Accessibility links

ქართველი ავტომობილისტების პრობლემები


დავით პაიჭაძე, თბილისი დღეს მძღოლებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მანქანების კანონიერი მფლობელები არიან, მაგრამ ახლა იგებენ,

რომ კუთვნილ ავტომობილებს ვერ გაყიდიან, რადგან განბაჟების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან არ არსებობს, ან უწესრიგოა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მძღოლებს ავტომანქანების ხელახალ განბაჟებას სთხოვს. მძღოლები ამტკიცებენ, რომ განბაჟების საფასური თავის დროზე გადახდილი აქვთ.

[ისმის ბევრი მანქანის სიგნალი]

საქართველოს ხელისუფლებას ქართველი მძღოლები უკანასკნელად ასე აფრთხილებდნენ გასული წლის 11 ნოემბერს. მაშინ ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტის რანგში, როგორც გაირკვა, უკანასკნელ რადიოინტერვიუს იძლეოდა. არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ორშაბათ დღეს, დილის 11 საათზე, მთელ საქართველოში მძღოლებმა მანქანები ააყვირეს. თქვენ რომ მოისმინეთ, ის ხმოვანი სიგნალები კი უკვე წელს, 18 ოქტომბერს, გაისმა თბილისის ქუჩებში. მიზეზებს თავად ავტომანქანების მფლობელები მოგახსენებენ:

[მძღოლის ხმა] “ჩემი პრობლემა ასეთია: ვიყიდე გაფორმებული მანქანა, სახელმწიფო ნომრით, ყველაფრით… ახლა გაყიდვა დამჭირდა და ვერ ვყიდი. იმ მთავრობის დროს განბაჟება თურმე “ლევი” ყოფილა. ახლა უნდათ, “გააპრავონ” და განბაჟების ფულს ხელახლა მთხოვენ.”

ეს ბატონი ამბობს, რომ მანქანას გენერალური მინდობილობით მართავდა. გაყიდვისას განბაჟების საბუთი მოსთხოვეს და აღმოჩნდა, რომ საბუთს ძალა არ ჰქონია. საინტერესოა: მანქანების ფლობას ამ ადამიანებს არავინ უშლის, გაყიდვას კი არ ანებებენ.

[ჟურნალისტის შეკითხვა და მძღოლის ხმა] “იმ კაცს რომ მიაკითხოთ, ვისგანაც მანქანა იყიდეთ, ვერც ის გაყიდის? - იმ კაცმა რა უნდა ქნას? იმან განაბაჟა, ფული გადაიხადა, მივიდა რესპუბლიკის “გაი”-ში, დეკლარაცია გამოუწერეს. რა მოვთხოვო იმას”?

ავტომანქანის მფლობელებს მიაჩნიათ, რომ მთავარი საბუთი, რითაც მანქანის იდენტობა და კუთვნილება დასტურდება, მათ ხელთა აქვთ:

[მძღოლის ხმა] “სახელმწიფო ნომერი და ტექნიკური პასპორტი - ხომ ეგ არის მანქანის დამადასტურებელი? ჩვენ ამას ვიღებდით. როცა მივიდოდით - რესპუბლიკის “გაი” იყო, ქალაქის “გაი” თუ საბაჟო დეპარტამენტი, ჩვენს ინტერესში იყო მიგვეღო სახელმწიფო ნომერი და ტექპასპორტი. მათ ჩვენ გვაძლევდნენ. მე ხომ არ ვიცი, შიგნით, ოთახებში, რა ხდებოდა? იქ ქვეყანა ხალხი ირევა.”

ავტომფლობელთა დახმარება ითავა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ასოციაციის წარმომადგენელი ბესო აბაშიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს არავითარი საფუძველი არა აქვს ასეთი ქცევისთვის - არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც მძღოლებს საბაჟო გადასახადის ხელახლა გადახდას დაავალდებულებდა.

[ბესო აბაშიძის ხმა] “ეს არის რეკეტი სახელმწიფოს, შსს-ს მხრიდან. რაიმე აქტი რომ არსებობდეს ბუნებაში, რაც ამ პროცესს დაარეგულირებდა, იმას გავასაჩივრებდით. ეს არის მხოლოდ სიტყვიერი მოთხოვნა და სიტვით დავალდებულება ამ ხალხისა - უნდა გადაიხადოთ!”

მძღოლებს კანონი არ ავალდებულებს, იცოდნენ, რამდენად კანონიერია მანქანის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, განმიცხადა ბესო აბაშიძემ. თუმცა ავტომფლობელებთან საუბრისას ჩემთვის ნათელი გახდა: მათმა ნაწილმა იცოდა, რომ უკანონო ოპერაციაში მონაწილეობდა. ავტომფლობელები ფულს აძლევდნენ პოლიციას, რომელიც მათ უმტკიცებდა ნომერსა და ტექნიკურ პასპორტს. ეგ არის, რომ პოლიციას არ შეეძლო მათი გაცემა განბაჟების დამადასტურებელი საბუთის გარეშე. მძღოლების გადახდილი ფული ბევრად აღემატებოდა ნომრისა და ტექპასპორტის ღირებულებას. განბაჟების თანხაც კანონიერად რომ დაეფარათ, ასე, 100-150 დოლარით მეტის გადახდა მოუწევდათ. რეალურად კი, ჩანს, მათი გადახდილი ფული პოლიციის სამმართველოს კედლებს არ ტოვებდა. ახალმა ხელისუფლებამ მოღვაწეობის გარიჟრაჟზე ამის გამო დააკავა საგზაო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები და, გავრცელებული ცნობით, მილიონ-ნახევარი ლარიც დაადებინა. თუ ასეა, მაშინ დღეს რაღას ემართლებიან ავტომფლობელებს?
XS
SM
MD
LG