Accessibility links

logo-print

სახმელეთო ნაღმების პრობლემა ჩეჩნეთში


სახმელეთო ნაღმების აკრძალვის მომხრეები ცდილობენ აიძულონ რუსეთის მთავრობა, მეტი ყურადღება მიაქციოს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გაბნეული ნაღმების გაუვნებელყოფის პრობლემას.

როგორც ამ სფეროში მომუშავე ექსპერტებმა უთხრეს ჩვენს რადიოს, ჩეჩნეთი მსოფლიოში ყველაზე უფრო მეტად დანაღმული ტერიტორიაა. საერთაშორისო ორგანიზაციებს გამიზნული აქვთ, მსოფლიოში სახმელეთო ნაღმების პრობლემისადმი მიძღვნილ უახლოეს ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება სწორედ რუსეთზე გაამახვილონ.

"სახმელეთო ნაღმების აკრძალვის კამპანია" არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზნებს მისი სახელწოდებავე ნათელყოფს.

ასევე სახმელეთო ნაღმების პრობლემის მოგვარებისთვის იბრძვის ავსტრიელი დიპლომატი ვოლფგანგ პეტრიჩი, რომელიც სახმელეთო ნაღმების ამკრძალავ ხელშეკრულებაზე მუშაობს. მომავალ თვეში პეტრიჩი უხელმძღვანელებს იმ ქვეყნების სამიტს, რომლებიც კრძალავენ ნაღმებს. სამიტს კენია უმასპინძლებს.

[პეტრიჩის ხმა] "ჩეჩნეთი მსოფლიოში ნაღმებისგან ყველაზე დაზარალებული რეგიონია. ჩემის აზრით, ეს პოლიტიკის დღის წესრიგში უნდა იქნეს შეტანილი, როცა მოსკოვის მთავრობას ველაპარაკებით, რათა ვაჩვენოთ პატონ პუტინს, რამხელა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მისთვის დახმარების მიღებას, ასე ვქვათ, სახმელეთო ნაღმების თანამეგობრობის წევრობას. ვინაიდან ნაღმებით არა მხოლოდ მეამბოხეები ზარალდებიან. ამ ტიპის ბინძურ ომში ყველგან და, კერძოდ, ჩეჩნეთში, ჩვეულებრივ, სამოქალაქო პირები, ბავშვები, ქალები არიან სახმელეთო ნაღმების მსხვერპლნი."

"სახმელეთო ნაღმების აკრძალვის კამპანია", რომელმაც 1997 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მოიპოვა, გასული წლის ანგარიშში წერდა, რომ ჩეჩნეთში თითქმის 6000 ადამიანი, ანუ უფრო მეტი დაიღუპა და დასახიჩრდა სახმელეთო ნაღმებით, ვიდრე სადმე სხვაგან მსოფლიოში.

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაცია ამ რიცხვს გაზვიადებულად მიიჩნევს. მას ეჭვქვეშ აყენებს წლევანდელი ანგარიშის კოორდინატორი მერი უერუმიც. მაგრამ, მისი თქმით, ვითარება მაინც ძალზე მძიმეა.

როგორც უერუმმა უთხრა ჩვენს რადიოს, ასიათასობით ნაღმია განთავსებული რუსეთის ჯარებისა და ჩეჩენი მეამბოხეების მიერ. ორგანიზაციისთვის არ არის ცნობილი რეგიონში განნაღმვის რაიმე ჰუმანიტარული ძალისხმევის შესახებ, მას მერე, რაც ეს საქმიანობა 1999 წელს შეწყვიტა არასამთავრობო ორგანიზაცია ჰალო ტრასტმა.

რუსეთის არმია პერიოდულად ახდენს ნაღმების გაუვნებელყოფას, მაგრამ განნაღმვა არ ხდება სისტემატურად. რაც მთავარია, ხდება მხოლოდ სამხედრო და არა ჰუმანიტარული განნაღმვა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი - ისევე როგორც შეერთებული შტატები, ჩინეთი, ინდოეთი და პაკისტანი - არ არის წევრი 1997 წლის ხელშეკრულებისა, რომელიც კრძალავს სახმელეთო ნაღმებს.

საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტისა და იუნისეფის - გაეროს ბავშვთა ფონდის - გარდა ჩეჩნეთში არავინ ზრუნავს ნაღმებით დაზარალებულების სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე.

[უერუმის ხმა] "რესურსების აშკარა სიმწირე შეიმჩნევა. ამჟამად არავინ გაიღებს ფულს ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ცდილობს ორგანიზაცია "სახმელეთო ნაღმების აკრძალვის კამპანია" ყურადღება მიექცეს ჩეჩნეთს, როცა საუბარი სახმელეთო ნაღმებზეა."

ორგანიზაციის წლიური ანგარიში 18 ნოემბერს გამოქვეყნდება. მის გარეკანზე გამოსახული იქნება ჩეჩენი ბიჭი უმარ ესკიევი, რომელიც ორი წლის წინ, 13 წლის ასაკში, გროზნოში აფეთქდა ნაღმზე, როცა ბაზრიდან შინ ბრუნდებოდა. ბიჭს მარცხენა ფეხი მოკვეთეს, მაგრამ ნაღმების სხვა მრავალი მსხვერპლის მსგავსად ისიც იძულებულია, მაინც იზრუნოს თავისი ოჯახის რჩენაზე.
XS
SM
MD
LG