ყუფარაძის ხმა] “მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები ქართველებს არ იცნობენ, შევამჩნიე, რომ მათ არ აკმაყოფილებთ აფხაზეთის დღევანდელი მდგომარეობა. ისინი უფრო მზად არიან ურთიერთობისთვის, სიახლისთვის. “

მეორე საიმედო ტენდენცია, მამუკა ყუფარაძის თქმით, აფხაზური ინტელიგენციის პოზიციაში გამოსჭვივის, იმ ადამიანების პოზიციაში, რომლებსაც აქვთ გარკვეული კონტაქტები ქართველებთან, რომლებიც დადიან საზღვარგარეთ. როგორც მამუკამ გვითხრა, ისინი ხედავენ და გრძნობენ, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ არის მაინცდამაინც რეალური და სხვებთან ცხოვრებას ისევ ქართველებთან თანაცხოვრება ურჩევნიათ.

მთავარია იყოს რაც შეიძლება ხშირი კონტაქტები. მთავარია აფხაზეთში საქართველოდან არ ჩადიოდეს აგრესიული მესიჯები, ქართველებმა აფხაზების წინაშე აღიარონ თავიანთი წილი შეცდომები და ამ ყველაფრით აფხაზებისთვის გახდნენ მიმზიდველები - აფხაზებთან კონტაქტში მყოფი ქართველები ფიქრობენ, რომ ეს მთავარი პირობა უნდა გახდეს ქართველებისა და აფხაზების შერიგების საფუძველი, მით უფრო მაშინ, როცა დრომ ომით გაციებული ურთიერთობები ოდნავ მაინც შეცვალა.
ამაში ზოგჯერ ჩვენც ვრწმუნდებით აფხაზებთან ურთიერთობისას. ჩემი ბოლო ინტერვიუ ერთ-ერთ აფხაზ ჩინოვნიკთან რუსულ ენაზე დაიწყო და ქართულ ენაზე მას შემდეგ გაგრძელდა, რაც ჩემმა რესპონდენტმა გაარკვია, რომ რადიო “თავისუფლების” ქართველი თანამშრომელი ვიყავი.

[აფხაზი ჩინოვნიკის ხმა] “თქვენ ქართველი ხართ. 5 საათზე მექნება ზუსტი ინფორმაცია. გარშემო ხალხია და ქართულად ლაპარაკს ვეღარ გავაგრძელებ. დამირეკეთ მოგვიანებით. “
XS
SM
MD
LG