Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი პოლიციელები და ყოფილი ჯარისკაცები საპენსიო ფონდის გაუქმების წინააღმდეგ გამოვიდნენ


ეგრეთ წოდებული ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები ყველაზე პრივილეგირებული პენსიონერები არიან საქართველოში. მათი პენსია 45-დან 130 ლარამდე მერყეობს,

მაშინ როდესაც უბრალო მოქალაქის პენსია მხოლოდ 17 ან 21 ლარია. ყოფილმა პოლიციელებმა თუ ყოფილმა ჯარისკაცებმა გაცილებით მაღალ პენსიებს მრავალწლიანი სამოქალაქო აქტივობითა და საკანონმდებლო ლობირებით მიაღწიეს. ახლა კი შიშობენ, რომ საპენსიო ფონდის გაუქმებით მოპოვებულ პენსიებს დაკარგავენ და ამიტომ, საპენსიო ფონდის შენარჩუნების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს.

[ისმის აქციის ხმა]

[თამაზ მაჭარაშვილის ხმა] ”პენსია ახლა მე მაქვს 105 ლარი. ყველა ამდენს არ იღებს. ზოგი იღებს 180 ლარს, საშუალოდ, 45-დან, წელთა ნამსახურების მიხედვით. სულ 28 ათას კაცამდე ვიყავით და ახლა დაემატა ეს უპენსიო ხალხი, 20 - 24 ათასი.”

ეს არის თამაზ მაჭარაშვილი, თადარიგში გასული პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი. იგი 19 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. ეგრეთ წოდებული ძალოვანი სტრუქტურების 100-მდე პენსიონერი პუშკინის ძეგლთან საპროტესტო აქციაზე იმის გამო მივიდა, რომ პენსიების ბედის შესახებ დაგროვილ კითხვებზე პასუხი მიეღო.

[თამაზ მაჭარაშვილის ხმა] ”როგორც ჩვენ ვიცით, შეტანილი არის პროექტი, რომ ჩვენ დაგვიკლონ ხელფასები და იმ ხალხზე გასცენ კომპენსაციები, რომლებიც ახლა გაუშვეს.”

ამ დასკვნამდე ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერები იმ მთავრობის ნაბიჯებმა მიიყვანა, რომელმაც მომავალი წლის ბიუჯეტში არ გაითვალისწინა სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა კომპენსაციების თანხა.
ამ ეჭვების გარდა, შედარებით მაღალანაზღაურებად პენსიონერებს სხვა კითხვებიც აწუხებთ.

[ისმის საპროტესტო აქციის ხმა] ...” სოციალური ფონდი რომ გააუქმონ, ჩვენი 2-3 თვის პენსია გაიყინება. რაც უნდა, ის გააკეთონ, ოღონდ ჩვენი პენსიები არ დაიკარგოს...”

ისინი შეეცადნენ ამ კითხვებზე პასუხი საკანონმდებლო ორგანოსგან მიეღოთ, მაგრამ პარლამენტში ჯერ არ ჩქარობენ. ამიტომ ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერებმა 19 ოქტომბერს სახელმწიფო კანცელარიასაც მიაკითხეს და ახსნა-განმარტების თხოვნით პრეზიდენტსაც მიმართეს. ჯერჯერობით მისი პასუხი უცნობია.

იმის გასარკვევად კი, საპენსიო ფონდის გაუქმების შემდეგ რა ბედი ელის ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერთა პენსიებს, ფონდის გენერალურ დირექტორს ზაზა სოფრომაძეს ტელეფონით დავუკავშირდი.

[ზაზა სოფრომაძის ხმა] “საპენსიო ფონდი, მართლაც, უქმდება ახალი ბიუჯეტის კანონში, თუმცა ის იარსებებს დამოუკიდებლად. ძალოვანთა პენსიებზე კი წერია, რომ მათ გასცემს არა საპენსიო ფონდი, არამედ ჯანდაცვის სამინისტრო.”

სწორედ ეს საკანონმდებლო გაურკვევლობა აღელვებს ძალოვანი სტრუქტურების მაღალანაზღაურებად პენსიონერებს.
XS
SM
MD
LG