Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით განსხვავდება 2005 წლის ბიუჯეტის პროექტი ძველი ბიუჯეტებისგან


საქართველოში საგადასახადო კოდექსის შეცვლასთან ერთად ბუნებრივად იცვლება ქვეყნის ეკონომიკური გარემოც და, შესაბამისად, საბიუჯეტო-საფინანსო პრიორიტეტებიც.

ეკონომიკის ექსპერტების აზრით, ეს ყველაფერი ასახული უნდა იყოს 2005 წლის ბიუჯეტის პროექტში. იგი უახლოეს ხანებში საქართველოს პარლამენტის სესიის მსჯელობის საგნად იქცევა, თუმცა პარლამენტართა განცხადებებიდან ჩანს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტის პროექტს დიდი წინააღმდეგობები შეხვდება. დეპუტატებზე უფრო კრიტიკულნი არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. რატომ?

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოსული ხელისუფლება თავს იმით იწონებს, რომ, გასული წლებისგან განსხვავებით, ქვეყნის ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება და რომ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა მოწესრიგდა. ასეთი ტენდენციის პირობებში 2005 წლის ბიუჯეტის პროექტისგან ხელისუფლების მიმართ კონსტრუქციულად განწყობილი ექსპერტები გაცილებით მეტს მოელოდნენ, ვიდრე სინამდვილეში აღმოჩნდა. იმის საჩვენებლად, თუ რით განსხვავდება 2005 წლის ბიუჯეტის პროექტი 2004 წლის ან წინა წლების ბიუჯეტისგან, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ სპეციალური პრეზენტაცია მოამზადა.

[თენგიზ შერგელაშვილის ხმა] ”ძალიან სამწუხაროდ, ჩვენდა სამწუხაროდ, პროექტი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდით.”

ეს გახლდათ ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თენგიზ შერგელაშვილი. მან ერთ-ერთ მთავარ ჩავარდნად სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდთან - ეგრეთ წოდებულ საპენსიო ფონდთან - დაკავშირებული გაურკვევლობა დაასახელა.

2005 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო ფონდი გაუქმებულად ცხადდება და ჯერჯერობით კარგად არავინ იცის, - მათ შორის, არც საპენსიო ფონდში, - თუ ვინ შეასრულებს მათ ფუნქციებს.

[თენგიზ შერგელაშვილის ხმა] ”ნათლად არ ჩანს, რას აპირებს მთავრობა ამ სფეროში...”

საპენსიო ფონდის გარდა, ბიუჯეტის პროექტში სხვა ბევრი საკითხიც ბუნდოვანია. მაგალითად, ის, თუ რატომ გაიზარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტრანსფერი 46 მილიონ ლარამდე და რატომ შემცირდა სხვა რეგიონების დაფინანსება.

ბუნდოვანია ისიც, თუ რას ეყრდნობა მთავრობის ოპტიმიზმი, როდესაც ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილს ასობით მილიონი ლარით ზრდის, მაშინ როდესაც, ახალი საგადასახადო კოდექსით, უამრავი გადასახადის მოცულობა მცირდება. როგორც ახალგაზრდა ეკონომისტები ამბობენ, წინა წლებში ბიუჯეტის კანონპროექტში, მიუხედავად მისი სისუსტეებისა, დეტალურად იყო განმარტებული მთავრობის ოპტიმიზმის საფუძველი და თან ერთვოდა შესაბამისი გაანგარიშებები. ახალი ბიუჯეტის პროექტი ამ მხრივაც მოიკოჭლებს.

[თენგიზ შერგელაშვილის ხმა] “ახალ პროექტში არ ჩანს, საით მიდის მთავრობა. მასში მხოლოდ გაზრდილი თანხები ჩანს.”

ეს იყო თენგიზ შერგელაშვილი, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ლიდერი. მან მომავალი წლის ბიუჯეტის კანონპროექტში ვერაფრით ვერ დაინახა, თუ რა შედეგზეა გათვლილი ქვეყნის მთავარი საფინანსო კანონი.
XS
SM
MD
LG