Accessibility links

აშშ-ის გარეთ ხალხის გამოკითხვები აჩვენებს, რომ კერის მეტი ემხრობა, ვიდრე ბუშს


ვაშინგტონის ტრადიციული მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეთა თვალში შეერთებული შტატების პრესტიჟი

შელახულია. ამას დაასკვნიან ავსტრალიაში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ისრაელში, იაპონიაში, რუსეთში, ესპანეთში, მექსიკასა და სამხრეთ კორეაში ჩატარებული გამოკითხვების ორგანიზატორები. ჩამოთვლილი ათი ქვეყნიდან რვაში გამოკითხულთა უმრავლესობას ურჩევნია, რომ აშშ-ის საპრეზიდეტო არჩევნებში ჯონ კერიმ გაიმარჯვოს. ჯორჯ ბუშს მხოლოდ ორ ქვეყანაში, რუსეთსა და ისრაელში უჭერენ მხარს. ამასთან დაკავშირებით დავით კაკაბაძე ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებებს გაგაცნობთ.

კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი ცენტრის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროგრამაში ანალიტიკოსად მუშაობს მარინა ოტეუეი. ის რამდენიმე ასპექტს გამოყოფს და, ერაყში ომთან ერთად, ასახელებს ფოლადის ტარიფების საკითხს, აგრეთვე კიოტოს ოქმიდან და ანტიბალისტიკური რაკეტების ხელშეკრულებიდან ბუშის გამოსვლას. ოტეუეი ამობს, რომ საგარეო პოლიტიკაში ბუშის მიერ არჩეულ უნილატერალურ კურსს მსოფლის სხვადასხვა ქვეყანაში თვით ამერიკას მეტ პრობლემას შეუქმნის, ვიდრე მოუგვარებს. მაგალითად თუნდაც ერაყში მიმდინარე სისხლისღვრა გამოდგება:

[მარინა ოტეუეის ხმა] “ევროპელები ვერაფრით ვერ იზიარებენ ამ პოზიციას. ბუში ცდილობს, სიმტკიცის იმიჯი შეიქმნას, ეს კი ევროპელებს არ მოსწონთ, რადგან, ჩემი აზრით, მათ ბუში შეიძლება მტკიცედაც მიაჩნდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამოცანების უმრავლესობას ის თავს ვერ ართმევს.”

გამოკითხვები, როგორც ითქვა, ათ ქვეყანაში ჩატარდა. გამოკითხულთა უმრავლესობა მათგან მხოლოდ ორში ამჯობინებს პრეზიდენტად ბუშის დარჩენას. ეს ქვეყნებია რუსეთი და ისრაელი. ოტეუეის განმარტებით, ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რატომ ემხრობიან ბუშს ისრაელში - ვაშინგტონი ხომ აქტიურად უჭერს მხარს ისრაელის მთავრობის პოლიტიკას. აი, რუსეთში კი გამოკითხვის ასეთი შედეგი, ამერიკელი ექსპერტის აზრით, ძნელი ასახსნელია:

[მარინა ოტეუეის ხმა] “ვფიქრობ, რუსეთის შემთხვევა უფრო საინტერესოა, რადგან ბუშს რუსეთისთვის კონკრეტული არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მას დიდად არც გაუკრიტიკებია რუსეთი ჩეჩნეთის საკითხში. ანუ ბუში გარკვეულწილად მზად არის, დაიჯეროს არგუმენტი, რომ ჩეჩნეთის ომი ტერორიზმთან ომის ნაწილია და რუსებს ისევე აქვთ უფლება, გამოიჩინონ სიმტკიცე, როგორც შეერთებულ შტატებს.”

მარინა ოტეუეი დაასკვნის, რომ ბუშის ამგვარი პოლიტიკა ყველაზე მეტად რუსეთის პრეზიდენტს აძლევს ხელს.

რადიო "თავისუფლების" კიდევ ერთი რესპონდენტია წარმოშობით სირიელი მურჰაფ ჯოუეჯათი - ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი. ჯოუეჯათის აზრით, ისრაელი-პალესტინის სამშვიდობო პროცესში ბუში ყოველთვის ეფექტიანად როდი ერეოდა. მისივე თქმით, “გზამკვლევად” წოდებული სამშვიდობო პროგრამის განხორციელების გადადებით ბუშის ადმინისტრაციამ ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს საშუალება მისცა, გეგმისადმი შენიშვნები გამოეთქვა.

[მურჰაფ ჯოუეჯათის ხმა] “შარონის შენიშვნების ფონზეც, ბუშის ადმინისტრაციას არასოდეს უაქტიურია ამ გეგმის, ანუ ბუშის პროექტის განხორციელებისთვის. ის ორი ქვეყნის შეთანხმებაა, ისე, რომ პრეზიდენტ ბუშისა და პრემიერ შარონის ურთიერთობაში, ჩემი აზრით, სრული თანხმობა, სრული ჰარმონია სუფევს.”

თუმცა, ჯოუეჯათი დასძენს, რომ ეს სულაც არ ნიშნავს, ისრაელის მოქალაქეებს კერი არ მოსწონდეთ. მათ კარგად ახსოვთ სენატორის არაერთი ნათქვამი, რომელშიც კერიმ ისრაელისადმი მხარდაჭერა გამოხატა. მაგრამ ისრაელები ბუშს მხარს ახლა იმიტომ უჭერენ, რომ ახლანდელმა პრეზიდენტმა დაამტკიცა, რომ მათ საქმეს ემხრობა.

მიკროფონთან იყო დავით კაკაბაძე. მე კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ათი ქვეყნიდან, სადაც გამოკითხვები ჩატარდა, ისრაელი და რუსეთი ორად ორი სახელმწიფო აღმოჩნდა, რომელთა მოქალაქეებს ჯორჯ ბუშის პრეზიდენტად დარჩენა სურთ. დანარჩენ რვა ქვეყანაში მოწყობილმა გამოკითხვებმა დაადასტურა, რომ მათი მოსახლეობის უმრავლესობა ბუშს მხარს არ უჭერს. ეს ქვეყნებია: ავსტრალია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია, ესპანეთში, მექსიკა და სამხრეთი კორეა.
XS
SM
MD
LG