Accessibility links

logo-print

რატომ გახშირდა ხანძრის შემთხვევები თბილისურ ბაზრობებზე


საქართველოში საბაზრო ეკონომიკა ყველაზე პირველად ეგრეთ წოდებულმა ბაზრობებმა შემოიტანა. მას შემდეგ 15 წელზე მეტი გავიდა და ბაზრობებით შემოსული საბაზრო

ეკონომიკა ისე განვითარდა, რომ ბაზრიდან ბაზრობების გაძევება დაიწყო. ახლა მომძლავრებული ქართველი ბიზნესმენები ბაზრობების ტერიტორიებს ეუფლებიან და იქ თანამედროვე ტიპის სავაჭრო ცენტრებს აშენებენ. ზოგიერთი ბაზრობა კი თავად ცდილობს საბაზრო ეკონომიკას ფეხი აუწყოს და სავაჭრო დახლები და ბაზრის ტერიტორია მოაწესრიგოს. ერთ-ერთი ასეთი ეგრეთ წოდებული ვაგზლის ბაზრობაა, თუმცა იქ გახშირებული ხანძრები ბაზრობის ბედს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

[ისმის ბაზრობის ხმა]

ვაგზლის ბაზრობაზე, ჩვეულებისამებრ, ხალხმრავლობაა. მიუხედავად სამუშაო საათებისა, ბაზრობის გასასვლელები ხალხითაა სავსე, თუმცა, როგორც სტაჟიანი მოვაჭრეები ამბობენ, მყიდველთა რაოდენობამ ნელ-ნელა იკლო. ამ ბაზრობას სხვა ბაზრობები უწევენ კონკურენციას, მათ - კიდევ უფრო კომფორტული და მაღალი დონის სავაჭრო ცენტრები. კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ამ ბაზრობის დირექციამ, ძველი უსახური დახლების ნაცვლად, გაცილებით მოწესრიგებული სავაჭრო ჯიხურების მოწყობა დაიწყო და ათობით ასეთი სავაჭრო ადგილი უკვე ექსპლოატაციაშიც შევიდა. სწორედ ასეთ, რკინის გისოსებით დაცულ, სავაჭრო ჯიხურებში გაჩნდა 17 ოქტომბრის საღამოს ხანძარი.

მე ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეები მოვინახულე, მაგრამ ყველა მათგანმა უარი განაცხადა როგორც რადიო ინტერვიუზე, ასევე ვინაობის გამხელაზე. პირად საუბარში კი ვაგზლის ბაზრობის მოვაჭრეებმა მითხრეს, რომ ხანძარი ახლახან გაკეთებული ელექტროგაყვანილობის დამსახურებაა.

ამ ახალი გაყვანილობის ერთმა ნაპერწკალმა 100 ათასამდე ლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის პროდუქცია იმსხვერპლა. ამ საქონლის მფლობელი კი ვაგზლის ბაზრობის 20-მდე მოვაჭრე იყო. მათმა ზარალმა საშუალოდ 3-4 ათასი ლარი შეადგინა, ერთ-ერთმა მათგანმა კი 15 ათასი ლარის პროდუქცია დაკარგა. სწორედ მან მითხრა, რომ ბაზრის დირექციასთან, ანუ სავაჭრო ჯიხურების მფლობელებთან, არავითარი ხელშეკრულება და სამართლებრივი დოკუმენტი არ აკავშირებთ, თუმცა ბაზრობის მფლობელთაგან კომპენსაციას მაინც მოელიან.
სწორედ ამიტომ ერიდებიან რადიოინტერვიუს სხვა მოვაჭრეებიც და ცდილობენ დირექცია არ გაანაწყენონ.

[ბესო აბაშიძის ხმა] ”სხვა გამოსავალი არ არის - მოვაჭრეები გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდონ.”

ეს იყო ბესო აბაშიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი. მის მიერ ნახსენები გამოძიება შეიძლება არც დაიწყოს, თუ ბაზრობის ადმინისტრაციამ მოვაჭრეთა მოთხოვნები გაითვალისწინა. მე ვაგზლის ბაზრობის დირექციის პოზიციის შესატყობად გენერალური დირექტორის ჯემალ ქადაგიშვილის ოფისს მივადექი, თუმცა, როგორც ოფისის დაცვამ მითხრა, დირექტორი ადგილზე არ არის, ხოლო მისი ტელეფონი მუდმივად დაკავებულია.

გახშირებული ხანძრებით შეშინებული და დაზარალებული მოვაჭრეები კი ეჭვობენ, რომ ხელისუფლებას ბაზრობის დახურვა და მისი გაყიდვა აქვს განზრახული. ამ ეჭვის საფუძვლიანობის გასარკვევად დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ბეგაშვილს გავესაუბრე.

[ზაზა ბეგაშვილის ხმა] ”ყველას შეუძლია წყნარად ივაჭროს - ვაგზლის ბაზრობის დახურვა არავის უფიქრია.”

ძნელი სათქმელია, ეს სიტყვები რამდენად დაამშვიდებს ან დაეხმარება ვაგზლის ბაზრობის იმ მოვაჭრეებს, რომლებმაც ათასობით ლარის ზარალი განიცადეს. მათ, როგორც იურისტები ამბობენ, მომავალში ზარალის თავიდან ასაცილებლად ელემენტარული სამართლებრივი ნორმების შესწავლა უფრო გამოადგებათ.
XS
SM
MD
LG