Accessibility links

თბილისში სტუმრად იმყოფება სავალუტო ფონდის რეგულარული მისია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგულარულმა მისიამ თბილისში ვიზიტი დაიწყო. მისიის ხელმძღვანელი პაოლო ნოიჰაუზი საქართველოში 24 ოქტომბრამდე დაყოფს და

ვიზიტის შედეგებს, ე.წ. მიმოხილვის სახით, სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს წარუდგენს. როგორ მიმდინარეობს მისიის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლებასთან?

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელსაც ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე პაოლო ნოიჰაუზი ხელმძღვანელობს, თავისი ოფიციალური სამუშაო ვიზიტი, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული ბანკიდან დაიწყო. ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიმართ ფონდს პრეტენზიები, როგორც წესი, არა აქვს და, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ირაკლი მანაგაძის განცხადებით, საუბარი ამჯერადაც მიმოხილვით ხასიათს ატარებდა. საუბრის მსვლელობისას, ძირითადად, უკანასკნელ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და საბანკო სექტორის მდგომარეობა იქნა განხილული.
სავალუტო ფონდის მისიის ამჟამინდელი სტუმრობის ძირითადი მიზანია მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის პარამეტრების, ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის გაცნობა-გაანალიზება. ფონდის ემისრებს პრესასთან კომენტარი, ტრადიციულად, არ გაუკეთებიათ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ვარაუდობს, რომ მისიის მიმოხილვა პოზიტიური იქნება, რაც პროგრამის გაგრძელებას და წლის ბოლოს დამატებითი 20 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ნიშნავს:
[ირაკლი მანაგაძის ხმა] ” ასეთი პროცედურა არსებობს, რომელსაც მიმოხილვა ჰქვია და დაწყებული პროგრამის შეფასებას გულისხმობს. თუ მიმოხილვა ჩატარდა წარმატებით, რაშიც ეჭვი არ მეპარება და ეს ამ ვიზიტისას მოხდება, გამოიყოფა შემდეგი ტრანში, 14 მილიონი ესდეერი, რაც დაახლოებით 20 მილიონი დოლარია.”

ფონდის მისია შეხვედრებს ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან განაგრძობს. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები და ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი. პროექტთან დაკავშირებით ფონდს საკუთარი მოსაზრება აქვს, რომელიც, შესაძლოა, ფინანსთა სამინისტროს პოზიციას არ ემთხვეოდეს. ორკვირიანი ვიზიტის პერიოდში, ალბათ, სწორედ ეს თემები იქნება ძირითადი დისკუსიის საგანი. თუმცა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ვერც ამ დისკუსიაში ხედავს რაიმე საგანგაშოს და ვარაუდობს, რომ საბოლოო შედეგი საქართველოსათვის პოზიტიური იქნება:

[რომან გოცირიძის ხმა] ”ბიუჯეტთან დაკავშირებით ფონდს ექნება თავისი უფრო მკვეთრი პოზიცია. გარკვეულწილად, ფონდი დაინტერესდება ამნისტიის გეგმით, მაგრამ, მე მგონია, მთლიანობაში, ეს პროცესი მაინც შეთანხმებულად და მშვიდობიანად ჩაივლის.”

პაოლო ნოიჰაუზი საქართველოს 24 ოქტომბერს დატოვებს. მანამდე კი მასთან საკუთარი პოზიციების დაცვა აღამასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკურ ბლოკს მოუწევს.
XS
SM
MD
LG