Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაარღვიეს სომხეთის მოქალაქეებმა საქართველოს სავიზო რეჟიმი


საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რომელიც თვე-ნახევრის წინ რუსეთის მხრიდან ცალმხრივად დაიკეტა, ორ ქვეყანას შორის

ერთადერთი ოფიციალური სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტია. როგორც ცნობილია, რუსეთს არ ჩაუკეტავს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, დამაკავშირებელი სასაზღვრო გადასასვლელები. სწორედ მათ მიაწყდა სატრანზიტო ტვირთებისა და იმ მგზავრების დიდი ნაკადი, რომლებიც აქამდე ლარსის მიმართულებით სარგებლობდნენ. ასეთ ტენდენციას საქართველოს ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა.

საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვიდან 5 დღის შემდეგ მე თავად გავხდი იმის მოწმე, რომ ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი ამ კვანძით სომხეთის უამრავი მოქალაქე სარგებლობდა. ლარსის პუნქტი ჯერაც არ ამუშავებულა. შესაბამისად, სომხეთის მოქალაქეებს სხვადასხვა გზებით უხდებათ რუსეთიდან საქართველოში შემოსვლა, ხოლო შემდეგ სამშობლოში დაბრუნება. ერთი ასეთი მცდელობა შიდა ქართლის სამართალდამცველებმა 6 დღის წინ აღკვეთეს.

[მიხეილ ქარელის ხმა] ”ოფიციალური საბაჟო-საკონტროლო გამშვები პუნქტები არსებობს და, აქედან გამომდინარე, ყველა მოქალაქემ - ეს იქნება სომხეთის თუ აზერბაიჯანის - უნდა ისარგებლოს ოფიციალური საბაჟო-საკონტროლო პუნქტებით. და რომ როკის გვირაბით შემოვიდნენ ეს ტვირთები, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რადგან ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ამ ტერიტორიას, როკის გვირაბს, და არ დავუშვებთ ოსი სეპარატისტების გამდიდრებას.”

შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მიხეილ ქარელის ასეთი პოზიციის გამო უკვე მეექვსე დღეა ცხინვალის მახლობლად, ერგნეთის ბაზრობის ტერიტორიაზე, დაკავებულია 3 სატვირთო ავტომობილი და 2 ავტობუსი, რომლებშიც სომხეთის 36 მოქალაქე იმყოფება. მათ შორის არის ფეხმძიმე ქალი და 12-მდე მცირეწლოვანი ბავშვი.

უკანასკნელი ინფორმაციით, დაკავებულთაგან ოთხი ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩვენი შიდაქართლელი კორესპონდენტის გოგა აფციაურის თქმით, მცირეწლოვანი ბავშვები ყველაზე მეტად სიცივით არიან შეწუხებულები. ქართველ ჟურნალისტებს მათთან მიახლოების საშუალება საქართველოს პოლიციამ არ მისცა და ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლაც კი განახორციელა. ბავშვების გათავისუფლება, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით ვერც სომხეთის კონსულმა მოახერხა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უქმე დღეა, ხელისუფლებასთან კონსულტაციებს მაინც აწარმოებს საქართველოში სომხეთის ელჩი გიორგი ხოსროევი. იგი 14 ოქტომბერს შეხვდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კოტე გაბაშვილს.

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”მივიღე თხოვნა, რომ მას როგორმე დავეხმარო, თუმცა დღეს მიჭირს ამის გაკეთება. მაგრამ ხვალ ვეცდები ინტენსიურად, რომ ქალებს და ბავშვებს აუცილებლად მივხედოთ და როგორი პრინციპული პოლიტიკური მიდგომაც არ უნდა ჰქონდეს ჩვენს მხარეს, არ უნდა დაზიანდნენ კონკრეტული მოქალაქენი.”

ადრე თუ გვიან სომხეთის მოქალაქეებს გაათავისუფლებენ, თუმცა ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რა შედეგს გამოიღებს საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, როკის გვირაბიდან შემოსული ტვირთებისა თუ მგზავრების დაკავებით აამოქმედოს ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. ოფიციალური თბილისის ასეთ მცდელობებს მოსკოვი მხოლოდ იმით უპასუხებს, რომ ლარსის გამშვებ პუნქტს რამდენიმე კვირაში ერთხელ მხოლოდ რამდენიმე საათით ამუშავებს, ისიც სომხეთის მოქალაქეების გასატარებლად.
XS
SM
MD
LG