Accessibility links

ახლა კი რუსეთის ბოლოდროინდელ პრესას მიმოვიხილავთ. დღეს გაგაცნობთ აფხაზეთში შექმნილ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ახლა კი რუსეთის ბოლოდროინდელ პრესას მიმოვიხილავთ. დღეს გაგაცნობთ აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებულ პუბლიკაციებს.



15 ოქტომბრის გაზეთ “კომერსანტის” თქმით, “განურჩევლად იმისა, თუ როგორ დასრულდება ამჟამინდელი აფხაზური დაპირისპირება და პრეზიდენტობის რომელი კანდიდატი იზეიმებს საბოლოო გამარჯვებას, მთავარი დამარცხებული აფხაზეთის არჩევნებში ცნობილია. ეს რუსეთია. ამასთან, მოსკოვმა წაგება დაიწყო 3 ოქტომბრის არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე.”

გაზეთში განხილულია აღნიშნული მარცხის მიზეზები, ხოლო წერილის ბოლოს ნათქვამია: “სულ ბოლო დრომდე აფხაზეთი რუსეთისთვის ძლიერი კოზირი იყო მის გეოპოლიტიკურ თამაშში თბილისთან. ახლა კი, როცა მოსკოვმა არასწორი ფსონი გააკეთა და ვერ შეძლო თავისი პოზიციის კორექტირება დროულად გაეკეთებინა, აფხაზეთის კოზირი, ძირითადად, უკვე საქართველოს ხელში აღმოჩნდა.
და საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ აფხაზეთის ამჟამინდელი არჩევნების შემდეგ თბილისში მიხვდნენ: მოსკოვი და აფხაზეთი სულაც არ არიან ყოვლისშემძლენი. ამიერიდან საქართველოს პოლიტიკური ელიტა სულ უფრო ხშირად იფიქრებს იმაზე, რომ აფხაზეთისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მომავალზე მოლაპარაკებას თავად ქართველები და აფხაზები შეძლებენ - შუამავლების გარეშე.”

15 ოქტომბრის გაზეთი “მოსკოვსკიე ნოვოსტი” აღნიშნავს, რომ უკვე გაისმის მოსაზრებები აფხაზეთში განმეორებითი არჩევნების ჩატარების შესახებ, თან , შესაძლოა, სხვა კანდიდატების მონაწილეობით. გაზეთი წერს: “ასე ესმის კრემლს თავისი სამშვიდობო მისია კონფლიქტში, რომლის პროვოცირება თვითონ მოახდინა და უკიდურეს ზღვრამდეც მიიყვანა ის.

განმეორებითი არჩევნები აფხაზეთში შესანიშნავი იდეაა. თუმცა მისი განხორციელებისთვის საჭირო გახდება, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანონ არა მხოლოდ პოლიტტექნოლოგთა რაზმი, არამედ რესპუბლიკაში დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი. ამასთან, საგანგებო მდგომარების გამოცხადება აუცილებელი არ არის. ისევე როგორც ამას არ აკეთებდნენ ჩეჩნეთში, სადაც “თავისუფალი ნების გამოვლენა” არაერთხელ შეიმჩნეოდა.”

18 ოქტომბრის “ნეზავისიმაია გაზეტას” თქმით, “ხაჯიმბას დამცველთა რიცხვი სულ უფრო მცირდება”. გაზეთი წერს: “...აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხმაურიანი გადადგომა, როგორც ჩანს, არ იქნება უკანასკნელი. მოქმედი პრეზიდენტი არძინბა პარლამენტისგან ითხოვს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის რაუფ კორუას თანამდებობიდან გათავისუფლებას. არძინბას მთავარი პრეტენზიების არსი შემდეგშია: “კორუას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია აფხაზეთის კონსტიტუციისა და კანონების უხეშ დარღვევებზე.”
გაზეთის თქმით, “მოქმედმა პრეზიდენტმა არ აპატია გენერალურ პროკურორს გამოსვლა სოხუმის მიტინგზე, სადაც მან ღიად განაცხადა ოპოზიციის მხარეზე გადასვლის შესახებ.”

19 ოქტომბრის ინტერნეტგაზეთი “სტრანა” წერს, რომ “პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტი გამოვიდა მოწოდებით, არ მოხდეს უზენაეს სასამართლოზე ზეწოლა პრეზიდენტობის კანდიდატ ხაჯიმბას სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ორშაბათს მიღებულ განცხადებაში დეპუტატებმა უზენაეს სასამართლოს შესთავაზეს, რომ “დაჩქარებულ იქნეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებზე შემოსული საჩივრების განხილვა და მიღებულ იქნეს საბოლოო გადაწყვეტილებები.”
XS
SM
MD
LG