Accessibility links

logo-print

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში


ადრეული შემოდგომის თბილი, მზიანი ამინდების შემდეგ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მოულოდნელად აცივდა. ბათუმში, მაგალითად,

ჰაერის ტემპერატურა 8-9 გრადუსამდე, თბილისში კი 10-13 გრადუსამდე დაეცა. რაც შეეხება მთიან რაიონებს, მაგალითად, ნინოწმინდასა და კოდორის ხეობას, იქ მოთოვა კიდეც. საინტერესოა, რასთან გვაქვს საქმე - ზამთრის ნაადრევად დადგოგმასთან თუ კვლავ ამინდი ჭირვეულობს? როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში?


პოლიტიკოსების გარდა, საქართველოში, როგორც ჩანს, ამინდიც ჭირვეულობს. ჯერ იყო და ზაფხულში დაწყებულმა გადაუღებელმა წვიმებმა და ძლიერმა სეტყვამ ლამის ნახევარი კახეთი წლის მოსავლის გარეშე დატოვა; შემდეგ კი სტიქიის მრისხანება საკუთარ თავზე მესტიელებმა გამოსცადეს, როცა ერთ ღამეში მოსულმა თავსხმა წვიმამ მეწყერი და ღვარცოფი გამოიწვია. წელს არც ნინოწმინდელებს გაუმართლათ - ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ამ რაიონში სექტემბრის პირველ ნახევარში თოვლი მოვიდა - შედეგად, ნინოწმინდელები მარცვლეული კულტურისა და კარტოფილის მოსავლის გარეშე დარჩნენ. ერთთვიანი გამოდარების შემდეგ ნინოწმინდაში კვლავ მოთოვა, თუმცა, როგორც ჩვენი კორესპონდენტი მაია იველაშვილი სამცხე-ჯავახეთიდან იტყობინება, მხარის მთიან რაიონებში პირველი თოვლი, როგორც წესი, სწორედ რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში მოდის:

[მაია იველაშვილის ხმა] “ფაქტობრივად, ოქტომბრის მეორე ნახევრისთვის თოვლი ჯავახეთისათვის არის ჩვეულებრივი მოვლენა. ოქტომბრის თოვლს, ასე თუ ისე, მაინც მომზადებული შეხვდა მოსახლეობა, ვიდრე სექტემბერში მოსულ თოვლს, რადგანაც, როგორც უხუცესები ამბობენ, ბოლო 50 წლის განმავლობაში ჯავახეთში თოვლი არ მოსულა.”

თოვლი მოვიდა კოდორის ხეობაშიც, სადაც სტიქიის ჭირვეულობას 3 ათასამდე ადგილობრივი მცხოვრები ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით უმკლავდება. ხეობის მკვიდრი ბესო კვიციანი ჩემთან საუბარში აცხადებს, რომ უღელტეხილებზე უკვე ჩამოთოვა.

[ბესო კვიციანის ხმა] “ჩამოთოვა უღელტეხილზე… წუხელ შემოვიდა მანქანა… ნამქერებზე მეტრამდე მიაღწია თოვლის საფარმა. ლაპარაკია ჭუბერის მხარეზე, საიდანაც შემოდიან მანქანები.”

რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ რაიონებს, როგორც ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელმა ირაკლი ჩოგოვაძემ განმიცხადა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა მატებას 15 ოქტომბრიდან დაიწყებს. ჩოგოვაძე აციების მიზეზად სკანდინავიის ნაკევარკუნძულიდან დაბალი წნევის არის შემოჭრას ასახელებს და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ზამთრის ნაადრევად დადგომის შესახებ.

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] “ეს სიცივე წამოვიდა ნორვეგიიდან, უფრო სწორად, ჩრდილოეთ ნორვეგიის ნახევარკუნძულიდან და მოვიდა კავკასიონის მთებამდე და დაიწყო ახლა შემოვლა: დასავლეთიდან, ანუ შავი ზღვიდან, აღმოსავლეთიდან, ანუ კასპიის ზღვიდან.”

-
ნიშნავს თუ არა ეს, რომ იწყება ზამთარი?

“არა, არავითარ შემთხვევაში! რა დროის ზამთარია! ხვალიდან დაიწყებს ტემპერატურა ნელ-ნელა აწევას და დათბება. “შემოჭრის” ეს პროცესი ნელ-ნელა, უახლოეს 3-4 დღეში, ჩამთავრდება.”
XS
SM
MD
LG