Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მშენებლობის, არქიტექტურის, დიზაინისა და რეკონსტრუქციის მე-9 გამოფენა მიმდინარეობს


მიუხედავად საქართველოს ეკონომიკის განვითარების დაბალი ტემპებისა, არის სფეროები, რომლებიც საერთო ეკონომიკური სურათიდან ამოგლეჯილად,

ცალკე ვითარდება. ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ ასეთ სექტორს მშენებლობა, არქიტექტურა და დიზაინი წარმოადგენს. გასულ 2003 წელს მშენებლობაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა არაფინანსურ აქტივებში 1 მილიარდ 11 მილიონი ლარი შეადგინა. ეს თითქმის 2-ჯერ აღემატება 2002 წლის მაჩვენებლებს. ამ მაჩვენებლებიდანაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოში მშენებლობა საკმაოდ მზარდი დარგია. შესაბამისად, დიდია მოთხოვნა მრავალფეროვან სამშენებლო პროდუქციაზე და მომსახურებაზე. სწორედ ამან უბიძგა ”ექსპოჯორჯიას” წარმომადგენლებს მშენებლობის საერთაშორისო გამოფენა მოეწყოთ.

[ისმის ხმაურის ხმა]
[მაკა კაკულიას ხმა] “ეს არის საერთაშორისო გამოფენა რომელიც მეცხრედ ტარდება”...

ეს არის მაკა კაკულია, გამოფენის მენეჯერი და “ექსპოჯორჯიას” წარმომადგენელი. იგი ამბობს, რომ საზღვარგარეთ საკმაოდ დიდია ინტერესი საქართველოს სამშენებლო ბაზრის მიმართ.

[მაკა კაკულიას ხმა] “13 ქვეყანა არის წარმოდგენილი”...

ამ 13 ქვეყნიდან ყველაზე ფართოდ თურქული სამშენებლო პროდუქციაა წარმოდგენილი. საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარი ისედაც არ უჩივის თურქული პროდუქციის ნაკლებობას, თუმცა, ბაზრობებისგან განსხვავებით, სპეციალიზებულ გამოფენაზე გაცილებით ხარისხიანი და მრავალფეროვანი შემოთავაზებებია.

[ისმის დამთვალიერებლების ხმა] ”რამ დაგაინტერესათ ამ დეტალში”...

მე თურქული პროდუქციის მწარმოებელ ბიზნესმენებსაც გავესაუბრე და საქართველოს მცირე მოცულობის ბაზრით მათი დაინტერესების მიზეზი ვკითხე...

[თურქი ბიზნესმენის ხმა] ”ერთი წელია, რაც გვაქვს ურთიერთობა საქართველოსთან. ძალიან დიდი ბრუნვა არ არის, მაგრამ ისეთი, ნორმალურია.”

თურქ ბიზნესმენს შექედ დემირს გასაღებული პროდუქციის მოცულობაზე მეტად გამოფენაზე მისი საგამოფენო სტენდის მნახველების სიმცირე აღელვებს:

[თურქი ბიზნესმენის ხმა] ”გამოფენა კარგადაა ორგანიზებული, მაგრამ დამთვალიერებლების სიმცირეა. თუ ძველ პარტნიორებს არ ჩავთვლით, ახალი დაინტერესებული პირი ბევრი არ ყოფილა.”


მშენებლობის, არქიტექტურის, დიზაინისა და რეკონსტრუქციის გამოფენის დამთავრებამდე ჯერ 1 დღე კიდევაა დარჩენილი და სავარაუდოა, რომ იგი სხვა მონაწილეებისთვისაც უშედეგოდ არ ჩაივლის, ამ თურქი ბიზნესმენივით. გამოფენაში მონაწილე რამდენიმე ქართული კომპანიის წარმომადგენელთა მტკიცებით, მათ უკვე მიიღეს საქმიანი წინადადებები და იდეები.

[ქართველი ბიზნესმენების ხმა] ”შევთანხმდით პარტნიორობაზე....”

გამოფენა რომ შედეგიანია, ამაზე სოციოლოგიური სამსახურის “აი-პი-ემის” გამოკითხვის შედეგებიც მეტყველებს. “აი-პი-ემი” ბიზნესმენების აზრის შესწავლას უშუალოდ საგამოფენო პავილიონის შესასვლელთან ახორციელებდა. მე ამ სოციოლოგიური ჯგუფის წარმომადგენელს მაია გუგუჩაიშვილს გავესაუბრე.

[მაია გუგუჩაიშვილის ხმა] ”გაფორმდა რამდენიმე კონტრაქტი...”

წაადგება თუ არა საქართველოში მშენებლობის მზარდ სფეროს ასეთ საგამოფენო პავილიონში ბიზნეს მოლაპარაკებათა კუთხის შექმნა, ეს მომდევნო გამოფენების მოწყობის შემდეგ გამოჩნდება. ახლა მიმდინარე გამოფენა კი, ძირითადად, იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მძლავრ ქართულ სამშენებლო კომპანიებს უშუალოდ ხარისხიან მომწოდებელთან კონტაქტის დამყარებას უადვილებს და, სამშენებლო მასალების ხარისხის ზრდასთან ერთად, ამ ბიზნესის ლეგალიზებასაც უწყობს ხელს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG