Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო გასული კვირის დასავლეთის პრესაში


გასული კვირის პრესა უცხოეთში - იგულისხმება არარუსულენოვანი პრესა - საქართველოში მომხდარ ამბებს ყურადღებას უთმობდა და ამ ქვეყნის საშინაო

საქმეების ცოდნასაც ავლენდა. მე მხოლოდ ერთი-ორი წერილის მოკლე შინაარსს გაგაცნობთ.

ფრანგულმა ყოველთვიურმა “მონდ დიპლომატიკმა” მოზრდილი ანალიზი მიუძღვნა საქართველოს საშინაო ვითარებას. სტატია ასეა დასათაურებული: “საქართველო ცდილობს დაიბრუნოს სეპარატისტული რეგიონები”. ავტორი წერილს იწყებს ჩრდილო კავკასიით და იმის აღწერისას, თუ როგორ ემუქრებოდა მოსკოვი სამხრეთელ მეზობელს ძალის გამოყენებით ვითომდა იმის გამო, რომ ის ხელს უწყობდა მეამბოხეებს მოსკოვის წინააღმდეგ, შენიშნავს: საქართველო იმდროინდელი ქვეყანა აღარ არის; ახლა იქ პრეზიდენტი სააკაშვილია, რომელსაც აქტიურად უწყობს ხელს შეერთებული შტატები და რომელიც ცდილობს სეპარატისტული რეგიონები დაიბრუნოს. მაგრამ “მონდ დიპლომატიკის “ წერილის ატორმა იცის, რომ ეს იოლი საქმე არ არის და აღწერს მთელ გეოპოლიტიკურ სპექტრს, იმ დაპირისპირებას, რომელიც კავკასიაში ხდება არა მხოლოდ რეგიონის ხალხებს, არამედ დიდ სახელმწიფოებს - რუსეთსა და აშშ-ს - შორის. წერილში ვრცლად არის მოთხრობილი მოსკოვისა და ვაშინგტონის შეთანხმებაზე, დაამყაროს მშვიდობა რეგიონში და იმაზეც, თუ საქართველოს რომელი რეგიონის მმართველი რა პოლიტიკას აწარმოებდა უწინ და ახლა. ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უახლოეს ისტორიასაც ეხება და წერს, რომ ორივე მათგანი ბოლშევიკების მიერ ადრე საქართველოს დასუსტებისთვის იქნა ბოროტად გამოყენებული, შემდეგ კი ამ პოლიტიკას სტალინიც მიმართავდა, როცა მათ ავტონომია მიანიჭეს. აქვე აღწერილია გორბაჩოვის პერესტროიკის შემდგომი მოვლენები, რამაც დღემდე ამ სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა. წერილის ავტორი ახლანდელ ვითარებას მიმოიხილავს და წერს, რომ რუსეთი, რომელსაც გავლენა აქვს რეგიონებზე, შეძლებდა ეს გავლენა გამოეყენებინა და ისინი საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებაზე დაეყოლიებინა, მაგრამ ამის გასაკეთებლად მზად არ არის. “მონდ დიპლომატიკი” მკითხველს აუწყებს, რომ არჩევნები აფხაზეთში, ფაქტობრივად, ოპოზიციურმა კანდიდატმა ბაღაფშმა მოიგო. წერილის ბოლოს ნათქვამია, რომ აშშ და ევროპა ამ რეგიონში შეთანხმებულად მოქმედებენ: აშშ სამხედრო სფეროში უწევს დახმარებას საქართველოს და ორივე ერთად, ამერიკელები და ევროპელები, უარზე არიან რა გააკრიტიკონ ჩეჩნეთში მოსკოვის პოლიტიკა, თავს არიდებენ რეგიონში საკუთარ პასუხისმგებლობას.
შვეიცარიაში გამომავალი “ნოიე ციურხერ ცაიტუნგი” 13 ოქტომბერს აფხაზეთის არჩევნებს გამოეხმაურა. წერილი ასეა დასათაურებული: “აფხაზეთი უფრო და უფრო იძირება ქაოსში”. სტატიის ავტორის თანახმად, ამას იწვევს წარუმატებელი არჩევნები. წერილში მკითხველი მოკლედ გაეცნობა ამ რეგიონის ახლო წარსულს და დეტალებს არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების თაობაზე. “ნოიე ციურხერ ცაიტუნგი” გალის რაიონის სპეციფიკურობასაც აღნიშნავს და წერილის ბოლოს სვამს კითხვას, ხომ არ არის ეს ყველაფერი ქართული შეთქმულება. ის მკითხველს უამბობს, რომ როცა ვლადისლავ არძინბამ აფხაზებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა, ამასთან, ეს არეულობა თბილისის მიერ ორგანიზებულად მოიხსენია. არძინბას არაფერი უთქვამს იმაზე, წერს გაზეთი, რომ სერგეი ბაღაფში აფხაზი ნაციონალისტია, რომელიც, როგორც ბევრი აფხაზი ფიქრობს, მოსკოვთან ზედმეტი დაახლოების მოწინააღმდეგე უფროა, ვიდრე თბილისისთვის აფხაზეთის მიყიდვის გეგმის ავტორი.
