Accessibility links

logo-print

ვინ იზრუნებს ფსიქიკურ ავადმყოფებზე?


16 ოქტომბერს თბილისში, შარდენის ქუჩაზე, ფსიქიკური რეაბილიტაციის ცენტრის მესვეურებმა ტრადიციული აქცია გამართეს: ყოველ წელს, ოქტომბერში,

ქართველი ფსიქიატრები და მათი ყოფილი პაციენტები ქუჩაში გამოდიან და საზოგადოებისგან, ხელისუფლებისგან დახმარებასა და თანაგრძნობას ითხოვენ. თუმცა წლევანდელი აქცია ოდნავ განსხვავებულად ჩატარდა. როგორც აქციის ორგანიზატორმა, ფსიქიკური რეაბილიტაციის ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მანანა შარაშიძემ, განაცხადა, ამჯერად ქართველმა ფსიქიატრებმა ხელისუფლებას კონკრეტული მოთხოვნები წაუყენეს:


[მანანა შარაშიძის ხმა] “ჩვენ ამას ვატარებთ რამდენიმე წელია და ვლაპარაკობთ ზოგად პრობლემებზე. წელს დავისახეთ მიზნად ვილაპარაკოთ კონკრეტულ პრობლემაზე... ამ აქციების შორეული მიზანია, რომ ფსიქიკურად დაავადებულების ინტეგრაცია მოხდეს საზოგადოებაში. ახლა იყო კონკრეტული მიზანი – შეგროვდეს თანხა და ეს თანხა მოხმარდეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სანიტარული პირობების გაუმჯობესებას.”

მანანა შარაშიძე რადიო “თავისუფლებას” აქციის დასრულების შემდეგ ესაუბრა. ქართველი ფსიქიატრი კმაყოფილი იყო: ყოფილმა პაციენტებმა გადალახეს სირცხვილის გრძნობა, გაბედეს და გამოვიდნენ ქუჩაში, სადაც თავიანთი ნახატები, მხატვრულად გაფორმებული კალენდრები გამოიტანეს... მანანა შარაშიძის თქმით, შარშანდელი აქცია უფრო გამოფენა-გაყიდვას ჰგავდა... წელს აქციამ საქველმოქმედო ხასიათი შეიძინა:

[მანანა შარაშიძის ხმა] “შარშან რაც გაიყიდა, პირდაპირ პაციენტთან რჩებოდა. წელს ვუამბეთ ამ პრობლემების შესახებ. ბევრი პაციენტი იყო, რომელიც იწვა ფსიქიატრიულში და იცის ეს პრობლემა. ამიტომ ჩვენ მათ შევთავაზეთ: როგორც გინდათ, თუ გნებავთ მიიღეთ მონაწილეობა... – ძალიან ბევრმა პაციენტმა გამოთქვა სურვილი დაეხმაროს მას, ვინც წევს... ეს არის გამბედაობა – ამით მან დაანახვა საზოგადოებას, რომ ფსიქიკურად დაავადებულია, არ შერცხვა ამის, მაგრამ სხვებზეც იზრუნა... ვერ გავამტყუნებ იმ ადამიანებს, რომლებიც არ გამოვიდნენ, რადგან მათ ძალიან ეშინიათ საზოგადოების დამოკიდებულების – ამ სტიგმის.”(სტილი დაცულია)

სტიგმა - დამღა, აკვიატებული აზრი, რომელიც ფსიქიკურად დაავადებულების ან ფსიქიატრიული კლინიკების ყოფილი პაციენტების მიმართ უჩნდებათ ხოლმე, საზოგადოების პრობლემაა. ამიტომ ფსიქიკური რეაბილიტაციის ცენტრის მიერ ორგანიზებული საკვირაო აქციის მთავარი ადრესატი ხალხი იყო - მათ შორის, ხელისუფლებაც, რომელსაც ხალხი ირჩევს:

[მანანა შარაშიძის ხმა] “ჩვენ გვინდა შევახსენოთ ახალ ხელისუფლებას და საზოგადოებას, რომ ფსიქიკურად დაავადებულები არიან მძიმე დღეში. საზოგადოებამ ესეც უნდა გაიგოს, რომ ფსიქიკური დაავადება არ გამორიცხავს ნიჭიერებას, ოღონდ არ უნდა გადავარდეს უკიდურესობაში, რომ ყველა ნიჭიერი ადამიანი და ყველა გენიოსი იყო ფსიქიკურად შერეკილი.”

საქართველოში დღეს 80 ათასი ადამიანია აღრიცხული სხვადასხვა სახის ფსიქიკური დაავადებით. უამრავი ადამიანია ისეთი, ვისაც ფსიქიკა მოშლილი აქვს, მაგრამ ექიმთან მისვლის საშუალება ან არა აქვს, ან, უბრალოდ, ვერ ბედავს. მანანა შარაშიძის თქმით, უახლოეს ხანში ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს კიდეც. იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მოსახლეობის სულიერი მდგომარეობა მძიმდება, თუმცა ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლება ფსიქიკურად დაავადებულების მიმართ ვერ იცლის – დამატებითი თანხის გამოყოფა ფსიქიატრიის განვითარებისა და ფსიქიატრიული კლინიკების კეთილმოწყობისთვის ისევ ვერ ხერხდება:

[მანანა შარაშიძის ხმა]“ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში სოციალურ-სტრესული დაავადებების, თვითმკვლელობების, ფსიქო-სომატური დაავადებების რიცხვი ძალიან გაზრდილია და ფსიქიატრიას და ადამიანის ფსიქიკას სჭირდება მიხედვა.”

ჩენი საუბრის დასასრულს ფსიქიატრი მანანა შარაშიძე ჰოლანდიის ერთ ფსიქიატრიულ კლინიკას იხსენებს. იქ პალატები კომპიუტერებითაა აღჭურვილი. როცა კომპიუტერი ფუჭდება, კლინიკის ტექნიკური პერსონალი ვალდებულია “მანქანა” ერთ საათში შეაკეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტები ბუნტს ატეხენ.

საქართველოში ის ხალხი, ვისაც ფსიქიკა აქვს მოშლილი, კომპიუტერს არ ითხოვს. ამ ადამიანებს ელემენტარული საარსებო პირობები არა აქვთ, მაგრამ ბუნტს, როგორც ჩანს, არავინ აპირებს... შესაბამისად, მათი არავის ეშინია.
XS
SM
MD
LG