Accessibility links

logo-print

სარდალი მიხეილ ქებაძე საპატიმროდან გათავისუფლდა, მაგრამ იარაღით უკანონო ვაჭრობის თაობაზე გამოძიება გრძელდება


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მოქმედი ქართული კონტინგენტის ყოფილი სარდლის მიხეილ ქებაძის სამდღიანი პატიმრობა დასრულდა. სარდალი გათავისუფლებულია

მტკიცებულებათა არარსებობის გამო და მეორე დღეა თბილისში, საკუთარ სახლში, იმყოფება. იარაღის უკანონო შეძენისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამჟღავნების ბრალდებით დაპატიმრებული პოლკოვნიკის ოთხი დღის თავზე გათავისუფლებამ საზოგადოებაში უამრავი შეკითხვა გააჩინა სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მისამართით, თუმცა უშიშროების სამინისტროში კვლავ აცხადებენ, რომ მიხეილ ქებაძის დაპატიმრებაც და გათავისუფლებაც კანონის დაცვით მოხდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის განმავლობაში საპატიმროში ბევრი მაღალი რანგის მოხელე აღმოჩენილა, მაგრამ პოლკოვნიკ მიხეილ ქებაძის ისტორია უპრეცედენტოა. ქართველ მშვიდობისმყოფელთა ყოფილ სარდალს, უშიშროების სამსახურის ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ გასულ პარასკევს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა შეუფარდა. საგამოძიებო იზოლატორში გადაყვანილი ოფიცერი კი შაბათს პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მიხეილ ქებაძე, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარი დარჩა როგორც დაპატიმრების, ისე გათავისუფლების მიზეზი.

[მიხეილ ქებაძის ხმა]

მაგრამ პოლკოვნიკ ქებაძის ხმაურიანმა დაპატიმრებამ და მისმა მოულოდნელმა გათავისუფლებამ საზოგადოების წარმომადგენლებიც გვარიანად დააბნია. თუ ყოფილი სარდლის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები არადამაჯერებელი იყო, რატომ გამოიტანა მათზე დაყრდნობით სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების გადაწყვეტილება? ან ერთი დღის განმავლობაში რა მოხდა ისეთი, რამაც სასამართლოს გადაწყვეტილება რადიკალურად შეცვალა? თავად მიხეილ ქებაძე დარწმუნებულია, რომ განთავისუფლებას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უნდა უმადლოდეს.

[მიხეილ ქებაძის ხმა]

სამხედრო მოსამსახურეთა უფლებათდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის, “სამართალი და თავისუფლების”, წარმომადგენელ ირაკლი სესიაშვილს მიაჩნია, რომ ყოფილი სარდლის გათავისუფლება უმაღლესი ხელისუფლების ჩარევით მოხდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უფრო ქვემდგომი ხელისუფლება გათვლაში შეცდა.

[ირაკლი სესიაშვილის ხმა]

ასეთ მოსაზრებას არ იზიარებს უშიშროების სამინისტრო, რომლის მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა პოლკოვნიკ ქებაძის დაპატიმრება. უშიშროების მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია აღნიშნავს, რომ უწყება კანონიერად მოქმედებდა და ქებაძის საქმის ირგვლივ ატეხილი სკანდალი მის კომპეტენტურობას ჩრდილს ვერ მიაყენებს.

[ბათუ ქუთელიას ხმა]


იმავე ბათუ ქუთელიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ყოფილი სარდლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა და მას სამსახურში აღდგენის უფლებაც კი ჰქონია. თუმცა სამდღიანი პატიმრობით მორალურად ტრავმირებულ მიხეილ ქებაძეს უჭირს თქვას, დაბრუნდება თუ არა სამუშაოდ იმ უწყებაში, რომლის ხელმძღვანელი ორი დღის წინ სოლიდარული იყო სამართალდამცველი სტრუქტურების მიმართ და ყოფილი სარდლის დაპატიმრებას სამართლიანად მიიჩნევდა.
XS
SM
MD
LG