Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენი სამხედრო მაღალჩინოსანი პატიმარია საქართველოში და რა ბრალი მიუძღვით მათ


“ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოში ყოფილი

ხელისუფლების წარმომადგენელთა არაერთი ხმაურიანი დაპატიმრება განხორციელდა. თუმცა, გისოსებს მიღმა, ძირითადად, კორუფციულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი სამოქალაქო მინისტრები აღმოჩნდნენ და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება გაცილებით ლმობიერი იყო სამხედრო პირების მიმართ მათი მხრიდან რევოლუციის დღეებში გამოვლენილი ნეიტრალიტეტის გამო. მაგრამ ბათუმისა და განსაკუთრებით ცხინვალის კრიზისის შემდეგ ვითარება შეიცვალა და სისხლის სამართლის საქმე ერთბაშად რამდენიმე მოქმედ მაღალი რანგის ოფიცერზე აღიძრა. ვინ არიან ეს სამხედრო მაღლჩინოსნები, რა მდგომარეობაში იმყოფებიან და როდის გაიმართება მათი სასამართლო პროცესები?

ახალი ხელისუფლების დროს ქართველმა სამართალდამცველებმა ყველაზე პირველად გენერალი გიორგი ვაშაკიძე დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, ვაშაკიძეს, რომელიც რუსეთის გენერალური შტაბის აკადემიის მსმენელი და “მხედრიონის” ერთ-ერთი აქტიური წევრი გახლდათ, ბრალი ედებოდა ბიზნესმენ თამაზ მაღლაკელიძის გატაცების ორგანიზებაში. დაპატიმრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გენერალი ვაშაკიძე საპატიმროში ინახულა უფლებათდამცველმა ნანა კაკაბაძემ, არასამთავრობო ორგანიზაციიდან “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”. ჩვენთან სატელეფონო საუბარში ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ პატიმარი სასტიკად იყო ნაცემი, რის შემდეგაც მას საპატიმროებში შესვლა აუკრძალეს.

[ნანა კაკაბაძის ხმა]

გენერალ ვაშაკიძის შემდეგ სამართალდამცველებმა ასლან აბაშიძის რეჟიმის მომხრე ორი გენერალი, 25-ე ბრიგადის მეთაური გენერალი რომან დუმბაძე და აჭარის უშიშროების მინისტრის მოადგილე გოგი კუპრეიშვილი, დააპატიმრეს. პირველი ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე იყო შერაცხული მოღალატედ მთავარსარდლისადმი დაუმორჩილებლობისა და იმ მუქარების გამო, რასაც ცენტრალური ხელისუფლების მისამართით საჯაროდ გამოთქვამდა აჭარის კრიზისის დღეებში. გენერალი გოგი კუპრეიშვილი კი უფრო ფრთხილად იქცეოდა, - უფლებათდამცველი ნანა კაკაბაძე იმასაც ამბობს, საქარათველოს პრეზიდენტი მას ხელშეუხებლობასაც დაჰპირდაო, - თუმცა, საბოლოო ჯამში, დაპატიმრებას ვერც კუპრეიშვილი გადაურჩა.

[ნანა კაკაბაძის ხმა]

საპატიმროში იმყოფება უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული სამსახურის ყოფილი უფროსი გენერალი ლევან კენჭაძე, რომელსაც გამოძიება იარაღთან დაკავშირებულ მაქინაციას - უფრო ზუსტად, უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიგი უგულავას თუ დავესესხებით, “იარაღის ჩამოწერასა და გაქრობას” - ედავება. ორიოდე კვირის წინ იარაღით უკანონო ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს საარტილერიო პოლკის მეთაური პოლკოვნიკი დიასამიძე, დაბოლოს, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მოქმედი ქართული სამშვიდობო ბატალიონის ყოფილი მეთაური პოლკოვნიკი მიხეილ ქებაძე, რომლის დაპატიმრება ნამდვილ სკანდალად იქცა. ოფიციალური ვერსიით, სარდალი იარაღის უკანონო ტარებისათვის დააკავეს, თუმცა უშიშროების სამინისტრო არ გამორიცხავდა, რომ სარდლის მიმართ წაყენებული ბრალდება დამძიმებულიყო: სახელდებოდა საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება და ღალატი, თუმცა ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ სარდალს აღმკვეთი ღონისძიება იარაღის უკანონო ტარებისათვის წაუყენა. ამიტომ, თუ წინა დაპატიმრებების დროს ბრალდებულებს არავინ გამოსარჩლებია, მიხეილ ქებაძეს მთელი სოფელი დაუდგა ქომაგად და საპროტესტო აქციები მოაწყვეს, ყოფილი სარდლის გათავისუფლების მოთხოვნით.

[ სოფლელების ხმა]

თუმცა პოლკოვნიკ ქებაძის დანაშაულში ეჭვი არ ეპარება თავდაცვის მინისტრ გიორგი ბარამიძეს. ლიტვიდან პარასკევს დაბრუნებულმა ბარამიძემ აეროპორტში განაცხადა, რომ იცის ნამდვილი გარემოებები, რის გამოც მოხდა ყოფილი სარდლის დაკავება და რომ აბსოლუტურად სოლიდარულია სამართალდამცველების მიმართ.

თუმცა ხელისუფლების წარმომადგენელთა ასეთი განცხადებები სულ უფრო კარგავს დამაჯერებლობას, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა ზემოჩამოთვლილი მაღალი რანგის ოფიცრის საქმე ჯერჯერობით კვლავ წინასწარ ძიებაშია და არავინ იცის, თუ როდის დაიწყება სასამართლო გამოძიება. უფლებათდამცველი ნანა კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ გამოძიებას არ მოეპოვება მტკიცებულება და ჩიხშია მოქცეული.

[ნანა კაკაბაძის ხმა]

მას შემდეგ, რაც სამი თვის წინ საქართველოში არსებობა შეწყვიტა სამხედრო პროკურატურამ, ძიებაში არსებული მაღალი რანგის სამხედრო პირთა საქმეები გენერალური პროკურატურის სხვადასხვა დეპარტამენტებში გადანაწილდა და მათ შესახებ კრებითი ინფორმაციის მოპოვება ჭირს. ერთადერთ წყაროდ რჩება საზოგადოებასა და პრესასთან ურთიერთობის სამსახური, სადაც გვითხრეს, რომ ეჭვმიტანილი გენერლების საქმეების ძიება დადგენილ ვადებს არ გასცდება და რომ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე შეძლებს დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG