Accessibility links

logo-print

ტრადიციულად, ოქტომბერში თბილისის კულტურული


ტრადიციულად, ოქტომბერში თბილისის კულტურული

ცხოვრება განსაკუთრებით მრავალფეროვანი ხდება ხოლმე. მაგრამ წელს ქართული კულტურის მუშაკებს ქვეყნის სხვა რეგიონებიც გაახსენდათ: 15 წლის შემდეგ ბათუმში რუსთაველის სახელობის თეატრის გასტროლები ჩატარდა. “კავკასიური ცარცის წრის” ნახვის ყველა მსურველმა ბათუმის თეატრში ვერ შეაღწია, თუმცა აჭარაში ხალხს კულტურის “გაცოცხლების” იმედი მაინც მიეცა. ბათუმში მივლინებით ყოფნისას შევეცადე იქაური მოსახლეობისგან გამეგო, რა შეიცვალა აჭარულ კულტურაში მას შემდეგ, რაც იქიდან ასლან აბაშიძე წავიდა.


[ხმა] “-ეგრე გაქვთ სინათლე სულ?
-ეხლა ჩაქრა, ათი წუთია.
- სულ ასე გაქვთ?
-ბოლო ერთი კვირაა, ასე გვაქვს… რაღაც აფეთქდა.”

ეს დიალოგი ქობულეთის შესასვლელთან, ბენზინის გასამართ სადგურზე, შედგა. ჩემი მანქანის დანახვაზე ბენზინის ჩამომსხმელმა გენერატორი აამუშავა, მერე კი გამომიტყდა, ზაფხულის სეზონის დასრულებისთანავე დამსვენებლებისგან დაცარიელებულ აჭარას დენს რამდენიმე საათით აწვდიანო.

ქობულეთისგან განსხვავებით, ბათუმის ცენტრი განათებული დამხვდა. თუმცა აქაურ “ხრუშჩოვკებთან” ყური მოვკარი, ქალი მეზობელს ეკითხებოდა, დენი ხომ არ მოსულაო. როცა “ხრუშჩოვკას” დენი არა აქვს, ბათუმელები ბულვარზე სეირნობენ. თუ არ წვიმს, რა თქმა უნდა... აქა-იქ, კედლებზე, ძველი აფიშების ნარჩენებია - პოპ-მუსიკის კონცერტის, რომელიც ზაფხულში გაიმართა; სილამაზის კონკურსის, რომლის სანახავად თბილისელებიც ჩამოვიდნენ... მეტი არაფერი... გარდა ბულვარზე განლაგებული კაფეებისა, სადაც ბათუმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები გავიცანი.

კახა და გურამი – იურიდიული ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტები არიან. ბათუმში ოზურგეთიდან ჩამოვიდნენ. გაუკვირდათ, როცა აჭარის კულტურულ ცხოვრებაზე დავუწყე ლაპარაკი. მითხრეს, რომ ახალგაზრდებს ძალიან უჭირთ თავისუფალი დროის გატარება. წელს აქ გაიხსნა “აჭარა მიუზიკ ჰოლის” ფილიალი, რომლის ბილეთი 20 ლარი ღირს... სტუდენტების უმრავლესობას კი ასეთი ფული არა აქვს. ველოდი, რომ კახა და გურამი ნოსტალგიით გაიხსენებდნენ ასლან აბაშიძის ეპოქას და მეტყოდნენ, ასლან აბაშიძე “კულტურის მოამაგე” იყო, მის დროს აჭარაში კულტურული ცხოვრება ყვაოდაო... მაგრამ - არა:

[ხმა] “თეატრში რომ მოხვიდოდი, სინჯავდნენ საბუთებს...” [ხმა] “კულტურული ცხოვრება ასე ჰქონდა, ჩამოვიდოდა ვიღაც სტუმარი და იგი აჩვენებდა ამ სპექტაკლებს. თავის გამოჩენის საშუალება იყო.”

ბულვარი იყო და არის ბათუმელთა ერთადერთი დასასვენებელი ადგილი. თუმცა კახა და გურამი აჭარის უახლესი ისტორიის იმ მონაკვეთსაც იხსენებენ, როცა პოლიტიკური კრიზისი აქაურობასაც დაეტყო:

[ხმა] “ეს ბულვარი იყო ერთი და აქ თუ გამოხვიდოდი... თუმცა ბოლო დროს ისეთი სიტუაცია იყო, რომ აქაც ჭირდა გამოსვლა...რომ გამოხვიდოდი საღამოს, პიკის საათი ხომ იყო? შეიძლებოდა პრობლემები გქონოდა თვითონ.”

მომავალი იურისტები შეგვახსენებენ, რომ კულტურული ცხოვრება ადამიანთა შორის ურთიერთობის კულტურასაც ნიშნავს. კახა და გურამი დარწმუნებულები არიან, რომ კულტურული ცხოვრება ვერ განვითარდება, თუ ქვეყნის მოქალაქეები ერთმანეთს განუწყვეტლივ გაახსენებენ წარსულს და ნიჭიერ ადამიანებს აქტიური ცხოვრებისგან გარიყავენ მხოლოდ იმიტომ, რომ თავის დროზე ისინი ასლან აბაშიძის ხელისუფლების მიმართ ლოიალურნი იყვნენ:

[ხმა] “ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა და არ დამიკარგავს იმიტომ, რომ ვიღაცისტი იყო… ჩვენ იურისტები ვართ, მაგ დონეზე არ უნდა დაიყვანო საქმე, რომ ვიღაც დასაჯო იმისთვის, რომ ვიღაცის მომხრეა.”

ბათუმელი სტუდენტები ეჭვობენ, რომ სწორედ პარტიულ-იდეოლოგიურმა დაპირისპირებამ, და არა იმდენად ფინანსების ნაკლებობამ, განაპირობა აჭარის ოპერისა და ბალეტის თეატრის დაშლა. ოპერის თეატრის გახსენებაზე სტუდენტებს ერთი ჩანაწერი მოვასმენინე ჩვენი არქივიდან – აი, რას ამბობდა ბათუმის ოპერაზე აჭარის ტელევიზიის ერთი წამყვანი 2002 წლის საახალწლო გადაცემაში:

[ფრაგმენტი აჭარის ტელევიზიის გადაცემიდან] “ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, რომელიც თავის შემოქმედებით ბიოგრაფიას უკვდავი “აბესალომის” პრემიერით იწყებს, მახსოვს, როგორი ერთსულოვანი იყო დარბაზი სპექტაკლის მსვლელობის დროს, ხელოვნების ენა აერთიანებდა ჩვენს გულისძგერას, გასაგებს ხდიდა მსხვერპლად შეწირვის, გმირობის მოთხოვნილებას, გვავსებდა იმედით, გვანუგეშებდა და სწორედ ამიტომ, მთელი საქართველოს პროგრესულმა საზოგადოებამ ეს სპექტაკლი აღიქვა, როგორც ზოგადადამიანისადმი მიძღვნილი რეკვიემი, ყოველი მოყვასის მიერ.”(სტილი დაცულია)

დაახლოებით ასეთივე ეპითეტებით ამკობდა ხელისუფლება ბათუმის საბავშვო ოპერას, რომელზედაც თბილისის მუსიკალურ წრეებში ქილიკობდნენ, თუმცა “საოპერო კიტჩის” აბაშიძისეულ ვერსიაზე ხმამაღლა ლაპარაკს კრიტიკა ვერ ბედავდა. 10-12 წლის ბავშვის გადაქცევას ვიოლეტად თუ ოტელოდ არც აჭარის მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა – მშობლები იმითაც კმაყოფილები იყვნენ, რომ მათი ბავშვები ლამაზ კოსტიუმებში გამოაწყვეს და დაასაქმეს.

[ხმა] …” ჩემი დეიდაშვილი მღეროდა მანდ, ეხლა აღარ ფუნქციონირებს… ბავშვის ოპერა, როგორც ასეთი, არ შეიძლება, მაგრამ აქ იყო…გასტროლებს აწყობდნენ იტალიაში. პრინციპში, უკმაყოფილო არავინ იყო.”(სტილი დაცულია)

გაგახსენებთ, რომ ბათუმის ბავშვთა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 2001 წელს ბავშვთა მუსიკალური სტუდია “ჩანგის” ბაზაზე შეიქმნა. პირველად “პრინცესა ტურანდოტი” დაიდგა – ნეაპოლიტანური სიმღერები და საოპერო არიები ბავშვების ხმებს მოარგეს, საორკესტრო თანხლება კომპიუტერზე დაამუშავეს, ბავშვები კი მიკროფონში ამღერეს. საოპერო თეატრში მღეროდა ყველა, ვისაც სმენა ჰქონდა, თუმცა იყვნენ პრივილეგირებულები და ისინი, ვისთვისაც მხოლოდ გუნდში აღმოჩნდა ადგილი. ერთ-ერთ მათგანს ჩვენც გადავეყარეთ... ბავშვებს, რომლებიც თეატრის წინ თამაშობდნენ, ბათუმის “საბავშვო ოპერა” გავახსენეთ.

[ბათუმელი ბავშვის ხმა]“კი, მე ვმღეროდი შიგნით, “რომეო და ჯულიეტაში”, შემდეგ გამოვედი… გუნდში ვმღეროდი… რეპეტიციებზე სამი საათი ფეხზე ვიდექი, მაგრამ მიხაროდა.”

[ბავშვების ხმა] “-შენ დადიოდი ოპერაში?
-კი, კი. ძალიან ცუდია, რომ აღარ არის. ამხელა თეატრი დარჩა და ოპერა აღარ არის.”


ამ შეხვედრის შესახებ კახას და გურამს ვუამბეთ. გაეღიმათ, გვითხრეს: ბავშვებს ახლა გასართობი აღარაფერი დარჩათო. თუმცა დაუმატეს: ამბობენ, საოპერო თეატრის ბაზაზე საბავშვო მუსიკალური თეატრი შეიქმნებაო – ე.ი. ბავშვები არა ვერდისა და პუჩინის არიებს, არამედ ჩვეულებრივ საბავშვო სიმღერებს შეასრულებენ... ბავშვები გაერთობიან, თუმცა ჩვეულებრივი მუსიკალური თეატრით ხელისუფლება ვეღარავის გააკვირვებს – ყურადღება რომ მიიქციოს, ბათუმის კულტურულ ცხოვრებას ისევ რაღაც განსაკუთრებული სჭირდება. ჯერჯერობით ამ “განსაკუთრებულს” ვერავინ იგონებს – ასლან აბაშიძე აჭარიდან წავიდა... “განსაკუთრებული” არაა, დამსვენებლებიც გაემგზავრნენ, აჭარას ისევ აწუხებს უშუქობა და უწყლობა... კულტურული ცხოვრებისათვის ამ დროს ვის სცხელა. ბათუმელები იმითაც კმაყოფილები დარჩნენ, რომ მათ რუსთაველის თეატრი ესტუმრა. თუმცა “კავკასიურის” ნახვა ყველამ ვერ მოახერხა. თეატრის გარეთ დარჩენილები გამოგვიტყდნენ, რომ აჭარამ მხოლოდ ფასადი შეიცვალა:


[ხმა]“ჩემთვის არც მაშინ ხდებოდა არაფერი და არც დღეს… ის მათხოვარი, რომელიც აქ იდგა ადრე, დღესაც აქ დგას.”

კახას და გურამს გავახსენეთ, რომ “მათხოვრები თბილისშიც დგანან”, “ხრუშჩოვკები” გლდანსა და ვარკეთილშიც ბევრი გვაქვს და მეზობლები თბილისშიც ეკითხებიან ერთმანეთს: “შუქი მოვიდა?”... თანაც, ბათუმისგან განსხვავებით, თბილისში არა გვაქვს ბულვარი, სანაპირო, სადაც ადამიანები ერთ ლარად გემრიელ ყავას დალევდნენ და გულს მოიოხებდნენ მაინც.
XS
SM
MD
LG