კიდევ ერთი გერმანული გაზეთი შეეხო არჩევნებს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში. გერმანიაში გამომავალი “ველტი” ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვებას მოულოდნელს უწოდებს და სტატიას იწყებს სოხუმის ქუჩის სცენის აღწერით. - ეს სცენა, როგორ ცეკვავს სოხუმის ქუჩაში ხალხი, თუ არ ვცდები, რუსეთის ტელევიზიით გავრცელდა. - გაზეთი შემდეგ აღწერს საარჩევნო ციებ-ცხელებას და თითოეული კანდიდატის - ასევე ახლანდელი პრეზიდენტის - გარემოცვას. ის არძინბას კლანზე ლაპარაკობს და ასეთ ცნობას იძლევა: ყოფილი პრეზიდენტის დაცვის უფროსი განაგებს ამ კლანს, რომელიც ბენზინისა და მოპარული ავტომანქანების კონტრაბანდას აკონტროლებსო. სტატიის ავტორი მკითხველს ისეთ დეტალებს მოუთხრობს, როგორიცაა რუსეთის დახმარება სეპარატისტული რეგიონისთვის და მისთანა. სტატიის ბოლოს გაზეთი საქართველოს ხელისუფლებაში აზრთა სხვადასხვაობად აფასებს მისი ორი წარმომადგენლის, პარლამენტის თავმჯდომარისა და სახელმწიფო მინისტრის, პოზიციებს. “ველტის” თანახმად, ნინო ბურჯანაძეს უთქვამს, არჩევნებს არ ვაღიარებთო, ხოლო გიორგი ხაინდრავა მიესალმა არჩევნების შედეგებს და დიალოგისთვის მზადყოფნა გამოხატა.
პრესის მიმოხილვა მინდა დავასრულო რუსეთში გამომავალი ინგლისურენოვანი გაზეთის ერთი სტატიით, რომელიც ევგენია ალბატსს ეკუთვნის და რომელიც “მოსკოუ ტაიმსში” გამოქვეყნდა. წერილის ავტორი აღწერს თბილისში თავის მოგზაურობას სხვა რუს ჟურნალისტებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის მიწვევით. ევგენია ალბატსის თანახმად, მიწვევის მიზანი იყო რუსეთის მასმედიაში გამძაფრებული ანტიქართული განწყობილების მიზეზების გამოძიება. გამართულა არაერთი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან, ზურაბ ჟვანიასა და სხვა მინისტრებთან. წერილის ავტორი რუსეთის მასმედიაში ანტიქართული განწყობილების იმ მიზეზებს გამორიცხავს, რომელიც ზედაპირულად მოჩანს ხოლმე. მათ რიგში ის ასახელებს: რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოში არსებობას, პანკისის ხეობას, სეპარატისტულ რეგიონებს და აშშ-ის მხარდაჭერას. რუსი ჟურნალისტებისთვის ეს პრობლემები არ არის იმის საფუძველი, რომ საქართველოს მიმართ არამეგობრული ტონით ილაპარაკონ, მიაჩნია “მოსკოუ ტაიმსის” ატორს. მისი დაკირვებით, მთავარი, რაც ხელს უშლის რუსეთში მის კოლეგებს, საქართველოს რეფორმებია. ის ამ რეფორმებს ახასიათებს და ასაბუთებს თავის ნათქვამს, წერს რა, რომ ვლადიმირ პუტინი ემყარება სახელმწიფო ბიუროკრატიის მხარდაჭერას და ხალხს რუსეთის პრობლემების მიზეზად მიიჩნევს, ხოლო მიხეილ სააკაშვილი, ამის საპირისპიროდ, ფიქრობს, რომ მისი პოლიტიკური ძლიერება ხალხის ნდობითა და მასთან თანამშრომლობით მიიღწევა. რუსეთში გამომავალ ამ ინგლისურენოვან გაზეთში გამოქვეყნებული წერილის ავტორის აზრით, ეს სააკაშვილს სახიფათოს ხდის რუსეთისა და ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის რეჟიმებისთვის. რუსეთში ანტიქართული ტალღაც იმის დასტურია, რომ კრემლი ამ ხიფათს გრძნობს, დაასკვნის ევგენია ალბატსი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG