Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ჩვენი თემა იქნება გასართობი ადგილები.


დღეს ჩვენი თემა იქნება გასართობი ადგილები.

დასაწყისისთვის შევაფასებთ კაფე “კალას” და გეტყვით, როგორი ადგილია, რას გვთავაზობს და ღირს თუ არა იქ წასვლა. შემდეგ კინო “ამირანში” ახალგამოსულ ტომ კრუზიან ფილმ “თანამონაწილეს” მიმოვიხილავთ - ძალიან კარგად გამოიყურებოდა ტომ კრუზი - და, ბოლოს, გეტყვით ხუთ სიმღერას, სადაც, ჩვენი აზრით, ყველაზე კარგად ყვირიან.

კაფე “კალა” მდებარეობს ერეკლეს ქუჩაზე, სიონის ტაძართან ახლოს, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ უბანში და, ალბათ, ამიტომაც არის, რომ მუდამ სავსეა ხალხით, მიუხედავად იმისა რომ კაფე მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. კაფეს აქვს გარეთ გამოტანილი სიმპათიური მაგიდები. ერეკლეს ქუჩა პატარაა, შუადღისას და საღამოს აქ ბევრი ხალხი დადის, კაფეს გვერდით ნახატებია გამოტანილი და გარეთ მაგიდასთან ჯდომისას თავს ცენტრალური ევროპის რომელიმე ქალაქის პატარა ქუჩაში წარმოიდგენ.

თუ გარეთ ცივა, არც ესაა უბედურება, რადგან “კალას” შიდა ინტერიერი ლამაზად და გემოვნებითა აქვს მოწყობილი. ოთახი გაყოფილია ორ ნაწილად. ერთში სადა, თუმცა არა უბრალო მაგიდები დგას, მეორეს კი მფლობელები აზიურ ნაწილს უწოდებენ. აქ 2 დაბალი მაგიდა დგას, ასეთივე დაბალ, ძალიან ლამაზ ტახტებთან ერთად. მიუხედავად სილამაზისა, ტახტი არცთუ ისე კომფორტულია, ისე რომ იქ 1 საათის ჯდომის შემდეგ ცოტა დავიღალე.

კაფეში მუდამ ჩართულია ჯაზი, სამბა და ბოსა ნოვა. საღამოობით ცოცხალი შესრულებაც იმართება. მუსიკა საშუალო ხმაზეა აწეული, ამიტომ არ გიხდება ყვირილი, რათა მოსაუბრეს ორი სიტყვა გააგებინო. თუმცა, თუ ეს მუსიკა არ მოგწონს, მალე შეიძლება ცოტა შემაწუხებელი გახდეს.

“კალაში”, ძირითადად, ახალგაზრდა პუბლიკა იკრიფება. აქ დროის სატარებლად და ნელ-ნელა ლუდის საწრუპავად უფრო შემოდიან, ვიდრე საჭმელად.

“კალას” თბილისური სტანდარტული მენიუ აქვს, ხაჭაპურით, მწვადით, შებოლილი ნეკნებით, პელმენებით, პიცით და მისთანებით. ფასები სტანდარტულზე ოდნავ ძვირად მომეჩვენა. კაფეში ორნი ვიყავით და მწვადში, ხაჭაპურში, ორ ლუდში 16 ლარამდე გადავიხადეთ.

გემოს რაც შეეხება, საჭმელი გემრიელი იყო, მაგრამ არა განსაკუთრებული. ასე, კარგ ოთხიანზე. თუ ასე ხუთბალიანი სისტემით გავაგრძელეთ, მაშინ მომსახურებას სამიანი ეკუთვნის: ლუდს 15 წუთზე მეტს ველოდით, რაც ძალიან ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კაფეში ბევრი ხალხი იყო და მცირე დაგვიანება გასაგები იქნებოდა.

დაბოლოს, კაფეზე ბევრის თქმა შეიძლება საპირფარეშოს მიხედვით. “კალას” ტუალეტი სუფთა და ლამაზია, თუ შეიძლება ტუალეტი ლამაზი იყოს. ყველაზე უფრო მომეწონა ხელსაბანი, რომელსაც ალუმინის ვედროს ფორმა ჰქონდა.

საერთო ჯამში, კაფე “კალას” შეგვიძლია ხუთიანი მინუსით დავუწეროთ. გარემო თბილისში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ცუდი მომსახურება, ოდნავ ძვირი ფასები არ იძლევა მყარი ხუთიანის დაწერის საშუალებას.


თუ სმა-ჭამა და განათებული ადგილი არ გიზიდავთ, ყოველთვის შეიძლება კინოში წასვლა და საღამოს წყნარად გატარება. ამ კვირას “ამირანში” თრილერი “თანამონაწილე” გადის, ტომ კრუზის მონაწილეობით. ჩვენ მოგახსენებთ, როგორ მოგვეწონა ფილმი და რას ფიქრობს მასზე ის ხალხი, ვინც ფილმი უკვე ნახა.

“თანამონაწილე” მოგვითხრობს ტომ კრუზის გმირზე, პროფესიულ მკვლელ ვინსენტზე, რომელიც მთელი ღამით დაიქირავებს ტაქსს თითქოს თავისი ბიზნესის მოსაგვარებლად. თუმცა სულ მალე, როგორც კი პირველი ვიზიტის დროს მანქანას აივნიდან მოკლული ეცემა, ტაქსისტი ხვდება თავისი მგზავრის ნამდვილ ვინაობას.

მძევლად აყვანილი ტაქსისტი იძულებულია ვინსენტი ხალხის მოსაკლავად ატაროს, მაგრამ თან ცდილობს უკანასკნელი მსხვერპლი მაინც გადაარჩინოს. Aამასობაში მკვლელი და მძევალი საერთო აზრის გამონახვას ცდილობენ და ამას ფილმის დიდი, ყველაზე მოსაწყენი ნაწილი ეთმობა, დიდი ადგილი ეთმობა ძალიან არადამაჯერებელ საუბრებს, რომლის დროსაც თავის თავში დარწმუნებული ვინსენტი ცდილობს მორცხვ ტაქსისტს საკუთარი თავისადმი რწმენა გაუღვიძოს.

მიუხედავად ცუდი დიალოგებისა, ფილმი სულ მოსაწყენი არ არის. ტომ კრუზის უაზრო ლაპარაკს ადამიანის დანიშნულებაზე ენაცვლება ბევრი კარგად დადგმული და გადაღებული სროლა, რომელიც ფილმის ნაწილს თრილერის და ბოევიკების მოყვარულებისთვის საინეტერესოს ხდის. თუმცა აქაც, ალბათ, მეტისმეტი მოსდით: ფილმის ბოლოს გვამების რაოდენობა რამდენიმე ათეულს აჭარბებს. და ხშირად გაუგებარი რჩება, ვინ ვის ესვრის და ვის ხვდება ტყვია.

ფილმიდან გამოსული მაყურებელი, ძირითადად, უკმაყოფილო იყო. Gგოგოებს კიდევ გული მოულბო ტომ კრუზის მომხიბვლელობამ, მაგრამ კაცები შეუვალნი იყვნენ:

[ფილმის მაყურებელი] “ უაზრო კინოა და მარტო ეფექტები და რაღაც ისა. არ არის სერიოზული. - ეფექტები მაინც კარგია? - არა.”

[ფილმის მაყურებელი]”კაი კაცი თამაშობს, ძალიან ლამაზი კაცი თამაშობს და გოგოები მოვიდნენ.”

[მაყურებელი] “ ძაან კარგად გამოიყურებოდა ტომ კრუზი.”

ჩვენ კი ფილმს, იმავე ხუთბალიანი სისტემით, შეიძლება ოთხიანი მინუსით დავუწეროთ. რა თქმა უნდა, ფილმი შედევრი არ არის, მაგრამ მოწყენილ საღამოს კარგად გაგატარებინებს. მაყურებლების აზრი კი გაიყო:

-სხვებს ურჩევდი, რომ მოსულიყვნენ, თუ დროის გატარება უნდათ?

[ფილმის მაყურებელი] “კი კი, დროის გასატარებლად კარგი ფილმია.”
[ფილმის მაყურებელი] “არც ისე. სხვათა შორის, ტიპიური ამერიკული ფილმია. “

[ფილმის მაყურებელი] ”გასართობი, უფრო ისეთი, ერთხელ რომ ნახავ და დაგავიწყდება.”

ჩვენი აზრით, თუ მეტი საქმე არაფერი გაქვთ, “თანამონაწილე” დროის გაყვანაში დაგეხმარებათ, თუ მეტს ამ ფილმისგან არაფერს ელით. მაგრამ თუ ცუდ გუნებაზე ხართ და გირჩევნიათ ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ, მაშინ შეგიძლიათ სახლში დარჩეთ და დრო მუსიკის სმენით მოკლათ. ჩვენი კი გასამხიარულებლად შემოგთავაზებთ ხუთ სიმღერას, რომელიც, ჩვენი აზრით ყველაზე კარგ ყვირილს შეიცავს.

საერთოდ, ყვირილი სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ არის, მაგრამ ხანდახან სიმღერას ისე უხდება, რომ ამით ის რამდენჯერმე უკეთესი ხდება.

მეხუთე ადგილს საუკეთესო ყვირილისათვის იურაია ჰიპის “ჯულაი მორნინგ” იმსახურებს. ეს 10 წუთზე გრძელი სიმღერა გაცილებით უფრო ნაკლებად დასამახსოვრებელი და უფრო ძნელად მოსასმენი იქნებოდა, რომ არა მშვენიერი კივილი, რომელიც ყურს ესალბუნება და სულს ახარებს:

[მუსიკა}

შემდეგი ჩვენს სიაში რეიდიოჰედის “ქლაიმბინგ აფ ზი უოლზია”. საერთოდ, რეიდიოჰედის ვოკალისტი ტომ იორკი ხმას ხშირად არ უწევს, მაგრამ როდესაც ყვირილს გადაწყვეტს ხოლმე, შესანიშნავად გამოსდის. ეს სიმღერა, “ქლაიმბინგ აფ ზი უოლზ”, ბალადასავით, წყნარად იწყება, მაგარამ ბოლოს მომღერალი სასოწარკვეთას ვეღარ იტანს და გულისშემძრავად ღრიალებს.

[მუსიკა]

ძალიან ადრე, მანამ, სანამ სტივენ ტაილერი ძონძებში გამოწყობილ მოსიარულე გვამს დაემსგავსებოდა, ის ჯგუფ აეროსმიტთან ერთად კარგ სიმღერებს წერდა. მართალია, მალე მან ხელი აიღი ხარისხზე და მთლიანად მაინცდამაინც არაფრით გამორჩეულ და უმარილო სიმღერების წერაზე გადაერთო, მაგრამ მაინც მოასწრო ერთი შედევრი შეექმნა – “დრიმ ონ”.

[მუსიკა]

მეორე ადგილზე “ქომფორტაბლ ნამბ” არის პინკ ფლოიდის “ზი უოლიდან”. ამ სიმღერაში ვოკალისტი არა თავისი, არამედ პერსონაჟის პირით ყვირის, რომელსაც ექიმები ნემსს უკეთებენ და ტკივილსაც მშვენივრად გადმოსცემენ.

[მუსიკა]

პირველ ადგილზე კი მსოფლიოში, ალბათ, ყველაზე კარგი ხმის მქონე რობერტ პლანტის კივილია ლედ ზეპელინის “იმიგრანტს სონგის” დასაწყისში. მგონი, სწორედ ესაა იდეალური კივილი მსოფლიოში. ისიამოვნეთ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG